ღვაწლმოსილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე
89 წლის ასაკში გარდაიცვალა ზურაბ კიკნაძე, ქართული მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელი, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე. მას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის თანამედროვე ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების არაერთი დარგის განვითარებაში. ის იყო მრავალი თაობის აღმზრდელი პროფესორი, პუბლიცისტი, ფოლკლორული ტექსტების შემკრები და გამომცემელი.
ზურაბ კიკნაძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული თარგმანის ისტორიაში. მან ქართულ ენაზე უბადლოდ თარგმნა მხატვრული, რელიგიური და ფილოსოფიური ნაწარმოებები ძველებრაულიდან, შუმერულ-აქადურიდან, ძველი ბერძნულიდან, ლათინურიდან და თანამედროვე ევროპული ენებიდან. განუზომელია ზურაბ კიკნაძის დამსახურება ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის წიგნების) თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნის საქმეში. ჰომეროსის პოემა „ოდისეას“ თარგმნისთვის მას, თამაზ ჩხენკელთან ერთად, ივანე მაჩაბლის პრემია მიენიჭა. ზურაბ კიკნაძე მთელი ცხოვრების მანძილზე დაუღალავად იკვლევდა ძველ აღმოსავლურ კულტურას, მითოლოგიას; აქვეყნებდა შრომებს ქართული ლიტერატურის, ფოლკლორის, ეთნოგრაფიის, ფილოსოფიისა და რელიგიის საკითხებზე.
1977 წლიდან 2008 წლამდე, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ზურაბ კიკნაძე ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრას. იგი კითხულობდა ლექციების კურსს ფოლკლორში, მითოლოგიასა და რელიგიის ისტორიაში. ზურაბ კიკნაძემ ქართული ფოლკლორი და მითოსი მსოფლიო კულტურის კონტექსტში შეისწავლა და ამ მიმართულებით ბრწყინვალე მონოგრაფიები შექმნა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა არაერთი სადოქტორო დისერტაცია. უმაღლეს სასწავლებლებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს მან მკვლევართა და მეცნიერთა მთელი თაობები აღუზარდა. ზურაბ კიკნაძის შრომები, სამეცნიერო პუბლიკაციები და მონოგრაფიები თარგმნილია უცხო ენებზე. იგი არის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამოცემული მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი, კრებულის შემდგენელი და რედაქტორი.
ზურაბ კიკნაძის ხელმძღვანელობით არაერთი სამეცნიერო-ფოლკლორული ექსპედიცია მოეწყო. ის მთელი თავისი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე, ფაქტობრივად, სიცოცხლის ბოლომდე, ბევრს მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და დაუღალავად კრებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის არქივი შეავსო ზეპირსიტყვიერი ტექსტებით. მას ფეხით ჰქონდა შემოვლილი მთელი საქართველოს მთა და ბარი; პირადად იცნობდა ხალხური სიტყვიერების მთქმელ-შემსრულებლებს, მეგობრობდა ხუცეს-ხევისბრებთან და ჯვარ-ხატთა მსახურებთან.
ზურაბ კიკნაძე სიტყვითა და საქმით მუდამ იდგა საზოგადოებრივი ცხოვრების ავანგარდში. ის თავისი პირუთვნელი სიტყვით არ ერიდებოდა დაუძლეველ მანკიერებათა მხილებას; სხვადასხვა რეჟიმისა და წნეხის პირობებში ზურაბ კიკნაძე სათქმელს საჯაროდ და დაუფარავად ამბობდა. ის თავის ზნეობრივ მოვალეობად თვლიდა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვას, სხვადასხვა დროს ქვეყნის მძიმე სიტუაციიდან გამოსავლის ძიებას.
პირად ურთიერთობაში ზურაბ კიკნაძე იყო მეტად თავმდაბალი, გულთბილი და გულისხმიერი, უაღრესად კეთილშობილი პიროვნება, გარშემომყოფების მიმართ ნდობითა და რწმენით სავსე, ამავე დროს პრინციპული და თავისი სიტყვის ერთგული ადამიანი.
ზურაბ კიკნაძე სიცოცხლის ბოლომდე ახალგაზრდული ენერგიითა და შემართებით ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული მეცნიერებისთვის. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ზურაბ კიკნაძე დარჩება როგორც უამრავი სიკეთის მომტანი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. მისი ნაშრომები მომავალი თაობებისთვის, ჰუმანიტარული მეცნიერების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის მუდამ სახელმძღვანელო, სამაგიდო წიგნებად დარჩება და ისინი არასოდეს დაკარგავენ თავიანთ მნიშვნელობას.
ხვთისო მამისიმედიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი