ზურაბ გაიპარაშვილი: „ერთი პატარა აგური ვარ ამ დიდი, საოცარი ფენომენისა, რასაც თსუ ჰქვია“
სამუშაო ოთახში შესულს, მისთვის ჩვეული გარემო დამხვდა – უამრავი გადაშლილი წიგნი, სხვადასხვა სანიშნით მონიშნული ბლოკნოტი და ფურცელი, რომელზეც ტელეფონით საუბრისას ათასგვარ ფიგურას ხატავს, თან ნიკო კეცხოველის მემკვიდრეობაზე საუბრობს და ცდილობს – მოსაუბრე დაარწმუნოს, რომ უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რექტორის სამეცნიერო მემკვიდრეობა სწორედ აქ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უნდა ინახებოდეს… ეს უკვე მერამდენე დიდი უნივერსიტეტელია, რომლის მემკვიდრეობის დაცვასაც თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ამ ფორმით ცდილობს. არ ვიცით, რა დრო დასჭირდება მისი ბოლო ჩანაფიქრის შესრულებას, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვართ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის ბიბლიოთეკას, ზურაბ გაიპარაშვილის სახით, ჰყავს მოამაგე, მასზე მოფიქრალი და მოჭირნახულე ადამიანი.
მას უნივერსიტეტში ყველა იცნობს, როგორც თავისი საქმის მცოდნესა და პრინციპულ ადამიანს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რეალურად როგორი პიროვნება დგას იმ უამრავი სასიკეთო საქმის უკან, რომელთაც გაიპარაშვილის ხარისხის ბეჭედი ატყვია. უნივერსიტეტის ისტორიის გამდიდრება, ბიბლიოთეკის ახალი წიგნადი ფონდით შევსება, გამოფენების მოწყობა, არაერთი დიდი მეცნიერის მემკვიდრეობის უნივერსიტეტის წიაღში დაბრუნება, სტუდენტებისთვის სასწავლო გარემოს შექმნა – ეს ყოველდღიური საზრუნავის მცირე ჩამონათვალია, თუმცა ყველაფერი ამითაც არ მთავრდება… საიდან დაიწყო საქმიანობა და როგორ მოვიდა თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის პოზიციამდე? რა ინტერესები და ოცნებები აქვს ზურაბ გაიპარაშვილს? – ეს მასთან საუბარში გავარკვიეთ, თუმცა გაზეთის ერთი გვერდი მისი შინაგანი სამყაროს სრულად გადმოსაცემად საკმარისი არ აღმოჩნდა…

* * *
წიგნებისადმი სიყვარული დედამ – თელავის რაიონის სოფელ ართანას სკოლის დირექტორმა და ისტორიის მასწავლებელმა – ჩაუნერგა. იხსენებს, რომ დიდი ლიტერატურა ადრეულ ასაკში წაიკითხა, ახლანდელი გადასახედიდან ძალიან ადრეც კი, თუმცა მერეც ბევრჯერ მიუბრუნდა ფლობერს თუ ჰემინგუეის, რადგან კითხვა ერთგვარ ამოჩემებად ექცა. მიუხედავად ამისა, თურმე ფილოლოგობა არ უნდოდა, ხატვით იყო გატაცებული და, სკოლის პარალელურად, თელავის სამხატვრო სასწავლებელშიც სწავლობდა. ახლა ამბობს, რომ ვერ წარმოედგინა, თუ მისი ცხოვრება თეატრის მხატვრობას არ დაუკავშირდებოდა, მაგრამ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის გავლენით (რომ გაქებენ და გაქეზებენ, ფიქრობ, რომ ეგაა შენი საქმეო), უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტს მიაშურა და ეს აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც, ფაქტობრივად, მისი მომავალი განსაზღვრა.
