ბესარიონ ზოიძე – 70

თარიღი: 2024-02-20 19:44:26

„სამართლის ჭეშმარიტი გასაღები ცივი გონება და თბილი გულია“

ბესარიონ ზოიძე: „მკვლევრის ცხოვრება არ შემოიფარგლება მარტო ბიბლიოთეკებით, უნივერსიტეტის აუდიტორიებითა და ოფისებით. მკვლევარი ყველგან ფიქრობს, ტელევიზორის ყურებისას,  ძილშიც კი… რამდენჯერ უცაბედად გამიკეთებია ჩანაწერები… მკვლევარი დროით შემოსაზღვრული არ არის. მეცნიერს თუ მარწუხებში გამოამწყვდევ და ერთ ადგილზე (ოფისში) მიაჯაჭვავ, იქ არაფერი გაკეთდება. მკვლევარი გაბედული, თავისუფლად მოაზროვნე, მაღალი ზნეობის ადამიანია.

თსუ-ს II კორპუსის ფიზიკის დიდ აუდიტორიაში ნილს ბორის სიტყვებია გამოკრული, რომელიც მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუტოვა სამახსოვროდ: „წინააღმდეგობა უარყოფა კი არა, დაამატებაა“. ბოლო ათი წელია ამ საკითხის ირგვლივ ვტრიალებ, ვცდილობ სამართალში „ჩემი დამატებითობის თეორია“ შევქმნა. რატომ იცით? თუ წინააღმდეგობას დამატებად არ მივიჩნევთ და განვითარების წყაროს არ დავინახავთ მასში, მანამდე არაფერი ეშველება ამ ქვეყანას.  პოლიტიკურ დისკუსია-დებატებს თუ დავაკვირდებით, იქ მოწინააღმდეგე მეტრთანაა გაიგივებული. საბედნიეროდ, ასე არ არის მეცნიერებაში. გურამ ნაჭყებია-ოთარ გამყრელიძის მეცნიერული პაექრობა სამაგალითო უნდა იყოს იურისტებისთვის.

სამართლის სხვადასხვა პრობლემებზე საკმაოდ დიდი ნაშრომი მაქვს მომზადებული. ვეცდები, წლის ბოლომდე გამოვცე. მთელი ჩემი ბოლოდროინდელი შრომების მეცნიერული ინტერესის მთავარი ორიენტირი ადამიანზეა გაკეთებული. არაფრით არ შეიძლება ერთი ადამიანის მრავლის ნაწილად განხილვა. უბრალოდ მრავალი შედგება ერთეული ადამიანებისგან. ეს ძალიან კარგად ჩანს პლატონის „პარმენიდეში“. როდესაც რაღაცის ნაწილად ჩათვლიან ადამიანს, მაშინ უფასურდება მისი ღირებულება… სადაც ერთი ადამიანის უფლებებს არ იცავენ, იქ ვერცერთი ადამიანის უფლება ვერ იქნება დაცული“.

„სამართალი ადამიანის მთავარი იმედია“

ბესარიონ ზოიძე:  „კანტი ასეთ კითხვას სვამს:  საკუთარი თავის გარდა, რისი იმედი უნდა ჰქონდეს ადამიანს? თვითონვე ამბობს: მას სამოქალაქო საზოგადოების, ე.ი. მაღალი კულტურის მქონე ადამიანების იმედი უნდა ჰქონდეს, ასევე სამოქალაქო ინსტიტუტების, დაბოლოს – სამართლის იმედი. ამ სისტემაში სამართალს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რადგან მის გარეშე ვერცერთი მათგანი ვერ შეიქმნება. ამას წინათ ერთ წიგნს ვკითხულობდი, მოწაფეებისთვის ძველი ქართული და უცხოური ლიტერატურაა  მოცემული და იქ ეწერა: მეფეს მრჩევლებმა მექაში მოსალოცად წასვლაზე უარი ათქმევინეს და  ურჩიეს: მაგას ჯობია სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღო, მეფის ერთი სამართლიანი გადაწყვეტილება 60 წლის ლოცვის ტოლფასიაო“.

70 წლის იუბილე

„ბატონი ბესო უნიკალური ადამიანი და მეცნიერია“, „სტუდენტების საყვარელი პროფესორი“, „მისი ნაშრომები გამორჩეულია“…. „მისთვის უმთავრესი სამართლის ღირებულებითი ასპექტია“…  – ამ ფრაზებს თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ხშირად მოისმენთ და, ასევე, ხშირად ნახავთ ნებისმიერ აკადემიურ ღონისძიებაზე  სიტყვით მის გამოსვლებს; მიუხედავად იმისა, რომ საუბრობს ვრცლად (XXI საუკუნის ადამიანს კი ხანდახან მოსმენა მალე ბეზრდება-ხოლმე), გადავსებული აუდიტორია გულისყურით უსმენს, რადგან მისთვის სამართალი ღირებულებათა წესრიგი, სიკეთისა და სამართლიანობის ხელოვნებაა, რომელსაც ყოველთვის ფართო კონტექსტითა და მრავალი ასპექტით, რიგ შემთხვევებში კი, იუმორის თანხლებითაც განიხილავს. ყოველთვის მზად არის ასწავლოს, მოუსმინოს, ურჩიოს და დაეხმაროს სტუდენტებს, რადგან მიიჩნევს, რომ თავისუფალი აზროვნება განვითარების მთავარი საწინდარია. მისი აზრით, ვერ იქნები კარგი მასწავლებელი, თუ იმავდროულად მოსწავლეც არ ხარ, ნამდვილი პროფესორი ხომ თავისი სტუდენტებისგანაც სწავლობს. „რა მოვლენასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე  – პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური,  ყველაფრისგან შეიძლება სწავლა. როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია, ჭკვიანი კაცი ნეგატიურის პოზიტიურითაც ბევრს ისწავლის“,- ამბობს ბესარიონ ზოიძე.

