ხორვატი მეცნიერები თსუ-სთან მომავალი თანამშრომლობით დაინტერესდნენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთარ ბაქანიძის სახელობის უკრაინისტიკის ცენტრის უფროსი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო ჩხატარაშვილი ერაზმუს პლუსის მობილობის ფარგლებში ზაგრების (ხორვატია) უნივერსიტეტს ეწვია, სადაც სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციების კურსი: ქართულ-უკრაინული ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობები და ქართული თემის არსებობის მიზეზები უკრაინულ ლიტერატურაში. ქალბატონი სოფიო იქ შეხვდა ხორვატ კოლეგებს, რომლებიც დაინტერესებული არიან თსუ-სთან მომავალი თანამშრომლობით.
გვესაუბრება ფილოლოგიის დოქტორი სოფიო ჩხატარაშვილი
ზაგრების უნივერსიტეტმა ერაზმუს პლუსის პროგრამის ფარგლებში წასაკითხად მიმიწვია. საერთაშორისო მობილობა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა და გამოცდილებაა აკადემიური პერსონალისთვის. მიხარია, რომ მეც მომეცა ამის საშუალება. მივლინება შედეგიანი აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვისაც და, ამასთანავე, როგორც თსუ-ს უკრაინისტიკის ცენტრის წარმომადგენლისთვისაც. ცხადია, პირველი ვიზიტი სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის უძველეს უნივერსიტეტში უაღრესად საპასუხისმგებლო იყო.
ვიზიტის ფარგლებში ზაგრების უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის აღმოსავლეთ სლავური ენებისა და ლიტერატურის კათედრაზე წავიკითხე ლექციები, რომელსაც სლავური ფილოლოგიის სტუდენტები ესწრებოდნენ. გარდა ამისა, მქონდა რამდენიმე შეხვედრა კათედრის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან, რომლებსაც პრეზენტაციის სახით წარვუდგინე ქართულ-უკრაინული ლიტერატურული ურთიერთობების მოკლე ისტორია.
სტუდენტებთან შეხვედრისას ვისაუბრე თემებზე: „ქართული უკრაინისტიკა და მისი პერსპექტივები“, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში უკრაინული ენისა და ლიტერატურის სწავლა-სწავლების ისტორიასა და ოთარ ბაქანიძის მიერ 2007 წელს დაარსებული უკრაინისტიკის ინსტიტუტის, ამჟამად პროფესორ ოთარ ბაქანიძის სახელობის უკრაინისტიკის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებსა და ძირითად საქმიანობას შეეხებოდა; „უკრაინელი სამოციანელები“, რომელიც ერთ-ერთი უახლესი და აქტუალური თემაა მთელ უკრაინულ ლიტერატურაში, ხოლო რაც შეეხება ლექციას – „ქართული თემა უკრაინულ ლიტერატურაში“ – ეს გახლავთ საკმაოდ ვრცელი და მნიშნელოვანი საკითხი, რომლის შესწავლა მრავალ ჭრილშია შესაძლებელი.
ლექციების მიმართ სტუდენტების ინტერესმა და უკუკავშირმა ჩემთვის მოლოდინს გადააჭარბა. ისინი კარგად იცნობდნენ უკრაინელი კლასიკოსი მწერლების შემოქმედებას, მაგრამ უახლესი უკრაინული ლიტერატურის წარმომადგენლების შემოქმედების ანალიზი მათთვის სიახლე იყო. სიახლე იყო აგრეთვე ყველაფერი, რაც საქართველოს უკავშირდებოდა. სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები ქართული დამწერლობის, ლიტერატურული ძეგლების, ხელოვნების ნიმუშებისა და ტრადიციების შესახებ. მთხოვეს – დაფაზე მათი სახელები დამეწერა. განსაკუთრებული ეფექტი მათზე მოახდინა ჩვენი ლიტერატურის ისტორიამ და უცხო ქვეყნის (უკრაინის) კულტურაში ქართული ფენომენის ასახვის ასპექტებმა.
რაც შეეხება ხორვატიის მეცნიერებთან თანამშრომლობის პერსპექტივებს, ჩვენი ხორვატი კოლეგები, ფილოლოგიის დოქტორები ანა დუგანძიჩი და სილვია გრალუკი უკრაინისტიკის ცენტრში, პირველად, 2017 წელს გვესტუმრნენ. მოგეხსენებათ, ხორვატიაში სლავური კულტურის კვლევას დიდი ტრადიცია აქვს, განსაკუთრებით – ენებისა და ლიტერატურის შესწავლას, როგორც აღმოსავლეთ სლავური, ისე დასავლეთ სლავური ქვეყნებისა. შესაბამისად, ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან, მაგრამ კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის გამოცდილება მათთვის საინტერესო სიახლეს წარმოადგენდა.
თსუ-ს უკრაინისტიკის ცენტრში პირველივე ვიზიტის დროს ხორვატმა მეცნიერებმა გამოთქვეს სურვილი ჩვენთან მომავალი თანამშრომლობისა. წელს, მათი ორგანიზებით, ზაგრების უნივერსიტეტში გამოფენა მოეწყობა, რომლის მთავარი თემა იქნება ქართული დამწერლობა.
საერთაშორისო მობილობის ფარგლებში ზაგრებში გაემგზავრებიან ჩვენი ცენტრის უფროსი სპეციალისტები: ნინო ნასყიდაშვილი და ივანე მჭედელაძე, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ზემოაღნიშნულ თანამშრომლობაში. ჩვენც და ჩვენი ხორვატი კოლეგებიც, მხარდაჭერას ვგრძნობთ ჩვენი ფაკულტეტების მხრიდან, რაც მოტივაციას გვიმაღლებს. პერსპექტივებს რაც შეეხება, როდესაც მკვლევრები ერთი და იმავე თემით არიან დაინტერესებული, ყოველთვის ჩნდება იდეები, რომელთა გარშემო კოლაბორაცია სრულიად შესაძლებელია.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი იდეაა ლიტერატურათმცოდნეობის ისტორიაში თანაავტორობით რამდენიმე სტატიაზე მუშაობა; ვგეგმავთ გავმართოთ მრგვალი მაგიდა, რომელიც ტარას შევჩენკოსა და ლესია უკრაინკას იუბილეებს მიეძღვნება და რომლის ფარგლებში უკრაინელ, ხორვატ, პოლონელ და იტალიელ კოლეგებთან ერთად ვისაუბრებთ, როგორც ენის, ისე ლიტერატურის საკითხებზე. შესაძლებელია ხორვატიულ-უკრაინულ-ქართული სასაუბროს შედგენაზე მუშაობა. ვფიქრობ, ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება შეგვიძლია.
აქვე გაგიზიარებთ უახლეს ინფორმაციას – სულ ცოტა ხნის წინ ხორვატიაში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რომლის წარმომადგენლებიც ეს-ესაა დაუკავშირდნენ ჩვენს კოლეგებს და მხარდაჭერა აღუთქვეს ზაგრების უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის საკითხში.
უაღრესად სასიხარულოა ჩემთვის ასეთი რეზონანსი და განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო საპარტნიორო ხელშეკრულება ზაგრების უნივერსიტეტთან, რომელიც პროფესორ ოთარ ბაქანიძის მხარდაჭერით გაფორმდა. ბატონი ოთარი დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის, მაგრამ მისი სურვილებისა და მიზნების განხორციელება ჩვენთვის უმთავრესია.