ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მეთერთმეტე საფაკულტეტო კონფერენცია  გაიმართა

თარიღი: 2023-02-09 13:48:32

თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მეთერთმეტე საფაკულტეტო კონფერენცია  7 თებერვალს პლენარული სესიით დაიხურა. წლევანდელი კონფერენცია პანდემიის შემდეგ რეალურ სივრცეში პირველად 105 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

სესიას წინ უძღოდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეპარტამენტების სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი პოსტერების გამოფენა. თითოეული პოსტერი ნათლად წარმოაჩენდა მიმართულებების სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობას კვლევებსა და გამოყენებით  სამეცნიერო პროექტებში, ასევე გამოქვეყნებული ნაშრომების რაოდენობას მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მანანა ხაჩიძეს მიაჩნია, რომ ფაკულტეტს და მასში შემავალ დეპარტამენტებს აქვს მონაცემები, რომლითაც შეიძლება თავი მოიწონონ. მათ შორის არის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი, რომელიც, გარდა ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერებებში შექმნილი ნაშრომებისა და სხვადასხვა ფონდიდან მიღებული გრანტებისა, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმესაც აკეთებს. „ჩვენი დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული საგრანტო კონკურსებში და წელსაც, ტრადიციულად, ჩვენმა პროფესორმა გია სირბილაძემ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორი გრანტი მოიპოვა ერთი ფუნდამენტურ კვლევებში, ხოლო მეორე დარგთაშორის კვლევებში მათემატიკოსებთან ერთად.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი დეპარტამენტი, თსუ-ს ენების ცენტრის ჯგუფთან და ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ერთად,  ძალიან საჭირო და საინტერესო პროექტის განხორციელებაშია ჩართული. ეს დაკავშირებულია  ქართული ენის ლექსიკოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შექმნასთან.  ტექნიკურად უკვე გაკეთებულია პირველი ბაზა  ქართულ-ინგლისური ლექსიკონისთვის და უკვე ამ სემესტრიდან დავიწყებთ მონაცემების შეტანას. ეს იქნება პირველი ლექსიკონი, რომელიც იქმნება ISO სტანდარტის მიხედვით.

რადგანაც ერთი ლექსიკონი შეიქმნება, შემდგომ უკვე ამის საფუძველზე გაკეთდება სხვა ენების თარგმნითი ლექსიკონები და ყველა მათგანი გაერთიანდება  ერთიან სისტემაში. ეს არის მნიშვნელოვანი, საშური და მართლაც საშვილიშვილო საქმე, რომელშიც ჩართულნი არიან ჩვენი და ასევ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, მკვლევრები და დოქტორანტები“, – გვითხრა მანანა ხაჩიძემ.

პლენარული სესია გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი არის სტრატეგიული ფაკულტეტი და მეცნიერების მთავარი საძირკველი და შემოქმედი. „ძალიან კარგად ვიცი, რა შრომაა ჩადებული თითოეული იმ კვლევის უკან, რომელსაც ამ ფაკულტეტზე ქმნიან ჩვენი მეცნიერები. ვამაყობ, რომ სწორედ თქვენი  ფაკულტეტის პროფესურასთან  ერთად შევქმენით შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ისეთი კონკურსი, როგორიცაა STEM – მიზნობრივი პროგრამა საინჟინრო,ტექნოლოგიურ  და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნი-ერებებში  კვლევითი პროექტების ხელშეწყობისთვის და 30-მდე პროექტი დაფინანსდა მათემატიკის,  ფიზიკის, ბიოლოგიის მიმართულებიდან. ამაყი ვარ იმითაც, რომ მთლიანად შევცვალეთ საგრანტო დაფინანსების სისტემა, რომელმაც საშუალება მოგვცა – წინა პლანზე წამოწეულიყო ისეთი სტრატეგიული დარგები, როგორცა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები – ბიოლოგია და მედიცინა. შედეგად, აქაც საინტერესო პროექტები დაფინანსდა. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, მიმაჩნია, რომ საერთაშორისო და ეროვნულ სამეცნიერო ფონდებთან და კოლაბორაციებთან ერთად  უნდა წახალისდეს შიდა – საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსებიც, რომ მეცნიერებს მიეცეთ მოტივაცია რაც შეიძლება მნიშვნელოვანი კვლევების შექმნისთვის“, – აღნიშნა აკადემიკოსმა, თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ. მან ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის მიმართულების ინიციატივას პროფესორ  ელიზბარ ნადარაიას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წარდგენის თაობაზე. „ეს იქნება მთელი ფაკულტეტის და უნივერსიტეტის წარმატება, რადგან  ბატონი ელიზბარი არის მსოფლიო მასშტაბის მკვლევარი და მეცნიერი“, – თქვა მან.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ვაჟა ტრაპაიძემ აღნიშნა, რომ ფაკულტეტის სტუდენტური კონფერენცია, რომლის შემაჯამებელი სხდომაც უნივერსიტეტის 105 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, ყოველწლიურია და მასზე ტრადიციულად მაღალი დონის სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომებია წარმოდგენილი. „დღეს აქ მოვისმენთ რვა მოხსენებას – ესენია გამარჯვებული მოხსენებები ფაკულტეტში შემავალი დეპარტამენტებიდან. გვიხარია, რომ პანდემიის შემდეგ ისევ მოვახერხეთ და სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმომადგენლობით სამეცნიერო აუდიტორიას გააცნონ თავიანთი კვლევები“,  – აღნიშნა ვაჟა ტრაპაიძემ.