2023 წლის მიწურულს თსუ-ს იურიდიულმა ფაკულტეტმა ბესარიონ ზოიძის 70 წლის იუბილე, მისი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც აღნიშნა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პროექტის ერთ-ერთი თანაავტორის, 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორის, პროფესორის, პედაგოგის საიუბილეო კრებული,  ქართული სამართლის განვითარებაში შეტანილი მისი ღვაწლის დაფასების მიზნით, ფაკულტეტმა გამოსცა. გამოცემა ქართველი და უცხოელი მკვლევრების სტატიებს აერთიანებს.

საიუბილეო ღონისძიება თანამედროვე ქართული სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ბესარიონ ზოიძის მასწავლებლის, პროფესორ სერგო ჯორბენაძის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდა. იურიდიული აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებმა ბესარიონ ზოიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მოღვაწეობის, ქართული სამართლის რეფორმირების პროცესში შეტანილი წვლილისა და მისი, როგორც მეცნიერის, არაერთი თაობის იურისტის აღმზრდელი პედაგოგის შესახებ ისაუბრეს.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია: „როდესაც აფასებ პროფესორ ბესარიონ ზოიძის წვლილს ქართული სამართლის მეცნიერებაში, აცნობიერებ, რომ მას არ აქვს უმნიშვნელო შრომები. მისი ყველა ნაშრომი შესრულებულია სამართლიანი სამართლის მყარი რწმენით, მისი, როგორც მეცნიერისა და პროფესორის, მორალური მოვალეობის სრული გააზრებით. მისთვის სამოქალაქო სამართლის ფუნდამენტი რომის სამართალსა და სამართლის ისტორიაშია, მათთან მიმართებით უნდა გავიაზროთ თანამედროვე სამოქალაქო სამართლის ძირითადი იდეები და კონსტრუქციები და დავსახოთ სამოქალაქო სამართლის განვითარების გზა – როგორი უნდა იყოს სამოქალაქო სამართალი, რომელიც დაეფუძნება უძველეს ცივილისტურ ფუნდამენტს, ფეხს აუწყობს და მოემსახურება საზოგადოების განვითარებას, მის „იდეალებს“. იმისათვის, რომ ასე განიცადო სამართალი, იდეალების უნდა გწამდეს. პროფესორი ბესარიონ ზოიძე ნამდვილად არის სამართლის მეცნიერებაში სამართლის იდეალების მსახური“.

პროფესორი ლადო ჭანტურია: „ბატონი ბესო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეცნიერი იურისტია. მის სახელს უკავშირდება ახალი ქართული კერძო სამართლის ჩამოყალიბება. მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა სამართალს, მეცნიერებას, უნივერსიტეტს, საუნივერსიტეტო განათლებას. წარმატებით მოღვაწეობს როგორც სამართლის ისტორიის, ასევე სამოქალაქო სამართლის სფეროში. მის სახელს უკავშირდება ისეთი ნაშრომები, რომლებიც იურისტების სამაგიდო წიგნებსა და სტუდენტების ძირითად სახელმძღვანელოებს წარმოადგენს.  ბატონი ბესო გახლავთ საქართველოს ისტორიაში პირველი სამოქალაქო კოდექსის თანაავტორი“.

პროფესორი ირაკლი ბურდული:საიუბილეო კრებულების გამოცემა ევროპული ტრადიციაა, რაც გულისხმობს, რომ  განსაკუთრებული დამსახურების მქონე მეცნიერს აკადემიური საზოგადოება  საიუბილეო კრებულს უძღვნის. ასეთი ადამიანია ბესარიონ ზოიძე, ჩვენი კერძო სამართლებრივი სისტემის ერთ-ერთი ფუძემდებელი, არაჩვეულებრივი პიროვნება და, რაც ყველაზე მთავარია, ეს მისი ყველაზე დიდი დამსახურება, ღირსება და თვისებაა, არაჩვეულებრივი მასწავლებელი“.

პროფესორი გიორგი ხუბუა: „ბესარიონ ზოიძე უნიკალური მეცნიერია. მეცნიერებაში მისი ფოკუსი მიმართულია  სამართლის  ღირებულებით ასპექტზე – სამართალში უნდა მძლავრობდეს მისი ჰუმანისტური ტრადიციები, ადამიანი სამართალში უნდა იყოს მიზანი და არა – მიზნის მიღწევის საშუალება. ბატონი ბესო ყოველთვის ფართო ისტორიულ, სოციალურ კონტექსტში განიხილავს სამართლის ნორმებს, დიდ ყურადღებას აქცევს კულტუროლოგიურ ასპექტებს. ასეთი ფართო რაკურსით დანახული სამართალი არა მხოლოდ საინტერესოა, არამედ ის სამართლის შემფარდებელ იურისტებს, სტუდენტებს საშუალებას აძლევს უფრო ოპტიმალური, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ“.

ერთ-ერთი ინტერვიუს მიცემისას ბესო ზოიძე ამბობდა: „კარგი პროფესორი და მეცნიერი რომ იყო, პირველ რიგში, უნდა იყო მორალური პიროვნება ეთიკური სახისმეტყველებით. თუკი ამ მოთხოვნას ოდნაც მაინც ვაკმაყოფილებ, ამაში ჩემი მშობლებისა და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებთან ერთადაც მიწევს ცხოვრება და საქმიანობა“.

გზა სამართლის მეცნიერებისკენ სოფელ დაბაძველიდან დაიწყო – ოჯახი, სკოლა, უნივერსიტეტი, პირველი შეხვედრა სერგო ჯორბენაძესთან, პირველი ნაბიჯები კვლევაში, სამოსამართლეო გამოცდილება… ბესარიონ ზოიძე საკუთარ ისტორიას  ახლა უკვე 70 წლის გადასახედიდან გვიყვება.