როგორ აღმოჩნდა ისტორიის მეცნიერებაში
როგორც ჟურნალისტებს გვახასიათებს, ბატონ ზურაბს ჩავეძიეთ – თუკი დედის კვალს არ გაჰყვა და, სკოლაში სწავლის პერიოდში მასთან საურთიერთოდ ,,წართმეული დროს“ გამო, ისტორიაზე „შური იძია“, როგორ აღმოჩნდა ისტორიის მეცნიერებაში და როგორ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (თავად იხსენებს: დედა მუდმივად დაკავებული იყო. ყოველ საღამოს, სკოლის საორგანიზაციო საქმესთან ერთად, მეორე დღის გაკვეთილებს ამზადებდა და ამას ჩემთვის განკუთვნილი დრო მიჰქონდაო…)? ამ ამბავს საინტერესო წინაპირობა ჰქონია – ანტისაბჭოთა განწყობა და უნივერსიტეტის ისტორიისადმი ერთგულება… „ვალერიან გაფრინდაშვილის შემოქმედებაზე ვმუშაობდი და გადავწყვიტე – დისერტაციაც ამ თემაზე გამეკეთებინა, მაგრამ ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ახალგაზრდობა უნივერსიტეტის ავტონომიისთვის იბრძოდა და მეც ჩავერთე. სწორედ სტუდენტური მოძრაობის აქტიური წევრების თხოვნით დავიწყე კვლევა და მუშაობა უნივერსიტეტის გერბზე, რომელიც, მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში აღარ გამოიყენებოდა, მაგრამ ძველ დოკუმენტებსა და წიგნებზე აღმოვაჩინეთ. მოკვლევის შემდეგ დავწერე სტატია, რომელიც 1989 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ხელოვნებაში“. მაშინ ბატონი ნოდარ გურაბანიძე იყო რედაქტორი. სტუდენტისთვის ამ ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება ძალიან დიდი წარმატება იყო და ამან ძალიან გამახარა. მერე „ლიტერატურულ საქართველოშიც“ დამიბეჭდეს წერილები… ცოტა ხნის შემდეგ მითხრეს, რომ ჩემი გაცნობა უნდოდა პროფესორ გურამ ლორთქიფანიძეს. მე მას შორიდან ვიცნობდი, არ მასწავლიდა. ბატონმა გურამმა მითხრა, რომ დიდი ყურადღებით წაიკითხა სტატია და რომ სიჭაბუკეში მასაც ჰერალდიკა აინტერესებდა. მან მაჩვენა ახალგაზრდობაში გამოქვეყნებული ნაშრომი და მირჩია, რომ ჰერალდიკა მეკვლია. ისტორიის მეცნიერების ეს დამხმარე დისციპლინა საბჭოთა იდეოლოგიის მიერ შერაცხული იყო, როგორც ძველი ბურჟუაზიისა და თავადაზნაურობის სიმბოლო, ამიტომ ჩვენთან აღარ ისწავლებოდა და არც არავინ იკვლევდა. ასე გავყევი ჰერალდიკური მასალების კვლევას. ამავე მიმართულებით დავიცავი დისერტაცია და ისტორიის დოქტორის წოდება მომენიჭა“, – იხსენებს ბატონი ზურაბი და დასძენს, რომ პირველი კურსიდან დღემდე თხემით ტერფამდე უნივერსიტეტელად დარჩა, რადგან აქ შეიძინა არაერთი მეგობარი, აქ ისწავლა ადამიანობა და ცხოვრება, აქ ჩამოუყალიბდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობა სამშობლოსა და უნივერსიტეტის მიმართ, რაც მისი თაობისთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო. „ეს გრძნობა ახლანდელი თაობისთვისაც ძვირფასია, მაგრამ მაშინდელი სტუდენტობა მხოლოდ სამშობლოს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული ფასეულობების ირგვლივ ტრიალებდა. შეიძლება უპასუხისმგებლო არც მანამდე ვიყავი, მაგრამ უნივერსიტეტში მასწავლებლებმა თავიანთი მაგალითით, თავიანთი ლექციებით დამანახეს, რომ ადამიანი ამქვეყნად მოდის სამშობლოს, პროფესიის, ადამიანების მსახურებისთვის. და კიდევ – უნივერსიტეტმა გამიღვივა მადლიერების გრძნობა იმ არაჩვეულებრივი პედაგოგების მიმართ, ვინც ლექციებზე შემოდიოდა და ცოდნას გვაზიარებდა. მადლობელი ვარ პარტისტორიის ლექტორებისაც კი, რადგან მიმაჩნია, რომ ისინი არავისზე ნაკლები პატრიოტები არ იყვნენ – თავიანთი საგნის ფარგლებში გვაწვეთებდნენ ისეთ ნიუანსებს, რომლითაც სიამაყეს გვიღვივებდნენ, რომ ამ ქვეყნის შვილები ვართ“, – ამბობს ის.
