თსუ-ში ინტერდისციპლინარული სემინარების ციკლი „ზაზა ალექსიძის საკითხავები“ დაიწყო

თარიღი: 2023-04-03 21:26:55

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერდისციპლინარული სემინარების ციკლი – „ზაზა ალექსიძის საკითხავები“ დაიწყო. სემინარები თვეში ორჯერ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის არმენოლოგიის კათედრისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება. 

„ერთი წლის მანძილზე ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ იმსჯელონ იმ თემებზე, რომლებიც საკვლევ სივრცეში ზაზა ალექსიძემ შემოიტანა  – „ქრისტიანულ კავკასიაზე,“ როგორც ფენომენზე, მის ცალკეულ პრობლემებზე და ამ პრობლემების შემდგომი შესწავლისა და განვითარების პერსპექტივებზე“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

პირველი სემინარი უკვე ჩატარდა. ნათია ჩანტლაძემ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ზაზა ალექსიძის, როგორც მეცნიერის, პორტრეტი გააცნო,  ანა ხარანაულმა კი ლექცია „პალეოგრაფიის ისტორია და ქართული პალეოგრაფიის ნიმუშები“  ზაზა ალექსიძის კვლევებზე დაყრდნობით წაიკითხა.

„ჩვენი ძალიან დიდი მეცნიერი, ქართველოლოგი, არმენოლოგი, კავკასიოლოგი  (ეს ჩამონათვალი შეიძლება კიდევ გავაგრძელოთ) ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და აკადემიურ სივრცში დიდი სიცარიელე დატოვა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სემინარების ციკლის დაწყება, რომ მის წასვლასთან ერთად მისი სიტყვაც არ დადუმებულიყო.  წლის მანძილზე, თვეში ორჯერ, ზაზა ალექსიძის სამეცნიერო კვლევებიდან სხვადასხვა თემებზე ჩავატარებთ სემინარებს; განვიხილავთ ბატონი ზაზას ნაშრომების საფუძველზე რა კვლევების დაწყების პერსპექტივებია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა არ შეწყდეს“, – განაცხადა არმენოლოგიის კათედრის გამგემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, არმენოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა ნათია ჩანტლაძემ.

„ძალიან საინტერესო სემინარი ჩატარდა, ზაზა ალექსიძის შესახებ ბევრი რამ გავიგე. ფილოლოგიის სპეციალობაზე ვსწავლობ და ფილოლოგიასთან დაკავშირებით რაც კი საგნები მისწავლია, ყველგან მქონდა ზაზა ალექსიძის ნაშრომებთან შეხება. ვგეგმავ, რომ სწავლა-მუშაობა ტექსტოლოგიის მიმართულებით გავაგრძელო, რისთვისაც ზაზა ალექსიძის შრომების ცოდნა უმნიშვნელოვანესია“, – გვითხრა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა ნინო ვარდიაშვილმა.

„ზაზა ალექსიძის საკითხავები“ სააუდიტორო ფორმატში მიმდინარეობს, თუმცა დაინტერესებულ საზოგადოებას მასზე დასწრება ზუმის საშუალებითაც შეუძლია.

აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორია.

Facebook
Twitter
LinkedIn