 * * *

პლენარულ სესიაზე წარმოდგენილი იყო კონფერენციაზე გამარჯვებული მოხსენებები ყველა მიმართულებიდან.

მათემატიკის დეპარტამენტის მაგისტრანტმა ნიკა არეშიძემ წარმოადგინა მოხსენება „დირიხლეს ინტეგრალების კრებადობის ზოგიერთი საკითხი“. ნაშრომი კვლევითი ხასიათისაა, შესწავლილია რ. ტაბერსკის მიერ შემოღებული დირიხლეს განზოგადებული ინტეგრალების წერტილოვანი და თანაბრად კრებადობის საკითხები, კერძოდ დამტკიცებულია ლებეგის კრიტერიუმის ანალოგი დირიხლეს განზოგადებული ინტეგრალებისთვის, აგრეთვე დამტკიცებულია ა.ზახაროვის თეორემის ანალოგი ტაბერსკის გაწარმოებული კერძო ჯამების წერტილოვანი და თანაბარი კრებადობის შესახებ.

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტიდან სესიაზე წარმოდგენილი იქნა ბაკალავრიატის  მესამე  კურსის სტუდენტების ილია ყიფშიძისა და დავით მელიქიძის ერთობლივი ნაშრომი: „დაპროგრამების ტექნოლოგიებში ჩადგმული შემთხვევითი რიცხვების გენერატორების სტატისტიკური ტესტირება”. ნაშრომში შემუშავებულია სტატისტიკური ტესტირების პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც მოწმდება პროგრამულ ტექნოლოგიებში (როგორებიცაა: C++, Java, C#, Python, PHP, GO, Javascript) ჩადგმული არითმეტიკული გენერატორები დამოუკიდებლობაზე, თანაბარ განაწილებასა და კორელაციის ხარისხზე. კვლევის შედეგად მიღებული შედეგების საფუძველზე მათ დაასკვნეს, რომ  მილიონელემენტიანი შერჩევებისთვის ერთი ცალსახად უპირატესი ენა არ ვლინდება. ზოგიერთი გენერატორი კარგად გადის თანაბრობაზე ტესტს, თუმცა დამოუკიდებლობაზე ჩამორჩება დანარჩენს და ა.შ. მიმდევრობის ზომის ზრდასთან ერთად კი, მილიარდელემენტიანი შერჩევებისთვის, დამოუკიდებლობისა და კორელაციის შეფასების ტესტს ყველაზე წარმატებით გადის Python, ხოლო თანაბრობაზე კი – Java.

ფიზიკის დეპარტამენტი წარმოადგინა მაგისტრანტმა ანი გირგვლიანმა თემით: „ანალოგიები დნმ-ისა და ელემენტარული ნაწილაკების კოდირების სისტემებს შორის“. მოხსენებაში ერთმანეთთან შედარებულია დნმ-ისა და ფუნდამენტური ფერმიონების სტრუქტურები. ორივე  შემთხვევაში დაიკვირვება სამ და ოთხ ელემენტიანი დაყოფა, რაც რვა განზომილებიანი სპლიტ-ალგებრის სიმეტრიაა. განხილულია ანალოგიები გენეტიკური კოდისა (რომელიც მოცემულია სამი ნუკლეოტიდური ბაზების შემცველი კოდონებით) და ყველა შესაძლო ბარიონის (კვარკების ტრიპლეტების) სტრუქტურების თავისებურებებს შორის. ისევე, როგორც გენეტიკურ კოდში, 21 სხვადასხვა ამინომჟავის მაკოდირებელი კოდონების გადაგვარება გვაქვს, ადრონების შემთხვევაშიც იკვეთება 4 შედარებით მსუბუქი კვარკისგან აგებული 21 ძირითადი ბარიონი, სპინის მნიშვნელობათა გადაგვარებით. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ხილული მატერია, რომელიც წარმოდგენილია ნაწილაკებით და ინფორმაციის ბიტების საშუალებით, შესწავლის საშუალებას იძლევა, სამყაროს სულ 5%-ს წარმოადგენს, რაც შეესაბამება დნმ-ში ჩვენთვის ნაცნობი ფორმით სიცოცხლის შექმნაზე პასუხისმგებელ ინფორმაციის წილს.

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტის მაგისტრანტმა გიორგი კორკოტაძემ თანაავტორებთან ანი მამნიაშვილთან და ალექსანდრე კვირიკაძესთან ერთად წარმოადგინა „ადამიანის ვირტუალური სამგანზომილებიანი მოდელის პოზირება და მასზე დაბალსიხშირული მაგნიტური ველის ზემოქმედების ანალიზი“. მკვლევრების დაკვირვებით, ელექტრომაგნიტურ ველებს ცოცხალ ორგანიზმებზე ზემოქმედებისას შესაძლოა ჰქონდეს უარყოფითი გავლენა. შესაბამისად, ნებისმიერი ელექტრომოწყობილობის შექმნისას მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს ამ ზემოქმედების ფაქტორი. ცოცხალ ორგანიზმებზე ელექტრომაგნიტური ველების მოქმედების ანალიზი შესაძლოა განხორციელდეს ორი გზით: პირველი ეს არის უშუალოდ ექსპერიმენტის ჩატარება, ხოლო მეორე საშუალებას წარმოადგენს კომპიუტერული სიმულაცია. როცა საკითხი ეხება ადამიანის ორგანიზმს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უმჯობესია უარი ვთქვათ რეალურ ექსპერიმენტზე და გამოვიყენოთ სრულიად უსაფრთხო მიდგომა – კომპიუტერული სიმულაცია. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი წამყვანი კომპანია და უნივერსიტეტი მუშაობს აღნიშნული მიმართულებით და ისინი ვირტუალური მოდელირებისთვის იყენებენ სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას. „ჩვენს პროექტში მოდელირებისთვის გამოვიყენეთ EMCoS Studio-ს პროგრამული პაკეტი და მისი დაბალსიხშირული მაგნიტური ველის ამომხსნელი LFMF (Low-Frequency-Magnetic-Field). საბაკალავრო პროექტის ფარგლებში ჩვენ მოვიპოვეთ ადამიანის ვირტუალური მოდელი, ასევე უზრუნველვყავით მათი დამუშავება და მოდელს მოვარგეთ ინდივიდუალური სკელეტონი, რისი გამოყენებითაც შესაძლებელია მოდელის ფიზიკური მდგომარეობის შეცვლა (უზრუნველყოფს ისეთ მოდელს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ამოცანებში). ასევე გავითვალისწინეთ ორგანოთა დიელექტრიკული მახასიათებლები, რათა მოდელი რეალისტურად დაგვემოდელირებინა.  საბოლოოდ, პროექტის ფარგლებში, ჩავატარეთ რამდენიმე რიცხვითი ექსპერიმენტი და შედეგები გავაანალიზეთ საერთაშორისო ICNIRP-2010 სახელმძღვანელოს მიხედვით. საყურადღებოა ისიც, რომ შევქმენით MATLAB სკრიპტი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მოახდინოს პოზირებული მოდელების ვიზუალიზაცია“, – თქვა გიორგი კორკოტაძემ.

ქიმიის დეპარტამენტიდან  ბაკალავრიატის  სტუდენტმა  ანი გამყრელიძემ წარმოადგინა „რაჭის მინერალური წყლების ჰიდროქიმიური გამოკვლევა“. „რაჭა დასავლეთ საქართველოს რეგიონია, რომელიც მდინარე რიონის ზედა ხეობაში მდებარეობს. იგი გამოირჩევა ჰიდრორესურსების, მათ შორის, მინერალური წყლების სიმრავლით. რეგიონში 50-მდე სხვადასხვა შემადგენლობის მინერალური წყაროა იდენტიფიცირებული, რომელთა უმეტესობაც კურორტ უწერის ტერიტორიაზეა. ზოგიერთ წყაროს სამკურნალო თვისებებს მიაწერენ, როგორიცაა საკვების მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ქრონიკული ანთებისა და სახსრების ტკივილის შემსუბუქება და ა.შ. რაჭაში ადრე რამდენიმე ბალნეოლოგიური კურორტი ფუნქციონირებდა. რაჭის მინერალური წყლები სასმელად ხშირად გამოიყენება როგორც ტურისტების, ისე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. მიუხედავად ამისა, მათი შემადგენლობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ წყაროების ჰიდროქიმიური მახასიათებლების დადგენა, რათა შეფასდეს  – წარმოადგენს თუ არა რაიმე საფრთხეს მათი რეგულარული მიღება. აქედან გამომდინარე, ჩვენი კვლევის მიზანს შეადგენდა რაჭის (ონი, უწერა) რამდენიმე წყაროს – შავწყალას, ჭალის, სორტუანის, პირიქეთის, რუს და კოლის წყლების გამოკვლევა მთავარი იონების და ზოგიერთი სხვა პარამეტრის შემცველობაზე“, – აღნიშნა მომხსენებელმა და აუდიტორიას  კვლევის დეტალური შედეგები გააცნო.

ბიოლოგიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტმა თორნიკე ლევერაშვილმა  პლენარულ სესიაზე  სტუდენტური პროექტი წარმოადგინა (პროექტში ჩართულნი იყვნენ ასევე თანაავტორები მარიამ ტოხიშვილი, მერაბ ჭანტურია, ნინო ხარაიშვილი, ნინი შავაძე). პროექტის ფარგლებში მათ შეისწავლეს „კარდიომიოციტების ადაპტაციურ-კომპენსატორული მექანიზმების თავისებურებები ზრდასრულ ვირთაგვებში ალოქსანური დიაბეტის მოდელზე”.

გეოგრაფიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებმა ნუნუ ბერულავამ და გიგა მჟავანაძემ  გააანალიზეს „მსოფლიო ოკეანის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული პრობლემები“ და აღნიშნეს, რომ მსოფლიო ოკეანის ტრანსფორმაცია დღევანდელი დროის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა სპეციალისტებისა და დარგთაშორისი პროგრამების კვლევის აქტუალური საკითხია. თუ მსოფლიო ოკეანის ცვლილების ტემპი გაგრძელდება ისე, როგორც დღეს მიმდინარეობს, კაცობრიობა დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება მომავალში, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს მთელ გეოსისტემაზე“, – აღნიშნეს მათ.

გეოლოგიის დეპარტამენტის მაგისტრანტმა რაბი გაბრიელაშვილმა აუდიტორიას გააცნო კვლევის შედეგები, რომელიც ეხებოდა „რადიოაქტიურ ელემენტ თორიუმს და მის მინერალიზაციას შხარის გრანიტოიდულ მასივში“. „შხარის ურანისა და თორიუმის მადანგამოვლინებები ჩვენმა სამეცნიერო გუნდმა 2020 წელს აღმოაჩინა. მადანგამოვლინება ლოკალიზებულია მდინარე ენგურის სათავეში, შხარის გვიანვარისკულ  გრანიტოიდულ პლუტონში. კავკასიონის მთავარი შეცოცების გასწვრივ საველე სამუშაოების დროს პლუტონის ბიოტიტიან პლაგიოგრანიტულ ძარღვში რადიაციის ანომალურად მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, რომელიც შეადგენს  to 3 μSv/h-ს (ნორმული რადიაციული ფონი 0,15 μSv/h-ია). ჩვენი უკანასკნელი საველე სამუშაოებით დადგინდა, რომ მაღალ რადიაციულ ფონს ავლენს არა მხოლოდ შხარის პლუტონის ბიოტიტიანი პლაგიოგრანიტის ძარღვი, არამედ შხარის მასივის ამგები ბიოტიტიანი პლაგიომიგმატიტებიც. ეს ყოველივე მოწმობს იმას, რომ შხარის მასივზე თორიუმისა და ურანის მინერალიზაცია ფართომასშტაბიანია“, – აღნიშნა მან.

სტუდენტები კმაყოფილებით აღნიშნავდნენ, რომ პლენარულ სესიაზე გამოსვლა მათთვის დიდი გამოცდილების და სტიმულის მიმცემია. ილია ყიფშიძემ და დავით მელიქიძემ ჩვენთან საუბარში მადლობა გადაუხადეს ლექტორებს და განსაკუთრებით პროფესორ გია სირბილაძეს, რომლის საგნის ფარგლებშიც გაუჩნდათ ამ კვლევის დამოუკიდებლად ჩატარების იდეა და წარმატებასაც მიაღწიეს.  გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტმა ნუნუ ბერულავამ კი კმაყოფილებით აღნიშნა, რომ სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია სამეცნიერო აუდიტორიასთან პირველ რიგში შრომის დაფასებაა, მეორე მხრივ კი სტუდენტს  საპრეზენტაციო უნარებს უვითარებს და გამბედაობას მატებს. „მე ქობულეთიდან ვარ და ზღვის დაბინძურების საკითხი იქ მწვავედ დგას. ამიტომაც მსურს კვლავ განვაგრძო სწავლა და კვლევა, რაც კონფერენციაზე გამოსვლის და სესიაზე მოხსენების წარდგენის შესაძლებლობამ კიდევ უფრო განმიმტკიცა“, – გვითხრა ნუნუ ბერულავამ.

ამით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კონფერენციამ მუშაობა დაასრულა. მომავალ წელს ის სხვა სტუდენტ-მკვლევრებს გაუხსნის გზას მეცნიერებისკენ.

Facebook
Twitter
LinkedIn