რატომ გამოარჩევს 2018 წელს გამოცემულ მოგონებათა კრებულს – „მამა“
ზურაბ გაიპარაშვილისთვის უნივერსიტეტი არის დასაწყისიც და დასასრულიც. ამბობს, რომ მიწებებულია მასთან, „ერთი პატარა უჯრედია“, „ერთი პატარა აგური ამ დიდი, საოცარი ფენომენისა, რასაც თსუ ჰქვია“. „ნებისმიერი უნივერსიტეტის მისია ქვეყნის განვითარების საქმეში შეუფასებელია. იგი განსაზღვრავს ეროვნულ თვითმყოფადობას. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა და თვით ნიკო ნიკოლაძეც კი ინსტიტუტის გახსნის იდეას ემხრობოდა, ივანე ჯავახიშვილმა გადაწყვიტა, რომ დაეფუძნებინა უნივერსიტეტი და არა ინსტიტუტი, რადგან იცოდა, რომ ერი არ შეიძლება ერად იწოდებოდეს, თუ მას არ აქვს მეცნიერება. მეცნიერება კი უნივერსიტეტში იქმნება“, – ამბობს ბატონი ზურაბი და რადგან ქართული მეცნიერების პატრიარქი – ივანე ჯავახიშვილი – ვახსენეთ, საუბარი იმ გამოცემებზე განვაგრძეთ, რომლებიც თსუ-ს ბიბლიოთეკის ეგიდით გამოიცა და რომელთა რედაქტორი სწორედ ზურაბ გაიპარაშვილია.
ათეულობით წიგნიდან, რომელიც ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიუძღვნა, თავად გამოარჩევს 2018 წელს გამოცემულ მოგონებათა კრებულს – „მამა“. „ამ წიგნის გამოცემის იდეა გაჩნდა იმ ქალბატონთან ერთად, რომელმაც ჩემს პიროვნებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. მახსოვს, ახლად კურსდამთავრებულს მუზეუმში მუშაობა შემომთავაზეს (მაშინ ის-ის იყო ყალიბდებოდა თსუ-ს ისტორიის მუზეუმი). ცხადია, სიხარულით დავთანხმდი. პირველივე დღეს შემიყვანეს ერთ ოთახში, საიდანაც უნდა დაწყებულიყო მუზეუმის ფუნქციონირება და წარმადგინეს ქალბატონთან, რომელთან ერთადაც უნდა მემუშავა. ეს ქალბატონი აღმოჩნდა დალი გერსამია – ძალიან თბილი, ცოტა დისტანციური, თუმცა ყურადღებიანი ადამიანი. დავიწყეთ მუშაობა და პირველ ეტაპზე უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი: მაგალითად, ერთ დღეს იტყოდა ქალბატონი დალი, რომ მოიტანდა ივანეს ჯავახიშვილის ხელნაწერს; მეორე დღეს განაცხადებდა, რომ მუზეუმს შემატებდა მის პირად ნივთებს… ძალიან მიკვირდა ეს ამბავი და ერთხელაც ვკითხე – კი, მაგრამ, საიდან მოგაქვთ ეს ნივთები-მეთქი? მაშინ გავიგე, რომ ის იყო დიდი ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი. ცოტა ხანს მაკვირდებოდა და როდესაც მიიჩნია, რომ შეეძლო – შევეშვი იმ სამყაროში, რომლის ნაწილნიც არიან ივანე ჯავახიშვილის ახლობლები, მითხრა, რომ ჰქონდა დედამისის – ნათელა ჯავახიშვილის – ჩანაწერები. ერთ დღესაც მოიტანა ფანქრით ჩაწერილი მოგონებები მამაზე (ეს ჩანაწერები ჯერ ბროშურად გამოვეცით, ქალბატონი დალის გარდაცვალების შემდეგ კი – წიგნად და დავარქვით „მამა“). სწორედ ქალბატონმა