თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის გეგმები
თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ზურაბ გოგშელიძე, რომელიც თსუ-ში მოღვაწეობას უდიდეს პასუხისმგებლობად თვლის და რომლის საქმიანობის სტრატეგიულ მიზანს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისა და სტუდენტთა მომსახურეობის უფრო ეფექტური მართვა წარმოადგენს, რათა მისი შინაარსი და ფორმები მაქსიმალურად მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
ზურაბ გოგშელიძემ გასული წლის თებერვალში დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის“ (ხელმძღვანელი – პროფესორი მერაბ ტურავა) და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2017-2019 წლებში იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი იყო; უკვე რამდენიმე წელია კი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორია. ამავე დროს, მას ასისტენტ-პროფესორის აკადემიული თანამდებობა უკავია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში. არის ერთი მონოგრაფიისა და რამდენიმე სტატიის ავტორი. ბოლო დრომდე მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტთან სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის, ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურში. სულ ცოტა ხნის წინ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
თუ რას მიიჩნევს ახალ პოზიციაზე თავისი საქმიანობის პრიორიტეტებად და რა სტრატეგიით უზრუნველყოფს დეპარტამენტის უფრო ეფექტურად მართვას, ამის შესახებ თავად თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ გოგშელიძე გვესაუბრება.
– ბატონო ზურაბ, უკვე ერთი თვეა ახალ პოზიციაზე აგრძელებთ მუშაობას და მეტნაკლებად გაიცანით დეპარტამენტის საქმიანობა. თქვენი გადმოსახედიდან, რა შეიძლება შეიცვალოს სასწავლო პროცესის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფას მხრივ, რომ უფრო ეფექტური გახდეს დეპარტამენტის საქმიანობის ხელმძღვანელობა და ხარისხიანი მართვა?
– პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სასწავლო დეპარტამენტი ემსახურება 7 ფაკულტეტს, საუბარია დაახლოებით 26 000-მდე სტუდენტზე, რომელთა ხელშეწყობასაც ვემსახურებით, როგორც სასწავლო პროცესის მანძილზე, ასევე, მის შემდგომაც, როდესაც ისინი სწავლას დაასრულებენ და გახდებიან კურსდამთავრებულები. ერთი შეხედვით, შესაძლოა არ ჩანდეს – თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ თანამშრომელს დეპარტამენტში, რათა სრულყოფილად იქნას განხორციელებული სასწავლო პროცესი და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები, როგორიცაა სასწავლო სემესტრის ვადების დაგეგმვა, ცნობების გაცემა, დიპლომების და მათი დანართების მომზადება და მრავალი სხვა. აღნიშნული საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის პროფესიონალ, დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტებს, რომლებიც უკვე წლებია დაუღალავად ემსახურებიან უნივერსიტეტს. ხარისხიანი მართვაც სწორედ რომ კვალიფიციურ კადრებს უკავშირდება, რისი დეფიციტიც ამ მიმართულებით ნამდვილად არ გვაქვს.
– როგორია თქვენეული ხედვა, სტრატეგია თსუ–ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის განვითარების თვალსაზრისით?
– ტექნოლოგიების შემოტანა, მათთან დაახლოვება იქნება ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი სასწავლო დეპარტამენტის განვითარების კუთხით: კერძოდ, ხელოვნური ინტელექტისა და BigData-ს გამოყენება სასწავლო პროცესში; ციფრული პლატფორმების გაუმჯობესება ადმინისტრაციული პროცესების ავტომატიზაციისთვის; ვირტუალური ლაბორატორიების დანერგვა და სხვა. ფორმატიდან გამომდინარე ვცდილობ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ხედვებზე გესაუბროთ. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გვაქვს მთელი რიგი მოსაზრებები და იდეები, რომელთა განხორციელებასაც ეტაპობრივად ვგეგმავთ.
გარდა ამისა, ჩემი აზრით, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსს უნდა ჰქონდეს მკაფიო პრინციპები, რომლებიც დაეხმარება მას სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში, ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებასა და სტუდენტების აკადემიური გამოცდილების გაძლიერებაში. უფრო კონკრეტულად კი, აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; რიგი დოკუმენტების გაციფრულება; უნივერსიტეტის შიდა პროცესების ოპტიმიზაცია; საგანმანათლებლო გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება (მაგ. პანდემიის მსგავსი კრიზისები) და სწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა სტუდენტისათვის.
– სასწავლო დეპარტამენის წარმატებულად ფუნქციონირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გამართულ გუნდურ მუშაობას. ამ მიმარათულებითაც ხომ არ გეგემავთ რაიმე სიახლეებს?
– დავიწყებ იმით, რომ გუნდი, რომელიც ამ ეტაპზე ახორციელებს სასწავლო დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებას, დაკომპლექტებულია ძლიერი პროფესიონალებით, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ ნაკისრი ვალდებულებები და სრული პასუხისმგებლობით ეპყრობიან თითოეულ საკითხს. როდესაც ვსაუბრობ გუნდზე, ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა, თანადგომა, უყვართ საკუთარი საქმე და, რაც ყველაზე მთავარია, უყვართ უნივერსიტეტი. როგორც უკვე აღვნიშნე, სასწავლო დეპარტამენტი ემსახურება დაახლოებით 26 000-მდე სტუდენტს. რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია მომსახურების გაწევის ამ მასშტაბზე, აუცილებელია მყარი გუნდის და გუნდურად მუშაობის უნარის მქონე თანამშრომლების არსებობა. თუმცა, ასევე, საპირწონედ აუცილებლად მიმაჩნია კადრების დამატება, რათა ის დიდი ტვირთი (საუბარია საქმის მოცულობაზე), რომელიც აწევს თითოეულ თანამშრომელს, გადანაწილდეს დამატებულ კადრებზე, რათა უფრო სწრაფი და ეფექტიანი გახდეს დეპარტამენტის საქმიანობა და ამ მიმართულებითაც ვგეგმავ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით …
– აღნიშნულ კითხვას ნაწილობრივ გავეცით პასუხი საუბრისას, თუმცა აქ უფრო მეტად დავაკონკრეტებ. განვიხილავ რამდენიმე სტრატეგიულ და ოპერატიულ გეგმას, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიური გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ასეთია: სტუდენტთა მხარდაჭერა, ვგულისხმობ სტუდენტური სერვისების გაძლიერებას; ტექნოლოგიების და ინოვაციების ინტეგრირება, მაგ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საქმის წარმოების დროს; ადმინისტრაციული პროცესების ოპტიმიზაცია – ციფრული ტრანსფორმაცია, ვგულისხმობ ელექტრონული სერვისების დანერგვას, დოკუმენტაციის ავტომატიზაცია და სხვა.
ვფიქრობ, ხსენებული გეგმების განხორციელება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ეფექტიან მართვას, განათლების ხარისხის ამაღლებას და უნივერსიტეტის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.
