მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85 წლისთავისადმი მიძღვნილი მასშტაბური სამეცნიერო კონფერენცია

თარიღი: 2026-07-17 13:15:43

5 ივნისს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85 წლისთავისადმი მიძღვნილ მასშტაბურ სამეცნიერო კონფერენციას. ფორუმმა თავი მოუყარა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და სტუდენტებს, რომლებმაც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე თანამედროვე კვლევები და მათი შედეგები წარადგინეს.

კონფერენციის მთავარი მიზანი იყო არა მხოლოდ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიული როლის წარმოჩენა, არამედ იმ უწყვეტი სამეცნიერო ტრადიციის ხაზგასმა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ეროვნულ აკადემიას უკვე ათწლეულებია აკავშირებს. შეხვედრაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფუძნება საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული მონაპოვარია. მისი შექმნის იდეა სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გასული საუკუნის 20–30-იანი წლების წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ბაზაზე ჩამოყალიბდა.

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ეროვნული აკადემია საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ტრადიციის ბუნებრივი გამგრძელებელია. იგი გელათისა და იყალთოს ისტორიული აკადემიების ღირსეულ სამართალმემკვიდრედ მიიჩნევა, ხოლო მის დაფუძნებას საფუძველი ჩაუყარეს მსოფლიო დონის ქართველმა მეცნიერებმა: ნიკოლოზ მუსხელიშვილმა, ივანე ბერიტაშვილმა, აკაკი შანიძემ, გიორგი ახვლედიანმა, სიმონ ჯანაშიამ, ალექსანდრე ჯავახიშვილმა, ნიკოლოზ კეცხოველმა, გიორგი ჩუბინაშვილმა, კორნელი კეკელიძემ, დიმიტრი უზნაძემ, ალექსანდრე ჯანელიძემ და სხვა გამორჩეულმა მოღვაწეებმა. სწორედ მათ მიერ შექმნილმა სამეცნიერო სკოლებმა განსაზღვრა ქართული მეცნიერების განვითარება და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მისი ღირსეული ადგილის დამკვიდრება.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი პეტრე ბაბილუა. მისი განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის არსებული ისტორიული თანამშრომლობა დღესაც აქტიურად გრძელდება და ეს კონფერენცია სწორედ ამ ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. დეკანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსგავსი სამეცნიერო ფორუმები ხელს უწყობს თაობათა შორის გამოცდილების გაზიარებას, ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერასა და ახალი კვლევითი ინიციატივების წარმოჩენას.

საკონფერენციო დღის განმავლობაში მუშაობდა რვა სექცია: მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, გეოგრაფიისა და გეოლოგიის მიმართულებებით. თითოეულ სექციაში წარმოდგენილი იყო თანამედროვე მეცნიერების აქტუალური პრობლემები, ინოვაციური კვლევები და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო შედეგები.

ფორუმზე წარმოდგენილი 120-მდე მოხსენება ასახავდა როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი მეცნიერებების უახლეს მიღწევებს. მოხსენებებმა მოიცვა მრავალფეროვანი თემატიკა მათემატიკური მოდელირებიდან და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებიდან დაწყებული, გარემოსდაცვითი კვლევებით, ბიოტექნოლოგიებითა და გეოლოგიური პროცესების ანალიზით დასრულებული. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ერთმანეთის კვლევებს, ემსჯელათ თანამედროვე სამეცნიერო გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სტუდენტთა აქტიური მონაწილეობა იყო. ახალგაზრდა მკვლევრებმა თავიანთი ნაშრომები გამოცდილ მეცნიერებთან ერთად წარადგინეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალ მეცნიერთა მომზადების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად რჩება. დისკუსიებმა ნათლად წარმოაჩინა თაობათა თანამშრომლობისა და სამეცნიერო მენტორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია კიდევ ერთხელ გახდა მეცნიერების, განათლებისა და აკადემიური თანამშრომლობის ერთიანობის დემონსტრირება. ფორუმმა წარმოაჩინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორც ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის, განსაკუთრებული როლი ქართული მეცნიერების განვითარებაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა მომავალშიც მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინიციატივებისა და ახალი აღმოჩენების საფუძველი იქნება.

Facebook
Twitter
LinkedIn