ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის  სკოლა გაიხსნა

თარიღი: 2023-03-06 15:26:08

2022 წლის 9 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, დაარსდა  „ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (ზსმ)  სკოლა“,  რომელიც უფასოა და მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებისთვის არის განკუთვნილი – რეალურად აღდგენილ იქნა თსუ-ში  ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებების მიმართულებებით არსებული მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო საქმიანობის ტრადიცია (მაგალითად,  ძველი ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, ნორჩ ტექნიკოსთა სკოლა, ნორჩ ქიმიკოსთა სკოლა და ა.შ.).  

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილები დეკემბრის თვიდან უკვე ტარდება და მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მოუსმინონ უნივერსიტეტის პროფესორებსა და დარგის ცნობილ მეცნიერებს ფიზიკაში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიასა და გეოგრაფიაში.

ფაკულტეტის საბჭოს მიერ დაარსებული ზსმ სკოლის მიზნებია: „საშუალო სკოლის მოსწავლეებში  ინტერესის  გაღვივება-გაღრმავება, ცოდნის შეძენა და  განვითარება, თანამედროვე დარგობრივი სტანდარტის აზროვნებითი კულტურისა და ჩვევების გამომუშავება, თსუ-ში მოქმედ თანამედროვე სამეცნიერო კვლევით ჯგუფებთან და წამყვან აკადემიურ ცენტრებთან გაცნობა-დაახლოება  და შეძლებისდაგვარად დაკავშირება. ზსმ სკოლა მოსწავლეებს შეუწყობს ხელს  მომავალში გახდნენ დაინტერესებული და მოტივირებული არჩევანის მქონე სტუდენტები და შემდგომში თავისი საქმის  პროფესიონალები“.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – რა გახდა საფუძველი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის დაფუძნებისა? რამდენად შეუწყობს იგი ხელს მოსწავლეთა დაინტერესებას და რა შედეგებს აჩვენებს უკვე ორთვიანი გამოცდილება? ამ საკითხებზე სასაუბროდ გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ აპირებს მოუსმინოს პროექტში ჩართული მიმართულებების პროფესორებს და დისკუსია გამართოს პრობლემებზე, რომელიც ფაკულტეტის და თითოეული დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის წინაშე განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც სკოლებში გაუქმდა გამოსაშვები გამოცდები, ხოლო მისაღები გამოცდებიდან ამოიღეს საბუნებისმეტყველო საგნები.

პირველ ეტაპზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის დაარსების იდეის ინიციატორებიდან ფიზიკოსები მოვიწვიეთ.

რა პრობლემები დგას ფიზიკის სწავლების მიმართულებით და როგორ ხედავენ მათი გადაჭრის გზებს? გვესაუბრებიან: აკადემიკოსი გიორგი ჩაგელიშვილი, თსუ-ს პროფესორები ნანა შათაშვილი, ალექსანდრე შენგელაია და თემურ ნადარეიშვილი.

„თბილისის უნივერსიტეტი“:  რატომ გახდა აუცილებელი ამ ეტაპზე თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის გახსნა, რა უძღოდა წინ მისი დაარსების იდეას?

ნანა შათაშვილი:  საბუნებისმეტყველო საგნები მისაღები გამოცდებიდან პირველად მინისტრ ლომაიას რეფორმის დროს ამოიღეს და გარკვეული წლები დასჭირდა იმას, რომ ეს საგნები სკოლის გამოსაშვებ და მისაღებ გამოცდებზე ჩასმულიყო. შემდგომ, დამატებით, კიდევ 7-8 წელი დაგვჭირდა, რათა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე მოტივირებულ ჩამბარებელთა რიცხვი გაზრდილიყო, ამ დროისათვის სახელმწიფოს დაინტერესება და მხარდაჭერაც გამოიკვეთა. იმდენად რთული მდგომარეობა გვქონდა სკოლებში, რომ იმ 200 ბავშვიდან, რომელსაც, მაგალითად, ფიზიკის ჩაბარება  სურდა, ნახევარი თუ გადალახავდა ზღვარს. ნელ-ნელა, 800 ბავშვზე რომ ავედით ფიზიკაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით (მოგეხსენებათ, ფიზიკის სწავლება სკოლაში ყოველთვის რთული იყო!), სწორედ მაშინ  გამოვიდა მინისტრ ბატიაშვილის ბრძანება და საბუნებისმეტყველო საგნები კვლავ ამოიღეს მისაღები გამოცდებიდან (!?). ამან გამოიწვია ის, რომ ამ საგნების მნიშვნელობა ისევ დაიკარგა, რადგან აღარც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე და აღარც მისაღებზე ფიზიკა(როგორც სავალდებულო საგანი)აღარ ბარდებოდა. მსგავსი სიტუაცია იყო ბიოლოგიის, ქიმიის, გეოგრაფიის – ზოგადად, საბუნებისმეტყველო საგნების შემთხვევაშიც. მხოლოდ მათემატიკა დარჩა და ისიც, როგორც აგვიხსნეს, იმიტომ, რომ ეს სტუდენტებს შიდა მობილობაში დაეხმარებოდათ. შესაბამისად, ჩვენთან ხშირად აბარებენ სტუდენტები მოტივაციისა და ცოდნის გარეშე – ის მოსწავლეები, რომლებსაც რეალურად სხვა სპეციალობაზე, თითქოს უფრო კონიუქტურულზე, სურდათ ამ ერთი საგნით (მათემატიკით) ჩაბარება და იქ ვერ მოხვდნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ფიზიკა ბარდებოდა, იმდენად კარგი მოსწავლეები მოდიოდნენ, რომ წინმსწრები ჯგუფიც კი გავაკეთეთ – გამოვყავით ძლიერი სტუდენტები, რომლებმაც ფიზიკა იცოდნენ და დაჩქარებული გეგმით ვასწავლიდით, რათა ინტერესი არ დაკარგვოდათ პირველივე სემესტრში. ახლა ეს ყველაფერი ისევ წყალში ჩაიყარა და დავდექით ურთულესი რეალობის წინაშე – უნივერსიტეტში ვასწავლით სტუდენტს, რომელსაც საბუნებისმეტყველო საგნების, ჩვენს შემთხვევაში კი ფიზიკის ელემენტარული ცოდნა არ აქვს. ამიტომ გადავწყვიტეთ, სკოლის მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესის გაღვივებისა და თანამედროვე აზროვნებითი კულტურის ჩამოყალიბების მიზნით რაღაც ღონისძიება გაგვეტარებინა.

საბჭოთა კავშირის პერიოდში და 2005 წლამდე უნივერსიტეტში არსებობდა ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, რომელშიც ჩვენი პროფესურა ასწავლიდა და ფაკულტეტზეც ძირითადად ამ სკოლადამთავრებული მოსწავლეები ირიცხებოდნენ. ჩვენს ფაკულტეტზე – ბიოლოგიისა და ფიზიკის მიმართულებას – 3 წლის წინ უკვე გვსურდა მსგავსი სკოლის დაარსება, თუმცა პანდემია დაიწყო და ეს ვერ მოხერხდა. ზაფხულში  ბატონი გოგი, ბატონი ალეკო და მე შევიკრიბეთ, შემდგომში პროფესორები დიანა ძიძიგური და ომარ ფურთუხიაც შემოგვიერთდნენ და გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელი იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების – ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის და მათემატიკის სკოლის გახსნა. რა თქმა უნდა, ეს რთულია, ვინაიდან პროფესორებს უნდა სთხოვო, რომ დამატებით, უფასოდ, საღამოობით ასწავლონ სკოლის მოსწავლეებს. ამ იდეით მივედით დეკანთან, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და, თავის მხრივ, შემოგვთავაზა გეოგრაფიის დამატებაც და მინიმალური დაფინანსების მხარდაჭერაც. ეს იდეა ყველა მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს მოეწონა და ფაკულტეტის საბჭომაც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის გახსნის დადგენილება ერთხმად მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ ზსმ სკოლა ემსახურება ცოდნის შეძენასა და გაღრმავებას, აზროვნების სწორი კულტურის ჩამოყალიბებას და, ზოგადად, სკოლის მოსწავლეების სწორ გზაზე დაყენებას თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებაში.

გიორგი ჩაგელიშვილი:  აზროვნების კულტურასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მეოცე საუკუნის ბოლოდან დასავლეთის მეტნაკლებად ღირებულ უნივერსიტეტებში ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზეც ისწავლება თანამედროვე ბუნებისმეტყველების საფუძვლები და მისი გავლა აუცილებელიც კი გახდა. ჰუმანიტარული კვლევის ობიექტი ურთულესია, არ მარტივდება, ფიზიკის სპეციფიკა კი ის არის, რომ მარტივდება და კვლევა თვალნათელ ფორმულამდე დაგყავს. შესასწავლი ობიექტების სირთულის გამო ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ადამიანები შეჩვეულები არიან ემპირიულ, ფენომენოლოგიურ, ან, სულაც, მოსაზრებებით და არა არსებით, სიღრმსეულ აზროვნებას, რომელსაც ფიზიკა ავითარებს. ამიტომაც ისწავლებოდა და ისწავლება თანამედროვე უნივერსიტეტებში ჰუმანიტარებისთვის ეს საგანი, რათა საბუნებისმეტყველო აზროვნების კულტურა მეტნაკლებად გათავისებულ იქნას ჰუმანიტარების მიერ. საჭიროა მეცნიერმა საკუთარი მიდგომა ამ განსხვავებული აზროვნების სპეციფიკით განავითაროს. ასეთი საყოველთაოდ მიღებული ტენდენციების პირობებში საქართველოში მინისტრ ბატიაშვილის  ზემოხსენებული ბრძანება, რომელმაც, ფაქტობრივად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ჩვენი მოსწავლეების ცნობიერებიდან „წაშალა“, მხოლოდ მავნებლობად შეიძლება შეფასდეს 

„თბილისის უნივერსიტეტი“: ამ ინფორმაციის გავრცელება ბუნებრივად გააჩენს კითხვას  –  ზსმ  სკოლა  მისაღები  გამოცდისთვის  მოამზადებს  აბიტურიენტებს თუ იმ ახალგაზრდების ინტერესს გააღრმავებს, ვისაც ისედაც უყვარს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები?

ალექსანდრე შენგელაია: ეს სკოლა არ შეასრულებს უბრალოდ რეპეტიტორის ფუნქციას. სკოლის მიზანი, პირველ რიგში, აზროვნების სწავლებაა, ვინაიდან, მაგალითად, ფიზიკა პირველ რიგში იმ პროცესის დანახვა და გააზრებაა, რომლის აღწერაც შენ გინდა. ამას სკოლაში ხშირად ვერ ასწავლიან კარგი მასწავლებლებიც კი. ამიტომ საჭიროა – უნივერსიტეტის პროფესურამ სულ სხვა დონეზე დაანახოს ახალგაზრდას საგანი. თუ ადამიანმა ისწავლა ასეთი აზროვნება, შემდეგ მას არც ფორმულები გაუჭირდება და ყველაფერს გაართმევს თავს. ჩვენ ამ საფუძვლის ჩაყრას ვუწყობთ ხელს.

იმედი გვაქვს, რომ აქ მოვლენ ის მოსწავლეებიც, რომლებსაც ჯერ არ უყვართ ფიზიკა, მაგრამ აინტერესებთ და სკოლაში ვერ იკმაყოფილებენ ამ ინტერესს. ამიტომ, მგონია, რომ ისეთ მოსწავლეებსაც მოვიზიდავთ, რომლებსაც აქამდე არ ჰქონიათ დიდი ინტერესი საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ. ამ მოსწავლეებს ზსმ სკოლაში შეუძლიათ რამდენიმე საგანი აირჩიონ ერთად. ასეთი სკოლა, ასეთი მიდგომა და კომპეტენცია ამჟამად არ არსებობს საქართველოში.