დალიმ მომცა უფლება – შევხებოდი სხვაგვარ ივანე ჯავახიშვილს და განსხვავებული რაკურსით დამენახა იგი. ივანე იმ მოღვაწეთა რიგს ეკუთვნის, რომლებიც ძალიან შორს დგანან და მათზე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებზე, ფიქრი ძალიან გვიჭირს… ქალბატონმა დალიმ კი წამაქეზა და მომცა უფლება – ვანო პაპაზე, როგორც თავად ეძახდა, მეფიქრა, როგორც ჩვეულებრივ ადამიანზე. ივანე ჯავახიშვილისადმი ჩემი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებაა ის, რომ მისი ჩვეულებრივი, ადამიანური თვისებები დავანახე საზოგადოებას. ამ მიზნით დაიბეჭდა ფოტოები მისი საოჯახო ალბომიდან და ამავე მიზნით გავასაჯაროვე მისი ეპისტოლური მემკვიდრეობა, რაც განსაკუთრებით მოსწონს ახალგაზრდობას. ამ მოგონებებში გამოჩნდა ივანე ჯავახიშვილი, როგორც უბრალო ადამიანი საუკეთესო თვისებებით; აქ ჩანს ივანე, როგორც სანიმუშო მამა, შვილი, მეგობარი, პედაგოგი და შეყვარებული. მისი წაკითხვით კიდევ ერთხელ ირწმუნებთ ექვთიმე თაყაიშვილის სიტყვებს: „უნაკლო ადამიანი ამქვეყნად არ არსებობს, მაგრამ თუ შეიძლება – რომ არსებობდეს, მაშინ ასეთი ივანე ჯავახიშვილი იყო“, – გაიხსენა ზურაბ გაიპარაშვილმა.


,,საბიბლიოთეკო საქმე შეიძლება შევადაროთ თეატრს“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ დროისთვის უმდიდრესი ბიბლიოთეკა აქვს, სადაც 4 მილიონამდე საბიბლიოთეკო ერთეული ინახება. პირველად აქ შემოდის წიგნი, აქ ხდება მისი დამუშავება და დაკომპლექტება, აქედან მიდის სხვა საცავებში; აქ არის ბიბლიოგრაფიის, არქივების შემსწავლელი და რესტავრაციის განყოფილებები; აქ მიმდინარეობს დიდი საბიბლიოთეკო საქმიანობა, რომელსაც დიდი რუდუნებით ემსახურება მისი ხელმძღვანელი და ამას აკეთებს სიამაყით, მშობლიური უნივერსიტეტისადმი თავდადებით. „მე ვეუბნები სტუდენტებს, რომ საბიბლიოთეკო საქმე შეიძლება შევადაროთ თეატრს: არის ცხოვრება კულისებს მიღმა და არის ცხოვრება სცენაზე. სწორედ კულისებს მიღმა კეთდება ძირითადი საბიბლიოთეკო საქმე, ერთგვარი სცენა კი სამკითხველო დარბაზებია, სადაც თანამშრომლებს მკითხველთან ურთიერთობა უხდებათ. მე მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი თანამშრომლები და ვაფასებ ნებისმიერ უნივერსიტეტელს, რომელსაც უნივერსიტეტი უყვარს თავის თავში და არა საკუთარი თავი უნივერსიტეტში“, – გვითხრა ბატონმა ზურაბმა და ამ სიტყვების სისწორეში ეჭვსაც ვერ შევიტანთ, რადგან უნივერსიტეტი არასოდეს მთავრდება არც მის სამსახურში და არც სახლში, სადაც მას ასევე უნივერსიტეტელი მეუღლე – თსუ-ს მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებისა და დროებითი გამოფენების კურატორი, ისტორიის დოქტორი მანანა ლილუაშვილი ხვდება.
