ზურაბ ცაგარელის გახსენება

თარიღი: 2023-09-25 14:35:21

დიდი დრო არ გასულა, რაც მეცნიერთა რიგებს გამოაკლდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ზურაბ ცაგარელი.

ზურაბ ცაგარელი1934 წლის 11 მაისს  ქ. თბილისში დაიბადა, 1950 წელს ოქროს მედლით დაამთავრა ქ. თბილისის ვაჟთა მე-6 საშუალო სკოლა, 1956 წელს კი წარჩინებით დაასრულა სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1958-1960 წლებში იგი გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1960-1961 წლებში – ამავე ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი,  1961-1969 წლებში კი – უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1969-1971 წლებში მუშაობდა ელექტრონული მიკროსკოპიის ლაბორატორიის გამგედ, ხოლო 1971-2005 წლებში გახლდათ  ციტოლოგიის განყოფილების გამგე.

2006 წლიდან 2023 წლის  8 აგვისტომდე,  სიცოცხლის ბოლომდე, იყო კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის  მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.

1972 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „გულის მორფოლოგია ზოგადი ჰიპოქსიის დროს“,  1976 წელს კი მიენიჭა  პროფესორის წოდება „პათოლოგიური ანატომიის“ დარგში. 1989 წელს ზურაბ ცაგარელი გახდა საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ხოლო 2001 წელს დაჯილდოვდა  ღირსების ორდენით“.

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი ზურაბ ცაგარელი გახლდათ 14 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოსა და 320 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (მათ შორის 114 დაიბეჭდა საზღვარგარეთ).

სხვადასხვა წლებში სამუშაო მივლინებით იმყოფებოდა ევროპის რიგ ქვეყანაში სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში, მათ შორის სისხლის მიმოქცევის პრობლემათა შემსწავლელ ინსტიტუტში (ბერლინბუხი, გერმანია) და მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ინსტიტუტში (იენა, გერმანია).

2009-2023 წლებში ზურაბ ცაგარელი გახლდათ თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი. იგი იყო არაერთი საერთაშორისო კონფერენციისა და პროფილური სემინარის ორგანიზატორი, მომხსენებელი, სამეცნიერო გამოცემათა რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრი.

პროფესორ ზურაბ ცაგარელის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებულია ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტთან და თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრასთან ვლადიმერ ჟღენტისა და ნინო ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით (1958 წ.).

პროფესორ ზურაბ ცაგარელის სამეცნიერო ინტერესები არ შემოიფარგლებოდა რომელიმე ერთი ორგანოს ან სისტემის ფუნქციურ-მორფოლოგიური კვლევით. ის მოიცავდა კლინიკური და მოდელირებული პათოლოგიის სხვადასხვა საკითხებს, რომელთა შესწავლა ხორციელდებოდა თანამედროვე მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური მიდგომებით. მათ შორის: პირველად საქართველოში დაინერგა ტრანსმისიული და მასკანირებელი მიკროსკოპიის მეთოდები, შეიქმნა ელექტრონული მიკროსკოპიისა (1969 წ.) და ციტოლოგიის ლაბორატორიები (1971 წ.) და განყოფილება (1973 წ.).

პირველად ამიერკავკასიაში დაიწყო ჰიპერბარული ოქსიგენაციის მიზანმიმართული კვლევები ორიგინალური მოდიფიკაციით შექმნილ ბაროკამერაზე. შესწავლილი და გამოქვეყნებული იყო შრომები გულის იშემიური ავადმყოფობის და ინფარქტის, ახალშობილთა სეფსისის და ნევროლოგიური მოშლილობების დროს ჰიპერბარული ოქსიგენაციის გამოყენების ეფექტებზე, სადაც ფართოდ გაშუქდა მეთოდის სტრუქტურულ-ფუნქციური საბაზისო საკითხები.

პროფესორ ზურაბ ცაგარელს ეკუთვნის პრინციპულად ახალი გამოკვლევები და თეორიული მიგნებები მიკროცირკულაციის ნორმისა და პათოლოგიის საკითხებზე, განსაკუთრებით – სისხლძარღვის კედლის ენდოთელიუმის ფუნდამენტურ მახასიათებლებზე (განვლადობა, აგრეგაცია, იმუნოგენეზი). დასახელებული საფუძვლად დაედო საკანდიდატო დისერტაციის ნაშრომს ნერვული სისტემის სხვადასხვა განყოფილების მორფოლოგიაზე ბავშვთა ასაკში.

პროფესორ ზურაბ ცაგარელის კვლევებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჟანგბადის უკმარისობის პრობლემას კლინიკისა და ექსპერიმენტის პირობებში, ასევე მოდელირებული ინფარქტის დროს გულის კუმშვადობის და მიკროცირკულაციის მაკორეგირებელი ახალი ფარმაკოლოგიური პრეპარატების გამოცდას, მათი ზემოქმედების მორფოლოგიური ბაზისის კვლევას აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილთან ერთად. ჰიპოქსიის სხვადასხვა სახეობათა დროს გულის ულტრასტრუქტურის შესწავლას ეძღვნება ზურაბ ცაგარელის სადოქტორო დისერტაცია და შემდგომ მონოგრაფია – „გულის ულტრასტრუქტურა ნორმისა და პათოლოგიის დროს“ (1973 წ.). ამ კვლევებს ავტორი აგრძელებდა სიცოცხლის ბოლომდე, რასაც მოწმობს მისი ნაშრომები ათეროსკლეროზთან დაკავშირებული დაავადებების პათოგენეზისა და მოლეკულური ბიოლოგიის საკითხებზე იმუნოჰისტოქიმიისა და იმუნოგენეტიკის ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც გამოქვეყნდა აშშ და ევროპის წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში (2019-2022 წწ.).

პროფესორ ზურაბ ცაგარელის სამეცნიერო კვლევებში სისტემატურად იყო წარმოდგენილი საქართველოში გავრცელებული ენდემური პათოლოგიისა და მორფოეპიდემიოლოგიის საკითხები, სახელდობრ, ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური და სიმსივნური დაავადებები – ამ დაავადებათა კლასიფიკაციისა და ძირითადი ჰისტოპათოლოგიური ნიშნების ფორმულირება, განსაკუთრებით მიკროკარცინომების საკითხები, რომლებსაც მისი ხელმძღვანელობით ახალგაზრდა მეცნიერები იკვლევდნენ.

ბატონი ზურაბ ცაგარელის გარდაცვალება ნამდვილად დიდი დანაკლისია არა მარტო მისი ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგებისათვის, არამედ უნივერსიტეტისა და მთელი დარგისათვის.     

Facebook
Twitter
LinkedIn