ნანა შათაშვილი:  ძალიან ბევრი ვიწვალეთ, რომ ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია და ფიზიკა დაგვებრუნებინა მისაღებ გამოცდებზე. თან არა მხოლოდ თითოეულ ამ მიმართულებაზე, არამედ სხვა სპეციალობებზეც ბარდება ეს საგნები და ჩასარიცხი ადგილების 10%-ზე სავალდებულოა. შესაბამისად, ამ დარგებს სკოლაში მეტი წონა მიეცათ და უფრო მომზადებული აბიტურიენტები მოვლენ დროთა განმავლობაში; სამწუხაროდ,ერთ წელიწადში ეს არ გამოსწორდება და ისევ რამდენიმე წელი დაგვჭირდება რეალური ეფექტის დასანახად.

გიორგი ჩაგელიშვილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა იყოს ფლაგმანი, მიმართულების მიმცემი, როდესაც პრობლემატური საკითხი გამოიკვეთება. ჩვენი ზსმ სკოლა იქნება კონკურენტული და კონსტრუქციულ კონკურენციაში არაფერი ცუდი არაა, შესაძლოა სხვა სკოლებში გააუმჯობესონ კიდეც ჩვენი მეთოდები.

„თბილისის უნივერსიტეტი“:  აქ ითქვა, რომ ზსმ სკოლა, ძირითადად, თბილისის და მისი შემოგარენის სკოლის მოსწავლეებს მოემსახურება. რა უნდა ქნან რეგიონის სკოლების მოსწავლეებმა, რომლებსაც ამ საგნებისადმი ინტერესი აქვთ, ხომ არ ზღუდავს ეს მათ უფლებებს?

ნანა შათაშვილი:  დიახ, სამწუხაროდ, თბილისით და შემოგარენით (რუსთავი, გარდაბანი და ა.შ.) შემოვიფარგლებით და ამას აქვს ობიექტური მიზეზები – რეგიონებში გასვლას სჭირდება თანხები და დრო. ჩვენი ფაკულტეტის დეკანმა ბიუჯეტიდან მინიმალური თანხა გამოყო ამ პროექტისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მარტო ენთუზიაზმით ვერ ამუშავებ, მაგალითად, ბიოლოგებს და ქიმიკოსებს გაკვეთილებზე ლაბორანტების შეყვანაც დასჭირდებათ, რომლებსაც ძალიან მცირე ხელფასები აქვთ და რთულია მათ უფასოდ დამატებითი სამუშაოს ჩატარება მოსთხოვო. დიდი ნაწილი, მათ შორის პროფესორები, უხელფასოდ ვმუშაობთ. ამ მოსწავლეებს ლაბორატორიებს ვაჩვენებთ, გეოგრაფები კი ველზე გაიყვანენ – ისინი მოქმედებაში ნახავენ თანამედროვე მეცნიერებას. და რაც მთავარია, ამ სკოლის იდეა სისტემური სწავლება, ადგილზე ინტერაქცია, დაფასთან გამოსვლა და გაკვეთილზე დავალების შესრულებაა, რაც ვერ განხორციელდება დისტანციურად და სისტემურად რეგიონებში მხოლოდ იშვიათად გასვლისას. ეს კულტურა და სტანდარტი სწავლებისა, სამწუხაროდ, თითქმის დაკარგულია, განსაკუთრებით პანდემიის წლების განმავლობაში მოსწავლეთა დიდი ნაწილი მსმენელებად გადაიქცნენ და აქტიური ჩართვა, დამოუკიდებელი მუშაობა, ასევე ჯგუფში მუშაობა,  მასწავლებელთან ინტერაქცია თითქმის დავიწყებულია. არადა, სწორედ ასეთი მუშაობის სტანდარტი ემსახურება ზსმ სკოლის ფუნქციონირების ძირითად ამოცანას.

„თბილისის უნივერსიტეტი“:  ხომ არ გიფიქრიათ, რომ რეგიონებისთვის გაკვეთილები ონლაინ ჩატარებულიყო?

