გამოიცა ახალი წიგნი ყვარლის მუნიციპალიტეტზე
სტუდენტური პროექტის ,,ყვარლის მუნიცალიტეტის ღირსშესანიშნაობების გეოგრაფიული კვლევის“ ფარგლებში დაიბეჭდა წიგნი ,,ყვარლის მუნიციპალიტეტი“.
კვლევის პროცესში ყვარლის მუნიციპალიტეტში 25 მარტიდან 22 მაისამდე შესრულდა საველე სამუშაოები. კვლევის მთავარი მიზანი იყო ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობების აღრიცხვა და შეფასება – მათი პრაქტიკული მნიშვნელობის შესწავლა და პოტენციალის გამორკვევა: ტურისტულ-რეკრეაციული, აგრარული, სამკურნალო, სპორტული, კულტურულ-ისტორიული, არქეოლოგიური და სხვ. სტუდენტური სამეცნიერო პროექტის ავტორები არიან თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტები: ნინო ციკოლია (ხელმძღვანელი), მარიამ ბუცხრიკიძე და ანა გულბანი. სამეცნიერო პროექტის კოორდინატორი არის გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, თსუ-ს გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი. შესაბამისად, გამოცემული წიგნის თანაავტორები არიან ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი, საბაკალავრო პროგრამა ,,გეოგრაფიის“ სტუდენტები: ნინო ციკოლია, ანა გულბანი და მაგისტრანტიმარიამ ბუცხრიკიძე.
წიგნში განხილულია ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, დეტალურად დახასიათებულია საველე კვლევების დროს მოპოვებული მასალები ერთი ქალაქისა და საინტერესო გეოგრაფიული პირობებით და კულტურული მემკვიდრეობით მუნიციპალიტეტში გამორჩეული 21 დასახლებული პუნქტის შესახებ. პროექტის ფარგლებში მოხდა ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული საინტერესო რელიეფის ფორმების მოძიება, მათი ადგილზე მონახულება შეფასების მიზნით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა საფუძვლიანი შემდგომი კვლევების ჩატარებისთვის. საველე პირობებში განხორციელდა დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული კვლევა, ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა დასახლებული პუნქტების ისტორიული და ბუნებრივი საინტერესო ადგილების შესახებ, აგრეთვე, მთავარი ღირსშესანიშნავი ადგილებისა და ობიექტების ფოტოფიქსაცია.
წიგნი ილუსტრირებულია მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების შესაბამისი ფოტოსურათებით. განხილულია: სოფლების სახელწოდების წარმოშობის სხვადასხვა ვერსია, ტრადიცია, თქმულება, ლეგენდა, გავრცელებული გვარები; მოცემულია გეოგრაფიული ადგილების (მდინარეები, ტბები, მინდვრები, მთები, ხეობები) დახასიათება; გააანალიზებულია ეკლესია-მონასტრების, ციხე-სიმაგრეებისა და სახლ-მუზეუმების როგორც ისტორიული წარსული, აგრეთვე, თანამედროვე მდგომარეობა.
,,სტუდენტური სამეცნიერო პროექტის კვლევის მიზანი იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსების (ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა) გეოგრაფიული შეფასება, რაც, გარკვეულწილად, შეავსებს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების შესახებ არსებულ გეოგრაფიული მონაცემების სიმწირის ხარვეზებს, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცნობადობის გაზრდასა და სხვადასხვა სახის ტურისტული მიმართულების განვითარებას.
მუნიციპალიტეტს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. აქ წარმოდგენილია მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები. ყვარლის მუნიციპალიტეტის მკვიდრთა დამახასიათებელი სტუმარ-მასპინძლობის განსაკუთრებული ტრადიციები საუკეთესო პირობაა ამ ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებისათვის“, – აცხადებს გიორგი დვალაშვილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტზე წიგნი დააინტერესებს როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, აგრეთვე, საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებსა და მოგზაურებს.
პროექტის დასრულების შემდეგ მოპოვებული მასალები ხელმისაწვდომი გახდა დაინტერესებულ პირთათვის. კვლევის შედეგად მოპოვებული მასალები გამოყენებული იქნა საბაკალავრო პროგრამა ,,გეოგრაფიაში“ დაგეგმილ სტუდენტთა კონფერენციის თემად. პროექტის შედეგად გამოცემული წიგნის მიხედვით იგეგმება საჯარო სკოლებისათვის გეოგრაფიული ვიქტორინა, სადაც საკითხები შერჩეული იქნება ყვარლის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნავი ობიექტების მიხედევით.
წიგნი ,,ყვარლის მუნიციპალიტეტი“ მცირე ტირაჟით დაიბეჭდა, წიგნების უმეტესობა საჩუქრად გადაეცა როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, აგრეთვე, სხვადასხვა საჯარო და სამეცნიერო ბიბლიოთეკებს.