რამდენიმე შტრიხი ბიოგრაფიიდან

ბავშვობა დაბაძველში

ბესარიონ ზოიძე: „ჩემი მშობლიური კუთხე აჭარაა. დავიბადე და გავიზარდე შუახევის რაიონის სოფელ დაბაძველში, დავამთავრე დაბაძველის რვაწლიანი სკოლა და ქედის რაიონის ვაიოს საშუალო სკოლა. ახლა იკითხავთ  – როგორ მოვხდი ქედის რაიონში?  შუახევის საშუალო სკოლა სოფლიდან მოშორებით იყო და თანაც მშობლებს დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ოქროს მედალზე დამემთავრებინა, შუახევის სკოლაში კონკურენტები დაინახეს, ამიტომ, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქედის რაიონში, ნათესავის ოჯახში გამიყვანეს. საშუალო სკოლა, ჩემი დიდი მოწადინებისა და ბრწყინვალე პედაგოგების მიუხედავად, მაინც ვერ დავამთავრე ოქროს მედალზე. მაშინ ძალიან ბევრი ბარიერი არსებობდა, ფრიადები მქონდა ყველა საგანში, მაგრამ სხვა მოთხოვნებიც იყო: ჯერ რაიონულ ოლიმპიადაზე უნდა გამემარჯვა და გავიმარჯვე, მერე ავტონომიური რესპუბლიკის მიერ მოწყობილ ოლიმპიადაზე უნდა გამემარჯვა, იქ არაფერი გამომივიდა. თუ გავიმარჯვებდი, მერე თბილისში უნდა წამოვსულიყავი, თან მათემატიკაში უნდა მქონოდა წარმატება. მოკლედ, მშობლების იმედები ვერ გავამართლე ამ კუთხით. ასე აღმოჩნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ჩემთვის ბარიერი.

მთელი ცხოვრება წიგნებს ვუკირკიტებდი, სოფელში  ვიზრდებოდი, მაგრამ ყველა საქმიანობას ვუთავსებდი ერთმანეთს, მშობლებს ვეხმარებოდი მეოთხე კლასიდან – პირუტყვის მოვლა-პატრონობა იყო, საზამთროდ შეშის დამზადება თუ ვენახში მუშაობა… დროის დიდ ნაწილს ფიზიკურ შრომაში ვატარებდი, ამიტომაც ზოგჯერ გაკვეთილების შუაღამემდე მომზადება მიწევდა. მაშინ ჩემი სოფელი (და  არა მხოლოდ სოფელი) მოწყვეტილი იყო დანარჩენ საქართველოს… ბათუმში რომ ჩავსულიყავით, რუსების მარტო სამი ,,შლაგბაუმი“ უნდა გაგვევლო. არასახარბიელო სიტუაცია იყო.

მამაჩემი ხის ხურო იყო, ძალიან ბევრი სახლი აქვს აშენებული, შრომობდა დღე და ღამე, ის უვლიდა ოჯახს; დედაჩემი – დიასახლისი, ბერიძის ქალი იყო; შვიდი და-ძმა ვიყავით. მამაჩემი ძალიან გამორჩეული პიროვნება გახლდათ. მახსოვს, მასთან მოდიოდნენ მეზობლები, თუ რამე  გაუგებრობა იყო მათ შორის და არა მხოლოდ მეზობლები, სხვადასხვა სოფლებიდანაც მოდიოდნენ. მამაჩემი ყველას რჩევას აძლევდა, ეს პროფესია კი არ იყო, როგორც ჭკვიან კაცს მომართავდნენ-ხოლმე, უბრალოდ ჩვეულებითი სამართლის გამოძახილი იყო. მეც მინდოდა მისთვის მიმებაძა და ნდობა გამემართლებინა. ოჯახში პატიოსნების, ღირსების დაცვის, მორალის მეტი არაფერი მისწავლია. მე თუ რამე ღირებულების მატარებელი ვარ, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ჩემი მშობლებისგან მაქვს, ამიტომაც არც იმ მეგობარზე თუ მოსწავლეზე ვბრაზდები, რომელშიც უცბად სხვა, მეორე ადამიანს აღმოვაჩენ… ჩვენ ისინი უნდა გვიყვარდეს. ყველას აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის. ვიცით კი ჩვენ თვითონ რანი ვართ?! სიძულვილზე დიდი უბედურება და სიკეთეზე დიდი მეხამრიდი ბუნებაში არ არსებობს. ის ნებისმიერ ბოროტებას ამარცხებს. რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება, რისი იმედიც მაქვს, სიკეთის გამარჯვება იქნება ბოროტებაზე.“

სტუდენტობა

„სკოლის დამთავრების მერე ორი წელი კოლმეურნეობაში მეველედ ვმუშაობდი,  იურიდიულზე ჩაბარება მინდოდა და სტაჟის გარეშე  არ მიმიღებდნენ. მაშინ სამართლის ფაკულტეტზე 25 კაცს იღებდნენ. მე ან სამართალზე უნდა ჩამებარებინა, ან ფილოსოფიურზე.  ფილოსოფიურზე  გასაუბრება რუსულ ენაზე  იყო და საბუთები არ მიიღეს, ამიტომ წავედი სოფელში. მახსოვს შრომადღეები გვეწერებოდა და ბრიგადირმა ჩემი ძმის გამო (თავმჯდომარე იყო) ზედმეტი შრომადღე დამაწერა, ჩემმა ძმამ კი აიღო კალამი და გადახაზა, რაც ნამუშევარი მქონდა, ისიც მესამედით შეამცირა. მასწავლებლები მუდმივად სტიმულს მაძლევდნენ. ერთი მწერალი გვყავდა ვახტანგ ზოიძე, ბევრი ისტორიული წიგნი აქვს დაწერილი. ერთხელ ჩემზე დაწერა წერილი – ეს ბავშვი გვაღვიძებდა დილითო, სოფელს მამალი არ სჭირდებოდაო. ისე, მე რომ ვმეცადინეობდი, ხმამაღლა ვკითხულობდი და თან ვყვებოდი, ჩემი ხმა ისმოდა სოფლის თავში.

