ზურაბ თევდორაძის პირველი ნაბიჯები ლექტორობის გზაზე
ზურაბ (ზუკა) თევდორაძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორანტურის პირველი კურსის სტუდენტია, პირველ ნაბიჯებს დგამს ლექტორობისკენ – როგორც ლექტორის ასისტენტი, იგი უკვე დამოუკიდებლად ატარებს სემინარებს.
ზუკა მიზანდასახული ახალგაზრდაა, რომელსაც სურს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გახდეს.
ზურაბ (ზუკა) თევდორაძემ 2018 წელს ჩააბარა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე მოხვდა. თავდაპირველად არ ჰქონდა განსაზღვრული – კონკრეტულად რა განხრით ისწავლიდა, მაგრამ მეგობრების რჩევითა და შესავალი საგნების გავლის შემდეგ მიხვდა, რომ საზოგადოებრივი გეოგრაფია იყო ის მიმართულება, რაც აინტერესებდა და რომელსაც ბაკალავრიატის ოთხ წელს დაუთმობდა.
სწავლის პერიოდს დაემთხვა კორონა ვირუსი და პანდემია, რის გამოც უნივერსიტეტში სწავლა დისტანციურად გრძელდებოდა. ონლაინ რეჟიმზე გადართვის შემდეგ ზუკამ გადაწყვიტა – დაბრუნებულიყო წყალტუბოში და ამჯერად ტურიზმის სფეროში გამოეცადა საკუთარი თავი. მან ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვან გიდად დაიწყო მუშაობა პრომეთეს მღვიმეში, სადაც 6 თვე იმუშავა და ამ 6 თვის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამაგისტრო ნაშრომის კვლევაშიც გამოიყენა: ,,პრომეთეს მღვიმეში მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარა სამაგისტრო თემაზე მუშაობისას (თემა – ,,ტურიზმის სექტორის გაფართოება წყალტუბოს მაგალითზე’’). თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ მიღებული გამოცდილებითა და შემდგომში ჩატარებული კვლევის საფუძველზე დაწერილი ჩემი სამაგისტრო ნაშრომი ახალ, საინტერესო და აქამდე უცნობ მასალებსაც შეიცავს”, – აღნიშნავს ზუკა.
სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორობის სურვილი ბაკალავრიატის პირველივე სემესტრიდან გაუჩნდა. მისი თქმით, „ეს, მეტწილად, მიმართულების ლექტორთა უშუალობამ და პრაქტიკული მეცადინეობებისას თბილისსა თუ თბილისს მიღმა მეგობრებთან ერთად გატარებულმა საოცარმა დღეებმა განაპირობა”. ამიტომ, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლა მაგისტრატურაზე ისევ საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით, უფრო კონკრეტულად კი, ტურიზმის განხრით განაგრძო.
ზუკა იმასაც უსვამს ხაზს, რომ თავად ლექტორებიც მაქსიმალურად უწყობენ ხელს მიზნისკენ სწრაფვაში. მისი ხელმძღვანელი (სამაგისტრო და ახლა უკვე სადოქტორო მიმართულებით) ია იაშვილი ამბობს, რომ ,,ზურა თევდორაძე საკმაოდ მიზანდასახული სტუდენტია. ამის დასტურია ის, რომ მან წელს ჩააბარა თსუ-ში ჩვენი მიმართულების დოქტორანტურაში. დაკისრებულ მოვალეობებს ეკიდება დიდი პასუხისმგებლობით. ის თავის სამეცნიერო ასპარეზზე ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს. ცოტა ხნის წინ, როცა საერთაშორისო კონფერენციაზე მომიწია ყოფნა, კარგად გაართვა თავი სასემინარო აქტივობას ტურიზმის სკოლის პირველკურსელებთან. სამომავლოდ, დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში, პროფესორის ასისტენტის რანგში, ის სტუდენტებთან აკადემიური ურთიერთობის კარგ გამოცდილებას შეიძენს. დისერტაციის დაცვის შემდეგ კი შეუძლია – დამოუკიდებლად გაუძღვეს სალექციო-სასემინარო პროცესს“.
რაც შეეხება ზუკას სამომავლო გეგმებს, გააზრებული აქვს, რომ მისი მიზნისკენ მიმავალი გზა მარტივი არ არის. საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება საკმაოდ კვალიფიცირებული ლექტორებით არის დაკომპლექტებული, რის გამოც ვინმეს ნაცვლად საკუთარი თავის წარმოდგენა უჭირს. თუმცა, იგი დარწმუნებულია, რომ დაუღალავი შრომით შეძლებს საკუთარი მიზნის მიღწევას და ლექტორების გვერდით მუშაობას.
ქეთა გველესიანი
მარიამ მაჭარაშვილი
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტები