პოლიტოლოგები მე-19 საუკუნის ეროვნული მოძრაობების ერთიან კონტექსტში შესწავლას იწყებენ

თარიღი: 2025-04-04 12:49:36

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსებაში მოხვდა თსუ-ს მეცნიერთა კიდევ ერთი პროექტი – „ანტიიმპერიული მოძრაობები და თანამედროვე ეროვნული იდენტობის ფორმირება საქართველოში 1860-იანი წლებიდან 1917 წლამდე“.

პროექტი სამწლიანია და მასში ჩართულნი არიან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულების მეცნიერ-მკვლევრები და დოქტორანტები: ზვიად აბაშიძე (ასოცირებული პროფესორი; პროექტის ხელმძღვანელი); გიგი  ბერიძე (პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი),  ნინო მაისურაძე (პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი), ნათია ზედგინიძე (დოქტორანტი). პროექტში ჩართულია, ასევე, ისტორიკოსი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე.

პროექტის მიზანია – შეისწავლოს მე-19 საუკუნის ქართული  ეროვნული მოძრაობები და ერთიან ჭრილში განიხილოს მათი გავლენა 1918 წლის მოვლენებზე. „რეალურად, ყველა ეს მოძრაობა, მათ შორის, სამოციანელთა თუ სოციალ-დემოკრატთა, იყო ანტიიმპერიალისტური მოძრაობა, რომელიც შინაგანად რუსეთის იმპერიის ან გარდაქმნას, ან დამხობას მოითხოვდა, თუმცა გარეგნულად ზოგი აქტიურად გამოხატავდა მიზანს, ზოგიც – შედარებით ზომიერად.  ამ პროცესმა წარმოშვა, თანამედროვე გაგებით, ქართველი ერი, როგორც პოლიტიკური ორგანიზმი, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრიობის განცდა, ერი, როგორც კოლექტიური ქმედების ორგანიზმი და არა, უბრალოდ, საქართველოს ტერიტორიაზე  მცხოვრები ხალხი, რომელიც ფლობს ქართულ ენას ან კულტურას.

დასავლეთში მე-19 საუკუნის ისტორია ისწავლება როგორც „თანამედროვეობის მასობრივად გავრცელების, ერების გააზრების ეტაპი“. საქართველოშიც, ცოტა განსხვავებულად, მაგრამ ზუსტად ეს პროცესი მიმდინარეობდა და  ეროვნულ მოძრაობებში აისახებოდა.  ჩვენ ვეცდებით, შევისწავლოთ – რამდენად შესაძლებელია ამ მოძრაობების ერთ კონტექსტში დანახვა. რას ვგულისხმობთ ამაში? მაგალითად, სოციალ-დემოკრატები, თითქოს, ილია ჭავჭავაძესთან და სამოციანელებთან დაპირისპირებულები ჩანან, მაგრამ, ამავე დროს, მათი ლიდერები წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებიც არიან და საერთო საქმესაც აკეთებენ. ეს საერთო საქმე – ერის იდეის გააზრება – არის სწორედ მათ შორის გადაკვეთის წერტილი, რადგან იმაში ორივე მხარე თანხმდება,  რომ ვართ ქართველები და გვსურს არა ეთნოგრაფიულ ხალხად დარჩენა, არამედ პოლიტიკურ ორგანიზმად გადაქცევა ავტონომიის ან რაღაც სხვა სახით. 1918 წლის მოვლენები და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება სწორედ ამ მოძრაობების გაგრძელებაა და პროექტის მიზანიც ესაა – დავაკავშიროთ ისინი ერთმანეთთან, ვიპოვოთ შეხების წერტილები და შემდგომ უკვე გავიაზროთ – რამდენადაა ამ მოძრაობების იდეები დღეს შენარჩუნებული – იგივე სახით შემოგვრჩა თუ ტრანსფორმაცია განიცადა, გვინდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდა საქართველოში ადამიანის მოქალაქედ გარდაქმნის პროცესი“, – აღნიშნა  ჩვენთან საუბარში პროექტის ხელმძღვანელმა ზვიად აბაშიძემ.

პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნება მე-19 საუკუნის პრესის არქივი. შედეგები გამოქვეყნდება მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში, ასევე  გამოიცემა მონოგრაფია, რომელსაც დაერთვება ინგლისურენოვანი რეზიუმე.

Facebook
Twitter
LinkedIn