XX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა
თსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და თსუ-ის მუზეუმის ორგანიზებით პროფესორ-მასწავლებელთა XX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. ორდღიანი აკადემიური ფორუმი ღვაწლმოსილი ქართველოლოგის, ენათმეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიების მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც იუბილარის დამსახურებებზე საუბრისას აღნიშნა: „პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის ღვაწლი ქართველოლოგიაში არის არა მხოლოდ სამეცნიერო მემკვიდრეობა, არამედ ეროვნული კულტურის დაცვა და განვითარება. მისი ნაშრომები და მოღვაწეობა დღემდე რჩება გზამკვლევად ახალგაზრდა მკვლევრებისთვის და შთაგონების წყაროდ მომავალი თაობებისთვის“.
კონფერენცია გახსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზურაბ ჭუმბურიძემ აკადემიურ მოღვაწეობასთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა ფილოლოგიურ მეცნიერებათა პოპულარიზებაში, რამდენადაც მან ურთულესი აკადემიური საკითხები ფართო საზოგადოებისთვის მარტივ და გასაგებ ენაზე მიაწოდა მკითხველს.
29 და 30 ივნისს ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში თსუ-ის მუზეუმში გაიხსნა სპეციალური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ზურაბ ჭუმბურიძის ნაშრომები, პირადი არქივი და ფოტოები, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის მდიდარ სამეცნიერო მემკვიდრეობასა და ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას.


სიყვარული ლიტერატურისადმი და პირველი ნაბიჯები მეცნიერებაში
კონფერენციაზე ვრცლად ისაუბრეს ზურაბ ჭუმბურიძის ბიოგრაფიის საინტერესო და მნიშვნელოვან ეპიზოდებზე. იგი დაიბადა 1926 წლის 30 ივნისს სოფელ ქვედა სიმონეთში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
თავდაპირველად, მისი მთავარი გატაცება ლიტერატურა იყო, რაც, როგორც თავად იხსენებდა, დედის დამსახურება გახლდათ. ენათმეცნიერებისკენ მისი ინტერესების გადახრა უნივერსიტეტში ისეთი დიდი მეცნიერების გავლენამ განაპირობა, როგორებიც იყვნენ აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა და ვარლამ თოფურია.
როგორც ბატონი ზურაბ ჭუმბურიძე სტუდენტებთან საუბრისას იხსენებდა, მას არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით დაუწერია და სტუდენტთა კონფერენციაზე წაუკითხავს მოხსენება – „სოფლის მეურნეობის ტერმინოლოგია იმერულში“. მოხსენებას თსუ-ის მაშინდელი რექტორი – ნიკო კეცხოველი ესწრებოდა. მან ბევრი კითხვა დაუსვა მომხსენებელს, რომელმაც შეკითხვებს დამაჯერებელი პასუხები გასცა. ამ მოხსენებამ კონფერენციაზე პირველი პრემია დაიმსახურა, რაც ახალგაზრდა მკვლევარისათვის დიდი სტიმული იყო და საბოლოოდ განსაზღვრა მისი დაინტერესება ენათმეცნიერებით.
აკაკი შანიძის სკოლა და სვანური ენის კვლევა
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ზურაბ ჭუმბურიძემ სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში ძველი ქართული ენის მიმართულებით, აკაკი შანიძის ხელმძღვანელობით. სწორედ მან ურჩია ახალგაზრდა მკვლევარს ძველი ქართული ენის გარდა სვანური ენის შესწავლა: „სვანურში ყველა კილო შესწავლილია ლენტეხურის გარდა, შენ თუ წახვალ და ლენტეხურს მოუვლი, კარგი იქნებაო“.
27 წლის ასაკში ზურაბ ჭუმბურიძემ წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სვანური ენის ლენტეხური კილოს თავისებურებანი“, ხოლო მოგვიანებით, 1968 წელს, სადოქტორო ნაშრომი – „მყოფადი ქართველურ ენებში“. იგი წლების განმავლობაში იყო თსუ-ის ძველი ქართული ენის კათედრის პროფესორი, მისი მონაწილეობითა და რედაქტორობით გამოიცა ძველი ქართული ენის ძეგლები – სინური მრავალთავი და უდაბნოს მრავალთავი, სვანური ენის ქრესტომათია, ქართველური ენების ხუთენოვანი ლექსიკონი, სვანური ენის სახელმძღვანელო. გარკვეულ პერიოდში იგი ხელმძღვანელობდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის განყოფილებას, მას ეკუთვნის ან მისი რედაქტორობით არის გამოცემული არაერთი ქართველი კლასიკოსის ნაწარმოებების აკადემიური გამოცემა: ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, ვასილ ბარნოვის, გიორგი ლეონიძის და სხვ.