ოჯახის უფროსი

ცხოვრებას თავისი რეჟისურა აქვს. ისე აღმოჩნდა, რომ ბატონი ზურაბისა და ქალბატონი მანანას ბედი ერთმანეთს წიგნმა და უნივერსიტეტმა დააკავშირა. იმ პერიოდში ზურაბ გაიპარაშვილი უნივერსიტეტის ისტორიის საარქივო მასალებზე მუშაობდა. ერთხელაც ექსპოზიციის გასაკეთებლად მოუწია წასვლა ეროვნულ არქივში, სადაც ცნობილი 471-ე ფონდი ინახებოდა და სადაც იმ დროს ქალბატონი მანანაც მუშაობდა. „ჩვენი ურთიერთობა დაიწყო მის მიერ მოცემული შენიშვნით: ბატონო, არ შეიძლება ქაღალდებზე დაყრდნობა, ხელს ნუ დადებთო“, – იხსენებს ბატონი ზურაბი ღიმილით. მერე ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ხდება: ერთი საქმე, ერთი ინტერესი, ერთი მიზანი… სამ ათეულ წელზე მეტია, ოჯახი აქვთ და მათთვის ყველაზე აქტუალური სასაუბრო თემა დღესაც უნივერსიტეტი და მისი ისტორიაა. შვილები დედის და მამის კვალს არ გაჰყვნენ, „მე დემოკრატი მამა ვარ და არც მიფიქრია, რომ გეზი მიმეცაო“, – გვეუბნება ოჯახის უფროსი, თუმცა მის საუბარში ერთგვარი სიამაყე იგრძნობა, რომ ორივე ქალიშვილში წიგნისადმი სიყვარული და საქმისადმი პასუხისმგებლობა ბუნებრივად დაილექა. დღეს ისინიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე კითხულობენ ლექციებს და ოჯახის დიდ ტრადიციებს აგრძელებენ.
რა ოცნება დარჩა შეუსრულებელი და ცხოვრების რომელ ეტაპს დაუბრუნდებოდა ახლა? – ვეკითხებით ადამიანს, რომელსაც თითქოს ყველაფერზე მიუწვდა ხელი, რაც მოინდომა… აღმოჩნდა, რომ პატარა ოცნება მაინც აქვს და თავიდან რომ იწყებდეს ცხოვრებას, ერთ პატარა დეტალს დაამატებდა განვლილ წლებს: „არასოდეს მიფიქრია ბიბლიოთეკარობაზე, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ჩემთვის ეს ძალიან კომფორტული საქმიანობაა და ამიტომ მასზე უარს ვერ ვიტყოდი, თუმცა კარგია 11-12 წლის ბიჭობაში დაბრუნება… ახლა რომ დამაბრუნა, უფრო დიდ დროს გავატარებდი ჩემი სოფლის ტყე-ღრეში, მდინარის პირას, ხანდაზმულ მეზობლებთან, ჩემიანებთან… მეტად ვაგრძნობინებდი იმ დიდ სიყვარულს, რომელიც დავაკელი“, – ამბობს ადამიანი, რომლის ცხოვრების მთავარი არსი ერთგულებაში, მადლიერებასა და პასუხისმგებლობაში იკითხება და ბედნიერია, რომ ემსახურება საქმეს, რომელიც მასზე დიდია.
