„ჭეშმარიტება დეტალშია“ საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში
19 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია “ჭეშმარიტება დეტალშია”.
კონფერენციის პირველ სესიაზე წარმოდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის პროფესორების მოხსენებები, მეორე სესია კი დაეთმო უცხოელი მონაწილეების მოხსენებებს – მათი ნაწილი ზუმის მეშვეობით წარდგა აუდიტორიის წინაშე.
ნინო სილაგაძის მიერ წარმოდგენილი მოხსენება „დეტალი, როგორც პერსონაჟის იდენტიფიკაციის საშუალება“ შეეხებოდა ძველი ეპოქების ხელოვნებაში იკონოგრაფიული ატრიბუტების მნიშვნელობას, რომლებიც საშუალებას აძლევს მკვლევრებს, განსაზღვრონ სახვითი ხელოვნების ნიმუშის შექმნის დაახლოებითი თარიღი, მასზე გამოსახული პერსონაჟის ვინაობა, კულტურული წრე და მხატვრული ნაწარმოების იდეური და ისტორიული კონტექსტი. კონკრეტულად საუბარი იყო სასანური ეპოქის ტორევტიკის – ვერცხლის თასების – განსაკუთრებულ ჯგუფზე, რომელიც შემკულია მეფეთა და დიდებულთა წელსზევითა გამოსახულებებით. ერთ-ერთი ასეთი ნიმუში დაცულია მიჰოს მუზეუმში (იაპონია) და დღემდე არ გამხდარა მეცნიერთა საგანგებო ყურადღების საგანი.
ირინე კოშორიძემ თავის მოხსენებაში – „უნიკალური ქაშანური დოქის იკონოგრაფიისა და ატრიბუციისათვის“- განიხილა დოქი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან, რომელიც ისლამური ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ეტაპს ასახავს, ესაა XIII საუკუნე – ეპოქა, როდესაც ისლამურ სამყაროს, მონღოლების სახით, ახალი ძალა დაეპატრონა. დოქის დეკორსა და იკონოგრაფიულ რეპერტუარში ასახულია, ერთი მხრივ, ახალი სახეები, რომლებიც შორეული აღმოსავლეთიდან შემოდის; მეორეს მხრივ კი – ირანული სტილური ნიშნები. ორივე შემთხვევაში მონღოლები თავიანთ თავს ორი კულტურული ერის – ჩინელებისა და ირანელების – ლეგიტიმურ მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ, რაც ნათლად გამოვლინდა მოხსენებაში განხილული დოქის იკონოგრაფიულ პროგრამასა და მხატვრულ სტილში.
ზაზა სხირტლაძემ მოხსენებაში „ყველა ქრისტიანისთვის, განსაკუთრებით კი ქართველთათვის: იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტრის მთავარი ეკლესიის ომფალიონი და მისი წარწერა“ ისაუბრა ცნობილი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკიფორე ჩოლოყაშვილის წინამძღვრობისას,1643-1649 წლებში, იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერში განხორციელებული განახლებების თაობაზე. ამ განახლებებისას ეკლესიის იატაკის მოზაიკურ დეკორში ჩაირთო ლითონის რგოლი ასომთავრული წარწერით. წარწერის პირველ ნაწილს – „ძმანო, დეგით მტკიცედ და შეურყევლად“ – ერთი მხრივ, საფუძვლად უდევს ციტატა თესალონიკელებისადმი პავლე მოციქულის ეპისტოლიდან, მეორე მხრივ კი, იგი მიმართულია ადგილობრივი ქართული სამონასტრო გაერთიანებისადმი. წარწერა, ამასთანავე, შეესაბამებოდა იმ ხატოვან პროგრამას, რომელიც მონასტრის მთავარი ეკლესიის მოხატულობაში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, თუმცა კი, წმინდა მიწის ქართული სასულიერო კერების მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მიზანმიმართული და მომცველი ხასიათი მან ბოლო განახლებისას, XVII შუახანებში შეიძინა.
