შეუსწავლელი სიახლე და გამოწვევები საკანონმდებლო სივრცეში

თარიღი: 2026-03-31 20:48:20

,,მოხარული ვარ, რომ სწორედ თსუ-ს იურიდიული საზოგადოების ეგიდით ვხსნით ამ დისკუსიას“! – ასე მიმართა აუდიტორიას თსუ-ს რექტორის მოადგილემ, სამართლის დოქტორმა ნინო გვენეტაძემ წიგნის – „ხელოვნური ინტელექტი და სამართლიანი სასამართლოს უფლება“ – პრეზენტაციაზე, რომელიც თსუ-ში გაიმართა. ნაშრომი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველი კომპლექსური კვლევაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) გავლენას სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე ევროპული და ამერიკული სტანდარტების ჭრილში აანალიზებს. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიულ, პიონერულ როლს ითავსებს და მიზნად ისახავს, რომ „ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის უფლებები“ დამოუკიდებელ აკადემიურ დისციპლინად ჩამოყალიბდეს.

წიგნის ავტორია იურისტი და ადამიანის უფლებათა ექსპერტი ეკა ხუციშვილი, ხოლო სამეცნიერო რედაქტორი – სამართლის დოქტორი, თსუ-ს პრორექტორი ნინო გვენეტაძე.

ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას, რომელიც აკადემიური წრეებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე, სტუდენტებს აერთიანებდა, თსუ-ს პრორექტორმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ნინო გვენეტაძემ თავისი გამოსვლა თანამედროვეობის რეალური, „დისტოპიური“ მაგალითით დაიწყო – ლატვიაში ChatGPT-ის მიერ შექმნილი მტკიცებულება სასამართლომ განაჩენის საფუძვლად მიიღო.

„ეს ყოველივე ჩვენ თვალწინ ხდება, სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის. დღეს ალგორითმი მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტი აღარაა – ის ხდება მოწმე, ექსპერტი და, ხშირ შემთხვევაში, ჩრდილოვანი მოსამართლეც კი“, – განაცხადა პრორექტორმა.

ნაშრომის აქტუალობასა და პრობლემატიკას ხსნის წიგნის ავტორიც. წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, რომ საზოგადოება გარდამტეხ პერიოდში იმყოფება, როდესაც ტექნოლოგიურმა პროგრესმა და AI-ის განვითარების ტემპმა არსებითად შეცვალა არა მხოლოდ ეკონომიკური თუ სოციალური ურთიერთობები, არამედ სამართლებრივი და ეთიკური საზღვრებიც.

ეკა ხუციშვილის თქმით, ხელოვნური ინტელექტი მძლავრად იჭრება იმ სფეროებში, რომლებიც ტრადიციულად მხოლოდ ადამიანის განსჯის, ინტუიციისა და სამართლიანობის სივრცედ მიიჩნეოდა. ეს ცვლილება განსაკუთრებული სიმძაფრით აისახება მართლმსაჯულების სფეროში. საქართველოში ეს საკითხი ჯერ კიდევ შეუსწავლელ სიახლეს წარმოადგენს და დღეის მდგომარეობით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს. წიგნის პირველ თავში აღნიშნულია: „ახალი ტექნოლოგიური მიზანი მარტივი ჩანს – სისწრაფე, ეფექტიანობა და ობიექტურობა. თუმცა სამართალი მხოლოდ მექანიკური პროცესი არ არის და ეფუძნება ღირებულებებს, ნდობასა და ადამიანის ღირსების პრინციპს“.

ნიშანდობლივია, რომ 2024 წლის 5 სექტემბერს საქართველომ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ.

,,ჩვენი ხედვაა: საფუძველი ჩაეყაროსხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების აკადემიურ ცენტრს“

როგორც პრორექტორმა ნინო გვენეტაძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, კანონმდებლობის მოდერნიზება უკვე ქვეყნის სამართლებრივი ვალდებულებაა: „ჩვენ უნდა ვასწავლოთ მომავალ იურისტებს არა მხოლოდ კანონის კითხვა, არამედ ალგორითმული გადაწყვეტილებების ანალიზი. ჩვენი ხედვაა: საფუძველი ჩაეყაროს „ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების აკადემიურ ცენტრს“, რომელიც გახდება პლატფორმა მეცნიერების, სამართალდამცავებისა და ტექნოლოგების კოლაბორაციისთვის. უპირველეს ყოვლისა, სასურველია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს ფლაგმანი ამ კონვენციის აკადემიურ დონეზე კვლევასა და სწავლებაში, რათა კონვენციის სულისკვეთებას ეფუძნებოდეს საქართველოს კანონმდებლობაც“, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

წიგნი, რომელმაც აღნიშნული დისკუსია გახსნა, სწორედ ამ გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია. მისი ავტორი ეკა ხუციშვილი თსუ-ს კურსდამთავრებულია. იურიდიულ განათლებასთან ერთად მას მოპოვებული აქვს ფულბრაიტის სტიპენდია აშშ-ში (ამერიკის უნივერსიტეტის ვაშინგტონის სამართლის კოლეჯი) და ევროპული კომისიის სტიპენდია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ადამიანის უფლებებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში (მათ შორის სახალხო დამცველის აპარატში) და არაერთი პუბლიკაციის ავტორია.

ახალი კვლევის მთავარი მიზანი ტექნოლოგიური პროგრესისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თანაარსებობის შესაძლებლობის შეფასებაა, რათა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ემსახურებოდეს მართლმსაჯულების განმტკიცებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.

Facebook
Twitter
LinkedIn