თემურ ნადარეიშვილი:  ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, პანდემიის დროს, ხალხი შეეჩვია  მსმენელობას – ანუ ჩვენი ამ წლების გამოცდილებით, მეორე მხარე – სტუდენტები,  პრაქტიკულად აღარ ერთვებოდნენ სწავლების პროცესში – ადგილზე არ ხდებოდა მათთან მუშაობა, ინტერაქცია. და ახლა, აუდიტორიაში მობრუნების შემდეგ, უკვე ლექციაზე კითხვასაც არ სვამენ, რაც ადრე არასდროს მომხდარა, ჩვენი დარგებისათვის კი ეს დამღუპველია. ფიზიკას სჭირდება, რომ ადგილზევე დაამუშაო საკითხი და ბავშვმა აუდიტორიაში ამოხსნას ამოცანები, ისევე, როგორც გაარჩიოს საშინაო დავალება, მასწავლებელს გაკვეთილზევე დაუსვას კითხვები და მისგან მიიღოს  პასუხები. შესაბამისად, აქ ისევ ონლაინ სწავლების დაწყება უაზრო შრომა იქნება. იმასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, ვინ ასწავლის – ჩვენი სკოლის ლექტორები, ხომ გამოჩენილი მოქმედი მეცნიერებია, ანუ ვინც უშუალოდ ქმნის მეცნიერებას და ამიტომ მოსწავლეებმა, შესაძლოა, ისეთი რამ და იმ სიღრმით მოისმინონ მეცადინეობებზე, რაც ჩვეულებრივ სკოლაში გამორიცხულია და რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს  მათი მომავალი პროფესიის სწორ არჩევას! (მაგალითად, მე დავესწარი ბატონი გოგის გაკვეთილს და აღფთოვანებული ვარ, თუ როგორ ახსნა მან პასკალის და არქიმედეს კანონები!)

გოგი ჩაგელიშვილი:  ახლა ისეთი მოსწავლეები აბარებენ, რომლებმაც ფიზიკის ანბანი არ იციან, შესაბამისი აზროვნების ჩვევები განვითარებული არ აქვთ  და შეუძლებელია მაღალ დონეზე შეისწავლონ საგანი. ამ საწყისების სწავლება უნივერსიტეტის ლექტორებს უხდებათ. ანუ, უნივერსიტეტში სწავლების საწყისი კურსები ეთმობა სკოლის პროგრამის ათვისებას და ელემენტარული ჩვევების გამომუშავებას, რაც, ბუნებრივია, ნაკლებად ეფექტურს ხდის უნივერსიტეტში გატარებულ წლებს. თვალნათელია, რომ მოსწავლემ ადრეული – სკოლის ასაკიდან მიიღოს ეს ცოდნა.  

ნანა შათაშვილი: მეტად რომ გაიშალოს ეს მოძრაობა, ამას ბიუჯეტი სჭირდება, ამიტომაც სამინისტროს მხარდაჭერა აუცილებელია.

ჩვენ გვაქვს რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას მხარდაჭერაც, მან მიმართა სამინისტროს შესაბამისი წერილით და ხვალ-ზეგ ეს პროექტი, იმედი გვაქვს, გაფართოვდება   და იგივე იდეის განხორციელებაში რეგიონებიც ჩაეთვებიან. უბრალოდ, ეს პირველი ეტაპია და თავიდანვე გლობალურად ვერ დავიწყებდით. არადა, თუ არ დავიწყეთ, არაფერი გამოვა.

გიორგი ჩაგელიშვილი:  ფაქტობრივად, როგორც წარმომიდგენია, ეს პროექტი დროში გაწელილი იქნება. ჩვენ ვეცდებით, მედიასთანაც აქტიურად ვითანამშრომლოთ და თანმიმდევრულად ვაჩვენოთ, როგორ მიდის პროექტი. ის, რასაც ახლა ვაკეთებთ, სატესტო რეჟიმია, ამ ფაზის გარეშე პროექტი ვერ ჩამოყალიბდება. ამგვარად დავადგენთ, როგორი ფორმა სჯობს დღევანდელ პირობებში. არსებული ფორმა იდეალური არ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა გაგვევლო ეს ფაზა. ეს უბრალოდ ლოკალური ინიციატივა არაა, ეს არის იმ  საშინელ მდგომარეობაზე გამოხმაურება, რომელიც გაჩნდა ქვეყანაში განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფიზიკა და სხვა საბუნებისმეტყველო საგნები მისაღები გამოცდებიდან ისევ ამოიღეს.

