თამარ ზაქარეიშვილი ვალენსიას უნივერსიტეტის პოსტდოქტორის პოზიციას დაიკავებს

თარიღი: 2023-07-26 16:43:13

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის  ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი თამარ ზაქარეიშვილი მომავალი წლიდან ესპანეთის ქალაქ ვალენსიას უნივერსიტეტის ნაწილაკების ფიზიკის ინსტიტუტში პოსტდოქტორის პოზიციაზე იმუშავებს. ეს სასიამოვნო სიახლე მოყვა იმ სადისერტაციო ნაშრომის წარმატებას, რომლის მიხედვითაც თამარს დოქტორის წოდება სულ ერთი წლის წინ მიენიჭა.

თამარ ზაქარეიშვილი  2011-2015 წლებში სწავლობდა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ფიზიკის მიმართულებით. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, 2017 წელს, ჩააბარა სადოქტორო პროგრამაზე. მისი სადისერტაციო ნაშრომის პირველი ნაწილი შეეხებოდა ATLAS-დეტექტორის ფუნქციონირებას, კერძოდ ადრონული კალორიმეტრის სიგნალის შესწავლას, ხოლო მეორე – ATLAS- ექსპერიმენტში ჩაწერილი მონაცემების დამუშავების საფუძველზე, ე.წ. ჯიფსი ნაწილაკის დაბადების კვეთის გაზომვას. ნაშრომის ხელმძღვანელები გახლდათ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-მკვლევარი თამარ ჯობავა და დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი ვახტანგ ქართველიშვილი. 

დისერტაციის დაცვის შემდეგ თამარის ცხოვრებაში ახალი პერსპექტივა გაჩნდა – მან წარმატებით გაიარა კონკურსი პოსტდოქტორის პოზიციაზე და მომავალი სასწავლო წლიდან კვლევას ესპანეთში –  ვალენსიას უნივერსიტეტის ნაწილაკების ფიზიკის ინსტიტუტში განაგრძობს. როგორც ჩვენთან საუბარში თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა გელა დევიძემ აღნიშნა, თამარის ეს გამარჯვება ადვილი არ ყოფილა, მან ამ კონკურსში 50-მდე ახალგაზრდა მკვლევარს აჯობა და პოზიციაც დამსახურებულად დაიკავა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და, კონკრეტულად, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით მნიშვნელობას კიდევ მეტად წარმოაჩენს: „ჩვენი ინსტიტუტი მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაშია ჩართული.  ერთ-ერთი მათგანია CERN-ის, ანუ ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრის ATLAS-ექსპერიმენტი. ამ კოლაბორაციაში ჩვენი გუნდი 20 წელზე მეტია მუშაობს. ამ საქმის ერთ-ერთი პიონერია თამარ ჯობავა, რომელიც თამარ ზაქარეიშვილის ხელმძღვანელი გახლდათ. თამარ ზაქარეიშვილის წარმატება იმანაც განაპირობა, რომ ჩვენი მეცნიერები მაქსიმალურად ცდილობენ ახალგაზრდების დაინტერესებას და კვლევებში ჩართვას. ამასვე ვცდილობ მეც, როგორც სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. მინდა, ხელი შევუწყო  მკვლევრებს და მათი წარმატება საზოგადოებას გავუზიარო“, – გვითხრა გელა დევიძემ.

თამარი ATLAS-ექსპერიმენტში ვალენსიაშიც განაგრძობს მუშაობას, თუმცა შეიცვლება მისი კვლევის ვექტორი. ის აქამდე B ფიზიკაში მუშაობდა (ATLAS-ექსპერიმენტი დაყოფილია სხვადასხვა მიმართულებებად, ჯიფსი ნაწილკი B ფიზიკის მიმართულებას განეკუთვნება), ამიერიდან კი კვლევას  ე.წ. ჰიგსის კვლევის ჯგუფში განაგრძობს, თუმცა, როგორც თამარი ამბობს, ჰიგსის კვლევებიც ფართოა და კონკრეტულად რა მიმართულებას აირჩევს, ცოტა ხანში გადაწყდება.

ამ ეტაპზე თამარ ზაქარეიშვილის მთავარი ამოცანა, ხელმძღვანელებთან ერთად, არის ის, რომ მისი სადოქტორო ნაშრომის თემატიკაზე შექმნილი  ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი  გამოაქვეყნოს მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში.

კითხვაზე, თუ რა როლს აკისრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საკუთარ წარმატებაში, თამარი გვპასუხობს, რომ უნივერსიტეტმა სრულიად სხვაგვარად დაანახა სამყარო და რასაც მიაღწია, სწორედ ამ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის და პედაგოგების დამსახურებაა: „ბაკალავრიატიდან მოყოლებული, აქ გამეხსნა სამყაროს აღქმის თვალსაწიერი, რადგან ფიზიკა, რომელიც სკოლაში ისწავლება, არის სრულიად განსხვავებული იმისგან, რაც უნივერსიტეტში ისწავლება და რაც ბევრად უფრო საინტერესო და ღრმაა. რადგან ასეთი საინტერესო სამყარო დამხვდა და კარი გაიხსნა (ამ დროს  ლექტორებისგან უკვე ვიცოდი CERN-ისა და იქ მოღვაწე  ქართველი მეცნიერების შესახებ), მივედი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, სადაც ძალიან დამეხმარნენ. აქ შევისწავლე  მონაცემების ანალიზი და ის პროგრამები, რომლის ცოდნის გარეშეც  დღეს მუშაობა   შეუძლებელია“, – გვითხრა თამარმა.

ახალი ჰორიზონტი უკვე გაშლილია. თამარი ახლა სამეცნიერო კარიერის მნიშვნელოვან ეტაპზე იწყებს საქმიანობას, რომლის კონტურები ჯერ მხოლოდ ახლა იკვეთება, თუმცა კარგად იცის ერთი რამ – ხიდის მხარეს უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები დგანან და მეორე მხარეს საქართველოს სამეცნიერო ელიტა… რომ არა მათი ერთობლივი საქმიანობა, ახალგაზრდა მეცნიერისთვის ამგვარი ფართო ასპარეზი არ გადაიშლებოდა, ამიტომაც თავად ამ ტრადიციის გაგრძელებას ეცდება – მუდმივად ექნება კავშირი მშობლიურ უნივერსიტეტთან და დაგროვილ ცოდნას ქართველ სტუდენტებს გაუზიარებს.

Facebook
Twitter
LinkedIn