ზურაბ ჭუმბურიძე ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა თუ სახელმძღვანელოსი, რომელთა შორის ცალკე უნდა გამოიყოს მისი სამეცნიერო-პოპულარული წიგნები: „რა გქვია შენ?“, „როგორ გაჩნდა სიტყვა“, „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“ და „ქართული ენა, დამწერლობა, ხელნაწერები“. ამ წიგნებმა ავტორს საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული და პოპულარობა მოუტანეს.
ზურაბ ჭუმბურიძის ეროვნულ-მოქალაქეობრივი პოზიცია
კონფერენციაზე გამომსვლელებმა ზურაბ ჭუმბურიძის აკადემიურ მოღვაწეობასთან ერთად ისაუბრეს მის ეროვნულ-მოქალაქეობრივ პოზიციაზე. 1978 წლის აპრილში, როდესაც საბჭოთა კონსტიტუციის ახალი პროექტით ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა, მან კათედრის სხდომაზე საჯაროდ გამოხატა პროტესტი ამასთან დაკავშირებით. ძველი ქართული ენის კათედრამ, აკაკი შანიძის მეთაურობით, წერილობით დააფიქსირა თავისი პრინციპულად უარყოფითი პოზიცია, რასაც შემდგომში სხვა კათედრებმაც აუბეს მხარი და რასაც ქართული ენის გადასარჩენად სტუდენტთა მძლავრი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ზურაბ ჭუმბურიძე ასპირანტობის პერიოდიდან თითქმის სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა ლექციებს თსუ-ში, ამასთანავე პერიოდულად თანამშრომლობდა სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან: ქუთაისის, სოხუმის, ბათუმის უნივერსიტეტებთან, ასწავლიდა ძველ ქართულს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში.
ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძეს არაერთი ჯილდო გადაეცა, კერძოდ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი, შიო მღვიმელის პრემია, ღირსების ორდენი, გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემია. 2006 წელს ზურაბ ჭუმბურიძეს 90 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გადასცა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო — „წმიდა გიორგის ოქროს ორდენი“.
მეცნიერი 2022 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა. ქართული ენისა და კულტურის წინაშე შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მას სამუდამო განსასვენებელი თბილისში თაბორის მამათა მონასტრის ეზოში მიუჩინეს. მის მიერ დატოვებული მდიდარი აკადემიური და ეროვნული მემკვიდრეობა კი კვლავ რჩება საუნივერსიტეტო ცხოვრებისა და ქართველოლოგიის უმნიშვნელოვანეს საყრდენად.

. . .
პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებეს შორის იყო: ,,სერგეი მესხი 60-იანი წლების ენობრივი რეფორმა” (გიორგი გოგოლაშვილი), ,,სოლიდარობის, როგორც ბიოეთიკური პრინციპის, გადააზრება თანამედროვე ეთიკაში” (ანასტასია ზაქარიაძე), ,,სვანური ლექსიკა და საერთოქართველური ფუძეენის დიფერენციაციის საკითხი” (რევაზ აბაშია), ,,გელათის ბიბლიის მცირე წინასწარმეტყველთა დაკარგული მონაკვეთები და სულხან-საბას „ლექსიკონი ქართული“ (თინათინ ჯიქურაშვილი), ,,სულიერების შესახებ ხელოვნებაში (ვ. კანდინსკი მოდერნისტული ხელოვნების თეორეტიკოსი” (ნანა გულიაშვილი), ,,ნიდერლანდური საკუთარი სახელების ქართულად გადმოტანის საკითხი ზურაბ ჭუმბურიძის ფილოლოგიური მემკვიდრეობისა და „რუსული ფილტრის ეფექტის“ ფონზე” (გიორგი ლომიძე), ,,ზოროასტრიზმი და მისი რეპრეზენტაცია ქართულ ჰაგიოგრაფიაში” (ნინო პოპიაშვილი), ,,ჰაგიოგრაფია, როგორც ისტორიული წყარო ქრისტიანულ-ისლამური ურთიერთობების შესასწავლად არაბთა სახალიფოსა და საქართველოში” (მარიამ ნანობაშვილი), ,,პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული ისტორიოგრაფიის პერიოდიზაციისათვის”(მერაბ კალანდაძე), ,,რატომ და როგორ ხდებოდა ამერიკა განსხვავებული: „დიდი გამოღვიძებები“ და ახალი საზოგადოებრივი ცნობიერება” (მიხეილ ბარნოვი), ,,კარლო კაჭარავას ენობრივი ექსპერიმენტები: „შეუძლებლობათა ლექსიკა“ (ნანა გაფრინდაშვილი) და სხვ.