„თბილისის უნივერსიტეტი“:  თქვენ ახსენეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საჯარო სკოლები. ამ კუთხით რა ჩართულობაა საჭირო, სამინისტროს რა დახმარების გაწევა შეუძლია?

გიორგი ჩაგელიშვილი:  დიახ, აუცილებელია პროექტში სამინისტროს ჩართულობა, რათა სამინისტრომ, თავის მხრივ, მასწავლებლები ჩართოს და ერთობლივად ვიმუშაოთ სკოლასთან და სკოლის მასწავლებლებთან, ვინაიდან ისინი მოსწავლეებს განსხვავებულად უხსნიან თემებს. შესაძლოა, მასწავლებლებთან ერთად ერთობლივი განსჯის ჩატარება, თუ როგორ სჯობს მასალის ახსნა, როგორ  უნდა შევავსოთ ერთმანეთი. ეს საჭიროა, რათა კოორდინაციაში ვიყოთ პედაგოგებთან. გარდა ამისა, ბავშვებს სუფთა ენთუზიაზმი არ ჰყოფნით, ამიტომ, ისეთი ფორმა უნდა მოიძებნოს, რომ აქ სიარული და მასწავლებელთან ურთიერთობა შეთანხმებული იყოს, რათა მოსწავლე მიხვდეს, რომ აქაც მისთვის კეთდება საქმე, მოსწავლე მხოლოდ მსმენელი რომ არ იყოს. ამიტომაა საჭირო, რომ უკვე ივნისიდან სამინისტრო ჩაერთოს პროექტში. სწორედ ივნისში ვგეგმავთ შეხვედრას მასწავლებლებთან სამინისტროს ეგიდით და ვიმსჯელებთ, როგორი მიდგომა სჯობს, ისინიც გაგვიზიარებენ საკუთარ შეხედულებებს.

ნანა შათაშვილი: ფაკულტეტთან არსებულმა „ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლამ“ ფუნქციონირება 1 დეკემბერს დაიწყო, თუმცა ჯერ საბოლოო ფორმა არ აქვს  მიღებული. სამინისტრო უკვე დაგვეხმარა – რექტორის წერილის საფუძველზე ინფორმაცია მიაწოდა სკოლებს და ასე მოვიდნენ მოსწავლეები პირველ გასაუბრებაზე. ისინი თბილისიდან, რუსთავიდან და გარდაბნიდან არიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცოცხალი ურთიერთობა. ვფიქრობთ, თუ კარგად გამოგვივიდა ეს წამოწყება, სხვა უნივერსიტეტებიც დააარსებენასეთივე სკოლებს სხვა ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში და ა.შ. 

„თბილისის უნივერსიტეტი“: რადგან სკოლა 1 დეკემბრიდან ფუნქციონირებს, გარკვეული დასკვნების გაკეთება ალბათ უკვე შესაძლებელია. რა შეგიძლიათ თქვათ – რამდენად დაინტერესდნენ ისინი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით?

ნანა შათაშვილი: სწავლა უფასოა, მოსწავლეები ნებაყოფლობით მოდიან. მასწავლებლებთანაც ვეცდებით კომუნიკაციას, მეთოდების შეთანხმებას. ერთ-ერთმა ჩვენმა კურსდამთავრებულმა, რომელიც სკოლაში ასწავლის, მოსწავლეები გამოაგზავნა და შემდგომში გვითხრა: ბავშვები თქვენგან რომ მოდიან, მერე გაკვეთილზე ვარჩევთ იმას, რაც თქვენთან ისწავლესო, რაც, ცხადია, უკვე კარგი ტენდენციაა!

მოსწავლეთათვის გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ თითოეულ საგანში. ამ ერთი წლის შემდეგ ძველ მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გავუგრძელებთ, წყვეტა რომ არ იყოს საშუალო სკოლის დამთავრებამდე; ახლებს კი ისევ ორჯერ ჩაუტარდებათ მეცადინეობები.

