ზურაბ ჩხაიძის გახსენება
თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტმა და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტმა მძიმე დანაკლისი განიცადა – გარდაიცვალა კლინიკური ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ცნობილი ექსპერიმენტატორი, მორფოლოგი, პერფუზიოლოგი და სამედიცინო განათლების ამაგდარი ზურაბ ჩხაიძე.
მან პროფესიული კარიერა 1970-იან წლებში დაიწყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც წარმატებით დაამთავრა სამკურნალო საქმის სპეციალობით. სპეციალობაში დახელოვნება გაიარა თბილისში, ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში. 2008 წელს მან წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ის იყო მაღალი კლასის კლინიცისტი, რომელმაც წარმატებით დაიმკვიდრა თავი საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.
ზურაბ ჩხაიძე, როგორც ასოცირებული პროფესორი, მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტს, კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრას, ამასთანავე იგი გახლდათ მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტის გამორჩეული მკვლევარი. მის მიერ ჩატარებული ლექციების, ასევე მისი მეცნიერული პროდუქციის ხარისხი აღიარებული იყო სტუდენტების და ქართული და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიერ.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავდა ხელოვნური სისხლმიმოქცევის სისტემების შემუშავებას, ორგანოთა პერფუზიულ კონსერვაციას, ღვიძლის ტრანსპლანტაციის მოდელირებას და ექსპერიმენტულ ბიოტექნოლოგიებს. მის მიერ დამუშავებული მოდელები და ტექნოლოგიები გადამწყვეტი აღმოჩნდა როგორც ორგანოთა კონსერვაციის კვლევაში, ისე აპარატურის ინჟინერიაში. მის მიერ მოპოვებული იყო არაერთი ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტი.
2022 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ზურაბ ჩხაიძეს მიანიჭა მედალი – გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.
მისი ნაშრომები დაბეჭდილია წამყვან საერთაშორისო ჟურნალებში, როგორიცაა Annals of Anatomy, Transplantation Proceedings, Georgian Medical News და სხვა, ხოლო მისი მოხსენებები საერთაშორისო კონფერენციებზე კორეაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, აშშ-ში, ბულგარეთში – სპეციალური პრემიებით აღინიშნა. მას მოპოვებული ჰქონდა სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ექიმთა ფორუმის საპატიო ნომინაცია – „ევროპის ცნობილი ექიმი“.
ზურაბ ჩხაიძე გამოირჩეოდა გულწრფელი კეთილგანწყობით და მზრუნველობით როგორც სტუდენტების, ისე კოლეგების მიმართ.
ის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში როგორც კაცი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ჩვენს საზოგადოებაში მეცნიერის და პედაგოგის მაღალი პროფესიული სტანდარტის და ზნეობრივი ხატის დამკვიდრებაში.
