საერთაშორისო ზამთრის სკოლა – „პარადიგმის ცვლა – მეცნიერების ახალი ფილოსოფია“
2025 წლის 31 მარტიდან 6 აპრილამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო ზამთრის სკოლას „პარადიგმის ცვლა – მეცნიერების ახალი ფილოსოფია“. ზამთრის სკოლა ერთობლივად ტარდება ფრანკფურტის ქართველოლოგიის მიმართულების (დოქ. მარიამ ყამარაული), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა (პროფ. დარეჯან თვალთვაძე) და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველოს (პროფ. მანანა თანდაშვილი) ორგანიზებით.
რას გულისხმობს სახელი ,,პარადიგმების ცვლა – მეცნიერების ახალი ფილოსოფია“?
21-ე საუკუნის მიჯნაზე განვითარებულმა მსოფლიო გლობალიზაციის პროცესმა და ტექნოლოგიურმა რევოლუციამ წარმოუდგენლად დააჩქარა სამეცნიერო საზოგადოების თვისებრივი ცვლილება. დღეს ჩვენ თვალწინ იქმნება მეცნიერების ახალი ფილოსოფია, რამაც, თავის მხრივ, მოითხოვა ძირითადი კონცეპტების – ცოდნისა და რესურსის – რეინტერპრეტაცია. კვლევის ტექნოლოგიზაციამ, შესაბამისად, გამოიწვია ახალი ტიპის ცოდნის შექმნის აუცილებლობა, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა მეცნიერებაში პარადიგმის შეცვლა და მეცნიერების ახალი ფილოსოფიის ჩამოყალიბება. ამ უკანასკნელში იგულისხმება როგორც კვლევის არსებითი კომპონენტების არსის, ისე სამეცნიერო კომუნიკაციის ეთიკისა და ფორმების ცვლილება. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ, ღია მეცნიერების პრინციპის დანერგვამ და რესურსებზე შეუზღუდავმა ხელმისაწვდომობამ შედეგად მოიტანა მეცნიერების დემოკრატიზაცია, რომელიც 21-ე საუკუნის ერთ-ერთ არსებით გამოწვევად იქცა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ზამთრის სკოლის ორგანიზებისთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა 2023 წლის 4-8 ოქტომბერს ფრანკფურტის უნივერსიტეტში ჩატარებული საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალური კავკასიოლოგია – პარადიგმის ცვლა“, რომელზეც გამოიკვეთა ამ ცვლილებების შესახებ ცოდნის ახალგაზრდებისთვის გადაცემის საჭიროება, რისთვისაც კარგ საშუალებას წარმოადგენს საერთაშორისო სეზონური სკოლების პერიოდულად ჩატარება.
საერთაშორისო ზამთრის სკოლა მიზნად ისახავს ჰუმანიტართა ახალგაზრდა თაობისათვის როგორც თეორიული ცოდნის გადაცემას – მეცნიერებაში პარადიგმის ცვლილების არსისა და ფორმების შესახებ, ისე ჰუმანიტარულ კვლევებში ციფრული რესურსების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების ათვისებასა და პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

ტექნოლოგიური რევოლუცია აისახა საქართველოს ეროვნულ მეცნიერებაზე – ქართველოლოგიაზე, რომელიც ღირსეულად შეხვდა 21-ე საუკუნის გამოწვევებს როგორც ციფრული რესურსების, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნისა და გამოყენების თვალსაზრისით. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება კორპუსული კვლევების დანერგვასა და ღია რესურსების შექმნისა და გამოყენების საერთაშორისო სტანდარტებს. ზამთრის სკოლაზე განხილული იქნება:
- როგორ წარვმართოთ კვლევა დღეს, ციფრული რესურსების საუკუნეში და რა ტექნოლოგიური საშუალებები შეიძლება გამოვიყენოთ ციფრული რესურსების დასამუშავებლად?
- როგორ დავიცვათ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება ღია წვდომის კონცეფციის პირობებში?
- როგორ განვახორციელოთ მონაცემთა მიმოქცევა უსაფრთხოდ?
- როგორ ფუნქციონირებს დღეს სამეცნიერო საზოგადოება და როგორია სამეცნიერო კომუნიკაციის თანამედროვე სტანდარტები?
- რას ითვალისწინებს მეცნიერული კომუნიკაციის ახალი ეთიკა?
- რაში მდგომარეობს მეცნიერების ახალი ფილოსოფია?
საერთაშორისო ზამთრის სკოლა „პარადიგმის ცვლა – მეცნიერების ახალი ფილოსოფია“ ინტერდისციპლინური ხასიათისაა. მოხსენებებს წაიკითხავენ მეცნიერები გერმანიისა და საქართველოს უნივერსიტეტებიდან: დარეჯან თვალთვაძე (თსუ), მანანა თანდაშვილი (ფრანკფურტის უნივერსიტეტი), ქეთევან დათუკიშვილი (თსუ), ნანა ლოლაძე (თსუ), მარიამ ყამარაული (ფრანკფურტის უნივერსიტეტი/ჰამბურგის უნივერსიტეტი), მარიამ გობიანიძე (ფრანკფურტის უნივერსიტეტი/თსუ), გიორგი ჯღარკავა (თსუ), მარიამ რუხაძე (თსუ), დავით მაისურაძე (თსუ), თათია ცეცხლაძე (ბნსუ).
საერთაშორისო ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ საერთაშორისო სერტიფიკატს.
„მსგავს სკოლებს ფრანკფურტის უნივერსიტეტი 2012 წლიდან უწყვეტად ატარებს საქართველოში. ამ სკოლებში გაიზარდა დიგიტალური ჰუმანიტარიის რამდენიმე თაობა, რომელთაც ჰქონდათ უნიკალური შანსი – ესწავლათ და ემუშავათ მსოფლიოს წამყვან ენათმეცნიერებთან ერთად. სკოლების ფარგლებში სტუდენტები ეცნობიან კვლევის უახლეს ლინგვისტურ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, სწავლობენ მასალის დამუშავებას დიგიტალური მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით. ისინი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას იყენებენ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო კვლევებში. ჩვენი სკოლების პირველი და მეორე თაობის მონაწილეები დღეს უკვე თავად კითხულობენ ლექციებს არა მხოლოდ ზამთრისა და ზაფხულის სკოლებში, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტში და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებენ“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ფრანკფურტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების დოქტორანტმა, ზამთრის სკოლის კოორდინატორმა მარიამ გობიანიძემ.
წლევანდელი სკოლა იმითაა გამორჩეული, რომ პროექტის ავტორია უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველოლოგი, ფრანკფურტისა და ჰამბურგის უნივერსიტეტების მეცნიერ-თანამშრომელი მარიამ ყამარაული, ხოლო პროექტის კოორდინატორი — ფრანკფურტის უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გობიანიძე. ორივე ახალგაზრდა მეცნიერი დიგიტალური ჰუმანიტარიის სეზონური სკოლების პირველი და მეორე თაობის წარმომადგენელნი არიან და აგრძელებენ დიგიტალურ ჰუმანიტარიაში სეზონური სკოლების ორგანიზების ტრადიციას. სწორედ ამ სკოლებმა მისცა საშუალება ქართველ სტუდენტებს, რომ ეროვნული მეცნიერების ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება — ქართველოლოგია — კვლევის ტრადიციულ მეთოდებთან ერთად, უახლესი დიგიტალური მეთოდებით ეკვლიათ.