მეორედ ჩამოვედი თბილისში, შევიტანე საბუთები უნივერსიტეტში, არავის ვიცნობდი, ჩემი ძმა ჩამომყვა, წავიდა უკან, დამტოვა მარტო. ისე, პირველ წელს, სამი ღამე რკინიგზის სადგურში გავატარე, მატარებლები დღე და ღამე მოძრაობდნენ, შეგეძლო გაჩერება, წამოწოლა… მახსოვს, ერთხელ პოლიციელმა გამაღვიძა –  მატარებელზე არ დაგაგვიანდესო… არასად არ მაგვიანდებოდა, უბრალოდ, ღამეს ვათენებდი. შემდეგ სტუდქალაქში ვნახე ბინა, გამოცდები კარგად ჩავაბარე და ჩავირიცხე იურიდიულ ფაკულტეტზე.

სტუდქალაქში ქართლოს ღარიბაშვილთან ერთად ვცხოვრობდი (სამგზის პრეზიდენტობის კანდიდატი რომ იყო), მეორე იყო ქისტი ლაბაზა გუმაშვილი… ორივემ მოსკოვში დაიცვა დისერტაცია. კიდევ იყო სვანი – ნოდარ ცალანი და ერთი პოეტი – სერგო თურმანაული. სტიპენდიას ვიღებდი, ბოლომდე არა, მაგრამ, ძირითადად, მაინც მყოფნიდა. მაშინ სტუდქალაქში კვებაც უზრუნველყოფილი იყო და კინოდარბაზიც გვქონდა ხელმისაწვდომი ფასებით. დღეს სანატრელია მაშინდელი პირობები. სასადილოში ყოველ დღე საჭმლის ხარისხს ამოწმებდნენ“.

შეხვედრა პროფესორ სერგო ჯორბენაძესთან

„მეორე კურსზე ვიყავით, როდესაც მე, გუმაშვილმა და ღარიბაშვილმა ლომონოსოვის უნივერსიტეტში გადასვლა გადავწყვიტეთ (სხვანაირად ჟღერდა მაშინ, პრესტიჟული იყო).  დავიწყე საბუთების მოგროვება და ამ დროს მითხრეს – სერგო ჯორბენაძე გიბარებსო. მანამდე უნივერსიტეტში ჭიდაობის ოლიმპიადა ჩატარდა,  სადაც  ვმონაწილეობდი და პირველივე შეხვედრაზე ხელი მოვიტეხე.  სხვათაშორის ღარიბაშვილი იყო ჩემი მწვრთნელი, მეტი გამოცდილება ჰქონდა. ვერ წარმოვიდგენდი  – რაზე მიბარებდა ბატონი სერგო. მივედი პირველ კორპუსში, ველოდები… მგონია, რომ სერგომ იფიქრა  – ეს მაგარი მოჭიდავეაო და უნდა მკითხოს – სპორტში რა წარმატებები და პერსპექტივები მაქვს… ალბათ არ იცის – ხელი რომ მოვიტეხე…  (ბავშვის ფიქრები მაინც როგორია). შევედი…  მკითხა –  საიდან ვარ? ვუთხარი – აჭარიდან-თქო და მიპასუხა:  – უნივერსიტეტში აჭარიდან იურისტი პროფესორი არ გვყავსო და მინდა მე მოგამზადოო. ამ დროს მესამე კურსზე ახალი გადასული ვიყავი და მანამდე მასთან ხშირი კონტაქტი არ მქონია. ჩემს უფროს ძმებს ვკითხე და მირჩიეს თბილისში დარჩენა. ამის მერე ბატონ სერგოსთან კონტაქტი არ გამიწყვეტია. გავაორმაგე ჩემი შრომა, სადიპლომო კარგად დავწერე და მახსოვს, მინდია უგრეხელიძემაც შემაქო. სამართლის თეორიაში სახელმწიფო გამოცდა რომ ჩავაბარეთ, რამდენიმე ფრიადი დაიწერა და გივი ინწკირველმა საგანგებოდ აღნიშნა – ყველაზე კარგი ფრიადი ბესარიონ ზოიძემ მიიღოო.   მომდევნო გამოცდა მქონდა სამოქალაქო სამართალში, იმაზე ორჯერ უკეთესად მოვემზადე და ველოდები – ახლაც გამოაცხადებენ ფრიადებს და იტყვიან  – ყველაზე მაგარი ფრიადი ისევ მე მივიღე… ამჯერად არ გამოუცხადებიათ (ესეც ბავშის დამოკიდებულება)…

ასპირანტურაში ადგილები ცოტა იყო (სამინისტრო ადგენდა მაშინ რაოდენობას), ბატონ სერგოს დავალებით გამოყვეს ადგილი, ჩავაბარე გამოცდები და თემაც განმისაზღვრა – „სახელშეკრულებო და დელიქტური პასუხისმგებლობის თანაფარდობა“; კარგი თემა იყო. საკანდიდატო მინიმუმის ჩასაბარებლად, პროფესორ სერგო ჯორბენაძის რჩევით, 60-მდე წიგნი მაინც წავიკითხე. დღესაც მაქვს კონსპექტები შენახული, 10 კილომდე მაინც გამოვა. საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი და სადოქტოროზე მუშაობის დაწყებამდე ბატონმა სერგომ მირჩია  – პოპულარული წიგნი „ავტომობილი და სამართალი“ დამეწერა. დავწერე 150 გვერდიანი წიგნი, სადაც მძღოლის უფლებები, დაზარალებულის, მგზავრის… (ყველაფერი მქონდა შეტანილი)… თუმცა, ბათუმის გამომცემლობაში ხელნაწერი დაიკარგა და გამოცემა ვერ მოხერხდა. არ ვდარდობ, ვინაიდან შემდეგ კანონმდებლობა მაინც შეიცვალა.