ნინო სიმონიშვილის მოხსენება – „ერთი კავკასიური მოტივის იდენტიფიკაციისთვის ედგარ დეგას შემოქმედებაში“ – ეხებოდა ცნობილი ფრანგი მხატვრის, ედგარ დეგას ბალეტის თემისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ პირველ ნამუშევარს, რომელიც ამჟამად ნიუ იორკის ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაშია ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ სურათზე ასახული სცენა უკავშირდება 1860-იანი წლების ფრანგული ბალეტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვარსკვლავს, ე. ფიოკრეს ბალეტში „წყარო“, ლიბრეტოს მიხედვით, ბალეტ „წყაროს“ სიუჟეტი კავკასიაში ვითარდება. მოხსენებაში განხილული იყო ის პოლიტიკური და ისტორიული კონტექსტი, რამაც განაპირობა კავკასიური თემისადმი ინტერესი 1850-1860 იანი წლების პარიზში და მთავარი მოქმედი გმირის ეთნიკური წარმომავლობის არასწორი იდენტიფიკაცია მკვლევართა მიერ.
ნინო ნანობაშვილის (გიუთენბერგის მუზეუმი, გერმანია) მოხსენებაში – „მამაკაცის შიშველი ფიგურის ხატვის პროცესი და მისი ინტელექტუალური მხარე“ ხაზი გაესვა იმ გარემოებას, XVI-XVIII საუკუნეების ხელოვნებაში, სამხატვრო განათლების ერთ-ერთ საფუძველს მამაკაცის შიშველი ფიგურების ჩანახატების შესრულება წარმოადგენდა. ამას დიდ სამხატვრო აკადემიებში ან არაფორმალურ სამხატვრო წრეებში გაერთიანებული ახალგაზრდა ხელოვანები ცოცხალ მოდელებზე დაკვირვებით ახორციელებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის ტექსტები მკაფიოდ მიუთითებენ ამ პროცესზე, დღემდე მოღწეული ვიზუალური მასალა საკმარისი არ იყო თავად პროცესის მიმდინარეობის შესწავლისათვის. ამ მხრივ, გამონაკლისს წარმოადგენს ვენეციელი მხატვრის, ფილიპო ესენგრენის სახელოსნოში შესრულებული მამაკაცის შიშველ ფიგურის ჩანახატების კრებული, რომელიც ორასამდე ნამუშევრისგან შედგება. მოხსენებაში საუბარი იყო იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ამ მასალის ანალიზს და მის ცალკეულ დეტალებზე დაკვირვებას, რომლებიც არა მხოლოდ ხატვის პროცესის რეკონსტრუქციის, არამედ საზოგადო ინტელექტუალური გარემოს წარმოჩენის საშუალებასაც იძლევა.
მარტა სიუნჩუკის (გდანსკის უნივერსიტეტი, პოლონეთი) მოხსენებაში „ქალის ფიგურის სიმბოლური საზრისი პოლონეთის მოდერნისტულ ხელოვნებაში“განხილული იყო XIX-XX საუკუნეების მიჯნის პოლონური ფერწერის „ახალი ტალღისათვის“ დამახასიათებელი სემიოტიკური მეთოდიკა – ქალის ფიგურის სიმბოლური გააზრება ევროპული მოდერნიზმის თანაფარდ კონტექსტში. ავტორის მიზანი იყო წარმოეჩინა ხელოვნების ნიმუში, როგორც ნიშანთა „ღია“ სისტემა, რომლის მთავარი დანიშნულებაა საზოგადოებასთან კომუნიკაციის განხორციელება.
ფინბარი ბარი ფლადის (ნიუ იორკის უნივერსიტეტი, ამერიკის შეერთებული შტატები) მოხსენებაში „ვინ არის მართალი? დაკვირვებული მზერა ხატმებრძოლეობის გამოწვევებზე“ – წარმოდგენილი და განხილული იყო იატაკის მოზაიკების სერია იორდანიისა და პალესტინის ეკლესიებიდან, რომლებშიც, სავარაუდოდ, VIII საუკუნეში ყველა ადამიანისა და ცხოველის ფიგურებს შეენაცვლა მცენარეული ან ორნამენტული მოტივები. ისტორიული ქრონიკებისა და ნარატიული წყაროების უქონლობის ფონზე, ავტორი გამოთქვამს ვარაუდს ამ ცვლილებების ინიციატორების თაობაზე. ივარაუდება, რომ ისინი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ხატმებრძოლების ეპოქის ქრისტიანები ან მუსლიმები, რომლებიც იმ პერიოდსა და რეგიონში უკვე მნიშვნელოვან და ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ.
როგორც თსუ თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზაზა სხირტლაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, კონფერენცია ტრადიციულია და ის 2013 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები. წელსაც, პანდემიის შემდეგ პირველად, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მკვლევრები ამერიკიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან.
მომავალ წელს, ნოემბრის ბოლოს, თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ყოველწლიური საერთაშორისო სამენციერო კონფერენცია მეცნიერებს კვლავ უმასპინძლებს.