რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გავლენა საერთაშორისო წესრიგზე

თარიღი: 2023-11-03 13:24:00

თსუ-ში პროფესორ ზურაბ დავითაშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

2023 წლის 28 ოქტომბერს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორ ზურაბ დავითაშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

დღის პირველ ნახევარში ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების თანაორგანიზებით, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის თემა რუსეთ-უკრაინის ომსა და საერთაშორისო წესრიგზე მის გავლენას ეხებოდა.

სტუდენტურ კონფერენციაზე 19 მონაწილე სულ 10 მოხსენებით წარსდგა. ფაკულტეტის სტუდენტების ნაშრომები ეხებოდა რუსეთ-უკრაინის ომისა და საერთაშორისო პოლიტიკის სხვადასხვა აქტორისა თუ მოვლენის ურთიერთგავლენას. მათ შორის: აშშ-ევროპის, ჩინეთის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების და ა.შ.

სტუდენტურ კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს: თამუნა წიკლაურმა და ირაკლი ხოჭოლავამ („რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა კუხოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე“); თებეა მინდიაშვილმა და ცოტნე უმეკაშვილმა („ენერგოუსაფრთხოება: ახალი ჰორიზონტი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში“); არსენ სებისკვერაძემ და ლუკა დანელიამ  („ომის მომავალი: ტექნოლოგიები რუსეთ-უკრაინის ომში“); კესო გოგიტაშვილმა და სანდრო კაპანაძემ („ოპეკის წევრი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური კურსი ეკონომიკურ დისკურსში რუსეთ-უკრაინის ომის კვალდაკვალ“); საბა შენგელიამ და პაპუნა ურუშაძემ  („რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საერთაშორისო სისტემის წამყვან აქტორებზე“); იაკობ ორმოცაძემ („რუსეთ-უკრაინის ომი: გზა ჩინეთის ეკონომიკური ჰეგემონიისაკენ“); ელგუჯა მაზმიშვილმა და ლუკა გორგოძემ („რუსეთ-უკრაინის ომი: კარდინალური მოვლენა მსოფლიო სავაჭრო სისტემაში“);  თამთა ბეჟანიშვილმა და მარიამ ივანიაძემ  („რუსეთ-უკრაინის ომის ასახვა გლობალურ არენაზე ნატოს, როგორც სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის, როლისა და ფუნქციის ზრდაზე“);  ირაკლი გოგიაშვილმა და სალომე კაიშაურმა („რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე“); დავით მხეიძემ და თამარ ბიბიჩაძემ („რუსეთ-უკრაინის ომის უარყოფითი ზეგავლენა გლობალურ ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე (შედარებითი ანალიზი)“).

დღის მეორე ნახევარში, საიუბილეო მიღების შემდეგ, დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ფაკულტეტის დეკანმა სალომე დუნდუამ და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელმა ფიქრია ასანიშვილმა. შემდეგ კი ორი პანელური დისკუსია გაიმართა.

პირველი პანელი რუსეთ-უკრაინის ომსა და ცვალებად საერთაშორისო წესრიგს ეხებოდა. მისი მოდერატორი  თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ფიქრია ასანიშვილი იყო, ხოლო სპიკერები იყვნენ: თსუ-ს პროფესორები თორნიკე თურმანიძე და ირინე ქურდაძე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით აფრასიძე, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ეკა აკობია.

მეორე პანელი კი, ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის ფონზე,  საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხს ეხებოდა. მისი მოდერატორი თსუ-ს ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე შუბითიძე იყო, ხოლო სპიკერები თსუ-ს პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: გია ნოდია და სერგი კაპანაძე, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის – ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე. პანელური დისკუსიის პროცესში, მონაწილეების მონოლოგის შემდეგ, აუდიტორიასთან კითხვა-პასუხი გაიმართა.

Facebook
Twitter
LinkedIn