დისერტაციის დაცვის შემდეგ უნივერსიტეტში სამსახურს ველოდებოდი, შესაბამისი ადგილი არ გამოჩნდა. მაშინ ლაბორანტის დანიშვნაც კი ძალიან ძნელი იყო, რადგან ცენტრალური დაწესებულებებიდან უნდა დაშვებულიყო. ამასობაში, 1982 წელს, დავოჯახდი. ჩემი მეუღლე ნატო ნიჟარაძე გეოგრაფიის მიმართულებით ასპირანტურაში სწავლობდა. სამწუხაროდ, ის რამდენიმე წლის წინათ გარდაიცვალა, თუმცა ჩემთვის ის დღესაც ცოცხალია და ჩემს გვერდითაა. ამავე წელს მეცნიერებათა აკადემიაში უფროსი მეცნიერ მუშაკი გავხდი, აკადემიკოსი ისიდორე დოლიძე გარდაიცვალა და პროფესორმა გიორგი ნადარეიშვილმა მისი ადგილი შემომთავაზა. სადოქტორო დისერტაცია ქართული მემკვიდრეობითი სამართლის პრობლემებზე 1992 წელს დავიცავი.

მახსოვს, დისერტაციის ოპონენტები იყვნენ პროფესორები: სერგო ჯორბენაძე, თენგიზ ლილუაშვილი და მიხეილ კეკელია. სერგო ჯორბენაძემ რეცენზიაში დამიწერა, რომ ჩემს მოწაფეს ბესარიონ ზოიძეს ყოველგვარი შეღავათის გარეშე ეკუთვნის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხიო. ასეთი სიტყვები სხვაგან არსად არ მომისმენია. ძალიან დიდი სტიმულის მომცემი იყო. ეს რთული პერიოდია, სერგო ჯორბენაძე ზვიად გამსახურდიას მრჩეველია, 1992-ში გამსახურდიას ხელისუფლება უკვე დამხობილია, ამას ბატონი სერგო ძალიან განიცდიდა, სულ დანაღვლიანებული იყო, ინტერვიუებს აღარ იძლეოდა, 1992 წლიდან სამოქალაქო კოდექსზე დაიწყო მუშაობა, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა და ვალმოხდილმა დატოვა წუთისოფელი“.

საქართველოს პირველი სამოქალაქო კოდექსი

„საქართველოს პირველ სამოქალაქო კოდექსზე მუშაობისას ბატონმა სერგო ჯორბენაძემ ქართველი და გერმანელი პრაქტიკოსი, თეორეტიკოსი იურისტები შემოიკრიბა –  პოფესორები ზურაბ ახვლედიანი, ჯონი ხეცურიანი, რომან შენგელია, როლფ კნიპერი, როლანდ კანდელჰარდი, მარიო პელეგრინო, ჰელმუტ ჰანრიხსი, ლადო ჭანტურია და ბევრი სხვა… კომისიაში მიმიწვია მეც. დღე და ღამე ვმუშაობდით, შაბათ-კვირა, ახალი წელი… მახსოვს, ერთხელ, პირველ იანვარს, უნივერსიტეტში დაგვიბარა და კოდექსზე გვამუშავა… მისი მიზანი იყო ქართველი ხალხისთვის შეექმნა კონსტიტუციის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტი – სამოქალაქო კოდექსი. დაახლოებით 1500 მუხლის შემუშავება მოგვიწია.  ტიტანური  შრომა გავწიეთ.  ამასობაში ლადო ჭანტურია გერმანიიდან დაბრუნდა და სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. ნამდვილად საუკეთესო ნაშრომი დაწერა – „უძრავი ნივთების საკუთრება გერმანულ სამართალში“. ამ გამოკვლევამ ბევრ ახალგაზრდასა და მეცნიერს გაუნათა საკუთრებისკენ მიმავალი გზა. 1995 წელს კოდექსის პირველი ვარიანტი შემუშავდა, სერგო ჯორბენაძემ ოთხკაციანი სარედაქციო კოლეგია შექმნა, რომელშიც თვითონ, ლადო ჭანტურია, ზურაბ ახვლედიანი და მე შევდიოდით. მომდევნო ორი წელი მიდიოდა არსებითად რედაქტირებაზე მუშაობა. ერთხელ ვუთხარით სერგო ჯორბენაძეს: სახელმწიფო არაფერს გვიხდის, ბათუმში არის ქველმოქმედი ადამიანი ასლან აბაშიძე, რომელსაც თბილისელი ინტელიგენცია ფუტკარივით ესევა და  რომელმაც შეიძლება დაგვაფინანსოს. მახსოვს, როგორ გაბრაზდა და თქვა: ვახტანგ VI შემდეგ საქართველოს არ ღირსებია თავისი სამართლის წიგნი, ძლივს დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თქვენ წილად გხვდათ პატივი – მონაწილეობა მიიღოთ სამოქალაქო კოდექსის შემუშავებაში და მეტი რა გინდათო? ამის შემდეგ ხმა არ ამოგვიღია. სერგო ჯორბენაძე მალევე, 1998 წელს გარდაიცვალა. არასდროს დამავიწყდება მისი სახე, ყველას სტიმულს გვაძლევდა, შეცდომაც რომ დაგეშვა, დიდი სისულელეც რომ გეთქვა, ღირსებას არ შეგილახავდა, მიგითითებდა – კიდევ ერთხელ დაფიქრდიო, ყველას მიმართ ასე იყო. ასეთი პროფესორები აკლია უნივერსიტეტს, სტუდენტს საკუთარი აზრი არ უნდა მოახვიო თავს, თავისუფალი აზროვნების საშუალება უნდა მისცე. პროფესორი ვალდებულია გაუფრთხილდეს სტუდენტის ღირსებას და უნდა ეცადო საჯაროდ არ ამხილო იგი. უცოდინრობაში მხილებას ნებისმიერი ადამიანი მტკივნეულად განიცდის.

მახსოვს, სამოქალაქო კოდექსის მიღების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, მაგრამ მე ლექციები მქონდა და ვერ შევძელი დროულად პარლამენტში მისვლა, ლექციების გაცდენაც არ მინდოდა, ცერემონიის დამთავრების შემდეგ მივედი და დამახვედეს ჯილდო – პარლამენტის საპარტიო სიგელი.“

მოღვაწეობა თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში

პროფესორი ბესარიონ ზოიძე თავისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ნაწილად სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში საქმიანობას მიიჩნევს. იგი მთავარი მეცნიერ-მუშაკის პოზიციაზე პროფესორ გიორგი ნადარეიშვილის რეკომენდაციით დაინიშნა.

ბესარიონ ზოიძე: „უნივერსიტეტში ჩემთვის შტატის გამოყოფა რომ ვერ მოხერხდა, ბატონი გიორგი ნადარეიშვილის წინადადებას დავთანხმდი. ისე მომეწონა იქ მუშაობა, რომ უნივერსიტეტში დაბრუნება აღარც მინდოდა. ამ დროს ინსტიტუტი პროფესიონალი იურისტების სამჭედლო იყო. შესანიშნავი სკოლა გავიარე ისეთ ბრწყინვალე პროფესორებთან, როგორებიც იყვნენ გიორგი ნადარეიშვილი, თენგიზ ლილუაშვილი, დავით ფურცელაძე, იაკობ ფუტკარაძე,  ოთარ გამყრელიძე და სხვები. საქმიანობა დავიწყე უფროსი მეცნიერ-მუშაკობიდან, შემდეგ დავიკავე კერძო სამართლის განყოფილების გამგის ადგილი. ამის შემდეგ (1993-1995 წწ.) დირექტორის მოადგილე გავხდი, ხოლოდ 1996 წლიდან – დირექტორი. 1999 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ამირჩიეს და დირექტორის  ადგილი პროფესორმა გიორგი ხუბუამ დაიკავა, რომელიც ღრმად განსწავლული, დასავლურად მოაზროვნე სამართლის თეორეტიკოსი და ფილოსოფოსია. ინსტიტუტში ვმუშაობდი სამართლის ისტორიისა და კერძო სამართლის პრობლემებზე. სადოქტორო დისერტაციაც იქ დავწერე. ამჟამადაც ვაგრძელებ მუშაობას მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. ახალგაზრდა, ასევე ევროპულ ღირებულებებზე გაზრდილი, პროფესორი ლაშა ბრეგვაძე თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით წარმატებით უძღვება ინსტიტუტს და ცდილობს მოიზიდოს ახალგაზრდა სამეცნიერო კადრები. სამწუხაროდ, ინსტიტუტში 70 წელს გადაცილებული მხოლოდ სამი ადამიანი შემოვრჩით.

ჩემი მისვლის დროს ეკონომისტები და იურისტები ერთი დაწესებულების – ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის თანამშრომლები ვიყავით. ჩემს მეუღლესაც ეკონომისტებთან ბუნებადაცვით განყოფილებაში მეცნიერმუშაკის ადგილი ეკავა. ყველა ჩემი წარმატება მის ხელშეწყობასთანაა დაკავშირებული. ჩემმა ქალიშვილმა თამარ ზოიძემაც იურისტის პროფესია აირჩია, სამართლის დოქტორი და თსუ-ს ასოცირებული პროფესორია. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ სამი შვილის დედაა მაშინ, როდესაც მე მხოლოდ ერთი შვილის გაზრდა შევძელი“.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე

„შევარდნაძის პერიოდში, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი მიხეილ სააკაშვილი (შემდგომში საქართველოს პრეზიდენტი), მისი მოადგილე, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე (შემდგომში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე), იუსტიციის მინისტრები – თედო ნინიძე, ჯონი ხეცურიანი… მწვანე შუქს უნთებდნენ სამართლის რეფორმის განხორციელებას, ხელს უწყობდნენ კოდექსებზე მუშაობას. ასეთი რეფორმატორი გუნდი რომ არ გვყოლოდა, დამოუკიდებელი საქართველოს საკანონმდებლო ბაზის შემუშავება ნამდვილად გაჭირდებოდა. მერაბ და პაატა ტურავები, ოთარ გამყრელიძე, ნინო გვენეტაძე, ლადო ჭანტურია, დავით სულაქველიძე, გია მეფარიშვილი, ავთანდილ დემეტრაშვილი და ბევრი სხვა გამორჩეული იურისტის ხელში გაიარა ამ რეფორმამ. ამ ადამიანებს მადლობა ეთქმით, რადგან მათი სურვილისა და მონდომების გარეშე ეს არ მოხდებოდა. მახსოვს სააკაშვილმა და ბურჯანაძემ სახალხო დამცველის პოზიციაზე ჩემი კანდიდატურა წარადგინეს. პროფესორი ზურაბ ახვლედიანი მეუბნება  – უარი არ თქვაო, მაგრამ ჩავარდა ეს საკითხი, რადგან მაშინ ასლან აბაშიძე დაპირისპირებული იყო ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მას კი ჩემი კანდიდატურა არ მოსწონდა. მახსოვს, გასაუბრებაზე ჩემი ძმის შესახებაც დამისვეს კითხვები, რომელიც მაშინ  აბაშიძესთან იყო დაპირისპირებული. ამ გასაუბრებაზე ერთი ცნობილი, ჩემთვის სათაყვანებელი პიროვნება გამოვიდა (სახელს არ დავასახელებ) და ჩემზე თქვა: მაგის ხელმძღვანელს ვიცნობთ, მაგრამ ეგ ვინ არის, არ ვიცითო… იმ დროს მე ვიყავი აკადემიის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი… სააკაშვილმა უპასუხა: (გულწრფელად ვწუხვარ, რომ დღეს ის ციხეშია) – „ბატონო… თქვენ მარტო რაიკომის მდივნებს იცნობთო“…. ამაზე გაბრაზადა ის და დარბაზი დატოვა. ყველა ფრაქციასთან გავიარე გასაუბრებები. ასლან აბაშიძემ მაშინ საკუთარი კანდიდატი წარმოადგინა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად (მაშინ საკმაოდ დაძაბული პერიოდი იყო) მომიწია მომეხსნა ჩემი კანდიდატურა.