აქ ისიცაა მნიშვნელოვანი, რომ ამ მოსწავლეებს დავუთმეთ საუკეთესო აუდიტორიები. სპეციალურად თსუ-ს მეორე კორპუსი ავირჩიეთ, რათა მისაწვდომად ყოფილიყო ადვილი და მათთვის მგზავრობაც უფრო უსაფრთხო იქნება. წიგნების მოპოვებაშიც ვეხმარებით, ფაკულტეტმა e-learning-ზეც გამოუყო ადგილი. უკვე აქტიურად დადიან და ჩვენც მოგვწონს ეს მოსწავლეები.

ალექსანდრე შენგელაია: მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი მოტივაცია, უნივერსიტეტის მოტივაცია არის – უფრო მეტი უკეთესად მომზადებული და მოტივირებული სტუდენტის მიღება!

* * *

დებულების მიხედვით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა  ფუნქციონირებს თსუ-ს მეორე კორპუსში განთავსებულ აუდიტორიებში; გამოყენებულია ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მეცადინეობებს ატარებენ ფაკულტეტისკადემიური პერსონალი, ლაბორატორიების წამყვანი სპეციალისტები და თსუ-ს სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების გამოცდილი მკვლევრები, რომლებიც საქართველოში აღნიშნულ დარგებში ტრადიციების გამგრძელებლები/განმავითარებლები არიან და/ან ახალი მიმართულებების დამფუძნებლებად ითვლებიან.

ზსმ სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვისა და სწავლების პროცესის დეტალები შემდეგი წლებისათვის უფრო დაკონკრეტდება და დაიხვეწება:

  • თითოეული მიმართულებით შედგება თითო სასწავლო ჯგუფი (მიზანშეწონილია, მაქსიმუმ, 20 მოსწავლის შემადგენლობით) სკოლის X-XII კლასებიდან;
  • შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით, წინასწარ გამოცხადებულ დღეს, შესარჩევი კომისიის მიერ;
  • მოსწავლეების შერჩევა და სწავლება დაიწყება შემოდგომის სემესტრის დასაწყისში;
  • სწავლების პროგრამაში გათვალისწინებულია როგორც სასკოლო მასალა, ასევე დარგების თანამედროვე მიღწევები;
  • განხორციელდება ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში სამუშაო ვიზიტები, გეოგრაფიული გარემოს სასწავლო-საველე გაცნობა/გასვლა, გარკვეული სიხშირით/ხანგრძლივობით.
  • თითოეულ საგანში ჩატარდება კვირაში 2 მეცადინეობა 1.5 საათის ხანგრძლივობით წინასწარ გაწერილი ცხრილის მიხედვით, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს;
  • საკლასო მეცადინეობები ჩატარდება დღის 17.00-საათიდან 20.00-საათამდე, დღეში 2 საგნის შეთავაზებით.
  • თითოეულ მოსწავლეს დაინტერესების შემთხვევაში ექნება ერთ ან რამდენიმე საგანზე სწავლის შესაძლებლობა, ცხრილი ამას გაითვალისწინებს.
  • მეცადინეობები ჩატარდება ინტერაქიული მეთოდით; სწავლებისას განხორციელდება გამოკითხვები და ცოდნის შემოწმება წინასწარი გაწერილი სიხშირით;
  • სისტემატური გაცდენის ან დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსწავლე გაირიცხება სკოლიდან;
  • ცოდნის შემოწმების დადებითი შედეგების შემთხვევაში სკოლაში სწავლის ბოლოს გაიცემა შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი.
  • სკოლას ექნება გამოყოფილი პორტალი ფაკულტეტის ელექტრონული სწავლების ვებგვერდზე მასალების განსათავსებლად.
  • გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ აგრძელებს დისკუსიას აღნიშნულ თემაზე და შემდეგ ნომრებში სკოლის სხვა მიმართულებების პროფესორ-მასწავლებლების მოსაზრებებსაც შემოგთავაზებთ.
Facebook
Twitter
LinkedIn