ამასობაში მე DAAD-ის სტიპენდიით გერმანიაში წავედი სამუშაოთ და იქ ყოფნისას საქართველოდან შემომთავაზეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა, მივატოვე მაქს-პლანკის ინსტიტუტი, ჩამოვედი თბილისში, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე არ დამდგარა და გერმანიაში დავბრუნდი კვლევის გასაგრძელებლად.

პარალელურად სამოქალაქო კოდექსის კომენტარზე ვმუშაობდით. სერიოზული სამუშაო განხორციელდა, მეც აქტიურად ვმონაწილეობდი.  წლების მანძილზე ამ კომენტარებს იყენებდნენ სასამართლო პრაქტიკაში. ბოლო ხანებში უფრო დიდი მოცულობის კომენატრები გამოვიდა. ისინი ერთმანეთს ავსებენ. ახალგაზრდა, ევროპაში განათლებამიღებული მეცნიერები არიან სამუშაო პროცესში ჩართულნი. ქართული სამართალი ისე სწრაფი ტემპით განვითარდა, რომ არ მგონია  – რომელიმე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მომხდარიყო მსგავსი რამ.

1999 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა შემომთავაზეს და 2009 წლამდე ვმუშაობდი იქ. სამოსამართლეო სამართლის განვითარებისთვის რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი. შეიძლება ვინმეს დღეს ეჭვი ეპარებოდეს, მაგრამ სასამართლო იყო დამოუკიდებელი. ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებდა, პირველ რიგში, მოსამართლეების ავტორიტეტი,  ვინმეს სურვილიც რომ ჰქონოდა, მათ ვერ უბრძანებდნენ. მე რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გავხდი, 46 წლის ვიყავი. ამ დროს საკანდიდატო, სადოქტორო დისერტაცია დაცული მქონდა, მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის დირექტორის 3 წლიანი სტაჟიც გამაჩნდა, ვიყავი სამოქალაქო კოდექსის პროექტის ერთ-ერთი ავტორი… ეს ათი წელიწადი ჩემს პროფესიულ კაერიერაში ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. რუდოლფ შტაინერი ამბობდა: „კარგი ფილოსოფოსი ვერ იქნები, თუ საჭიროების შემთხვევაში არ შეგეძლება შეშის დაპობა“. მე იქიდან გავიგე, იურისტი თუ პრაქტიკაში არ არის ჩართული, ის ვერ ჩამოყალიბებდა როგორც სრულფასოვანი იურისტი, თითოეული ჩემი გადაწყვეტილება ჩემი სხეულის ნაწილად იქცა. მახსოვს, 2002 წელს დენის ტარიფის საქმეზე მივიღეთ გადაწყვეტილება და შედეგად ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა. შევარდნაძემ ერთი ის გააკეთა, რომ რამდენიმე თვე ხელფასები არ მოგვცა, მერე სატელევიზიო გამოსვლაში თქვა:  – აბა რა ეგონათ, ასეთ გადაწყვეტილებას რომ იღებდნენო? მაშინ ჩვენს დამოუკიდებლობა-პრინციპულობას წელს უმაგრებდა საკონსტიტუციო სასამართლოს იმდროინდელი თავმჯდომარე – ბატონი ჯონი ხეცურიანი.  გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ იგი იმდენად ბრძენი და ღირსების მგრძნობი ადამიანია, რომ მას ყველა ხელისუფლება უწევდა ანგარიშს. სხვათაშორის, 2002 წლის მერე კიდევ შევიდა ტარიფთან დაკავშირებული სარჩელები, მაგრამ არავის არ შეუმცირებია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე თვის წინ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას“.

უნივერსიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობამდე და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ

„საბჭოთა პერიოდში კორუფცია ყვაოდა, ზვიად გამსახურდიას მოსვლამდე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქრთამის საშუალებით ირიცხებოდა უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ნიჭიერ ადამიანებსაც აფასებდნენ. უცხოეთთან კავშირი არ გვქონია, პროფესორთა უმეტესობა საბჭოთა სამართალს გვასწავლიდა.  თუმცა, ბატონი სერგოს ლექციები ყოველთვის გამორჩეული სიახლეებით იყო დატვირთული, იყვნენ პროფესორები, რომლებიც დასავლური ღირებულებების წარმოჩენას მაინც ახერხებდნენ. ამას რატომ ვამბობ – როდესაც სამართლის რეფორმის კომისიები შეიქმნა, სერგო ჯორბენაძე, თამაზ შავგულიძე,  გიორგი ტყეშელიაძე, ოთარ გამყრელიძე, თენგიზ ლილუაშვილი თავმჯდომარეობდნენ ამ კომისიებს.  არცერთ მათგანს საზღვარგარეთ არ ჰქონია განათლება მიღებული, მაგრამ ღირებულებითი თვალსაწიერით ზოგჯერ კიდეც სჯობნიდნენ უცხოელ სამართალმცოდნეებს.

საბჭოთა პერიოდში ფილოსოფიას გვასწავლიდნენ, მაგრამ გაფილტრული და პერიფრაზირებული სახით, ლენინის „მატერიალიზმისა და ემპირიოკრიტიციზმის“ ნაცვლად სამართლის ფილოსოფიაზე კანტისა და ჰეგელის წიგნები რომ წაგვეკითხა, უკეთესი იქნებოდა. ისევ ჩემი ხელმძღვანელი მირჩევდა ღირებულ წიგნებს – გონებას რომ გაგინათებს და სამართლის სამყაროს დაგანახებს… ამიტომ სულ ვეუბნები ჩემს სტუდენტებს:  –  წაიკითხეთ ეს, ეს, ეს… მოკლედ, მართალია მაშინ საბჭოთა სამართალი მოქმედებდა, მაგრამ ქართველები თავიანთი მართლშეგნებით კომუნისტები არასდროს ყოფილან, ჩვენი ხალხის გონითი სახისმეტყველება ისტორიულად კერძო მესაკუთრული იყო.  კერძო სამართალი ხომ სამართლის გულია, ჩვენში ყოველთვის იგრძნობოდა კერძო ინტერესების პრიორიტეტი – ეს, ერთი მხრივ, კარგია, მეორე მხრივ – ცუდი, ვინაიდან სახელმწიფო კერძო და საზოგადო ინტერესების დაბალანსებულ-გაწონასწორებული ორგანიზმია.

90-იანი წლების დასაწყისში, დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდში, დაიწყო რეფორმები, დისკუსიები, მახსოვს მე და ლადო ჭანტურიამ რამდენიმე წერილი გამოვაქვეყნეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ პრივატიზაციის საკითხზე. დისკუსია ეხებოდა მიწის პრივატიზაციას, იყვნენ მისი მოწინააღმდეგენი. ზოგის აზრით, სახელმწიფო უნდა დარჩენილიყო მესაკუთრედ, ათასნაირი მოდელები მუშავდებოდა.

მე ძალიან  მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია ერთიანი ეროვნული საგამოცდო სისტემის დანერგვა. ეს ისტორიული გარღვევა იყო. ასეთი რამ არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არ მომხდარა. ამან ძირი გამოუთხარა  ჩაწყობისა  და  კორუფციის სისტემას. ახლა 800-მდე სტუდენტი მყავს სემესტრში და არ მახსოვს ვინმეს ნათესავს დაერეკა და ნიშნის დაწერა ეთხოვა. ყველამ იცის, რომ ჩემი სასწორი ყოველთვის სტუდენტის მხარეზეა ზომიერად გადახრილი, თუ სტუდენტს რამე პრობლემა აქვს, ამის შესახებ თვითონ უნდა მოახსენოს თავის მასწავლებელს.

ფაკულტეტი, რომლის პროფესორიც მე ვარ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფაკულტეტია ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში თავისი პროფესორებითა და სტუდენტებით. ამაში, ცხადია, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციის ღირებულებითი ორიენტაცია. მეამაყება, რომ წლების განმავლობაში ფაკულტეტს წარმატებით უძღვებიან კერძო სამართალზე შეყვარებული ჩემი მოწაფეები – პროფესორ ირაკლი ბურდულით დაწყებული პროფესორ თამარ ზარანდიათი დამთავრებული.

მე ერთ საქმეს ვესმახურებოდი და ვემსახურები – სამართალს. ვცდილობდი სამართლიანი, ობიექტური, ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი და შემწყნარებლური ვყოფილიყავი. მახსენდება – ახალციხეში, უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, ერთი სტუდენტი ვერ მოვიდა სახელმწიფო გამოცდაზე, რადგან ავარიაში მოჰყვა და ხერხემალი დაუზიანდა. მოვიკითხე  – სად ცხოვრობდა, წავიყვანე კომისია მის სახლში, მივედი და იქ გამოვცადეთ, კარგად მიპასუხა, დავუწერეთ ნიშანი და წამოვედით. შეიძლება ვინმეს ეთქვა, რომ სახლი არ არის საგამოცდო ადგილი, მას მე ვუპასუხებდი – მართალი ბრძანდებით, გამოცდები ტარდება სასწავლო დაწესებულებაში. რაც მე გავაკეთე, ეს გამონაკლისი, ეგზისტენციური შემთხვევაა. იგი საგამოცდო წესრიგის უარყოფა კი არა, მისი შევსებაა, დამატებაა. „დამატებითობის თეორია“ სამართლის ენაზე სწორედ ეს არის.

დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ქართული სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების სამსახურში ვარ. არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის მსახური. ამჟამადაც ამ საქმეს ვემსახურები. ვცდილობ, ათასობით ახალგაზრდას გავუღვივო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამართლის სიყვარული. მოკლედ, ჩემი ხატია სამშობლო, ქართული სახელმწიფო და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ყველა ადამიანი. ვნახოთ, ღმერთი რამდენ დროს მომცემს ამ წმინდა მოვალეობის ბოლომდე შესასრულებლად. ჩემს სტუდენტებს სულ ვეუბნები: სამართლის ჭეშმარიტი გასაღები ცივი გონება და თბილი გულია“.

Facebook
Twitter
LinkedIn