ხათუნა ბერიშვილის მნიშვნელოვანი დასკვნები ბიზნესსაქმიანობაზე
თსუ–ს ასოცირებული პროფესორისთვის ხათუნა ბერიშვილისთვის ბოლო წლები საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მეცნიერული კვლევის თვალსაზრისით. ის თსუ-ს მეცნიერებთან ერთად მუშაობდა ორ ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტზე: თსუ-ს მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევით პროექტზე – „მცირე ბიზნესის ანტიკრიზისული რეგულირების მეთოდები Covid-19 პანდემიისა და პოსპადემიურ პერიოდში“ და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტზე – „კროს-კულტურული ურთიერთობები საერთაშორისო ბიზნესში“.
ხათუნა ბერიშვილმა კვლევის შედეგებზე, დასკვნებსა და რეკომედანციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის – „მცირე ბიზნესის ანტიკრიზისული რეგულირების მეთოდები Covid-19 პანდემიისა და პოსპადემიურ პერიოდში“ რეალიზაციის შედეგად მოხდა მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა: Covid -19 პანდემიის შედეგად სამყარო აღმოჩნდა დიდი მასშტაბის კრიზისში, რისთვისაც ის მზად არ იყო, შეიძლება ითქვას, რომ დღესაც არ არსებობს წინადადებები პანდემიით გამოწვეული მცირე ბიზნესის კრიზისების დაძლევის ეფექტიანი სტრატეგიების შესახებ, რაც ადასტურებს დასკვნას, რომ მცირე ბიზნესის კრიზისული ქცევის შესწავლისას გასათვალისწინებელია გაურკვევლობა და არა რისკები.
მცირე საწარმოების წილი ყველაზე მაღალია ეკონომიკის სწორედ იმ სექტორებში, რომლებიც, ზოგადად, უფრო სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს აწყდებიან კრიზისულ გარემოში. ეს არის მშენებლობის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საჰაერო ტრანსპორტის, ტურიზმის, სტუმართმოყვარეობის, უძრავი ქონების და სამომხმარებლო მომსახურების სექტორები. ამავდროულად, პანდემიამ შესაძლებელი გახადა მცირე ბიზნესში ბიზნესპროცესების მნიშვნელოვანი შეცვლა. ასე, მაგალითად, გაიზარდა ელექტრონული კომერცია.
როგორც ანალიზიდან ჩანს, მცირე საწარმოების საქმიანობის ფინანსური კომპონენტი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი გარე ფინანსურ მხარდაჭერაზე, ვიდრე საკუთარ რესურსებზე, რაც საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ დასაქმებას, ხდება კრიზისის მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი. როგორც კრიზისის კლასიკური დეფინიციიდან გამომდინარეობს, მცირე ბიზნესის უმეტესობისთვის პანდემიური კრიზისი ზღუდავს მცირე ბიზნესის არსებულ შესაძლებლობებს და ქმნის ახალს.
კრიზისის პერიოდში მცირე ბიზნესისათვის მიწოდების ჯაჭვი აღმოჩნდა ყველაზე რთული პრობლემა. როგორც წესი, მცირე ბიზნესი დიდად არის დამოკიდებული თავის მომხმარებლებზე, მომწოდებლებზე, თანამშრომლებზე ახალი ღირებულების შექმნის ერთიან ჯაჭვზე. ცვლილებები ღირებულების ჯაჭვის ნებისმიერ წერტილში მყისიერად ახდენს გავლენას მის ყველა მონაწილეზე.
გარე გარემოს ინდიკატორების ურთიერთდაკავშირებისა და მცირე ბიზნესისთვის საფრთხეების მაგალითების ანალიზი ცხადყოფს, რომ ანტიკრიზისული ქცევის მოდელების ადაპტირებისთვის საჭიროა სიტუაციის ჰოლისტიკური ხედვის ჩამოყალიბება და არა ინდივიდუალური კერძო გადაწყვეტილებები. ზოგადად, გაურკვევლობის დასაძლევად, არ არსებობს ერთი ოპტიმალური არჩევანის გაკეთების საშუალება და სტრატეგიების მრავალვარიანტულობა ხდება ობიექტური აუცილებლობა.
კვლევამ შესაძლებელი გახადა იმ გაურკვევლობათა ნაკრების იდენტიფიცირება, რომელიც გავლენას ახდენს მცირე ბიზნესზე მიმდინარე პანდემიაში (რესურსების ხელმისაწვდომობა (მათ შორის ანტიგლობალიზაციის განწყობები და ქმედებები); მოკლევადიანი საჭიროებები და ვადები (მათ შორის, პანდემიის დასრულების გაურკვევლობა ან ახალი რეალობის დამკვიდრება); დაგროვილი გამოცდილება (ან მისი ნაკლებობა ახალი რეალობის ფორმირებაში).
ანტიკრიზისული მენეჯმენტის შესახებ ქართველი და უცხოელი მკვლევრების ნაშრომების შესწავლისა და კრიზისის მართვის შესახებ მათი კვლევების გათვალისწინებით, ნაშრომში განიხილება სტრატეგიული პროცესი, რომელიც ცვლის მცირე ბიზნესსაქმიანობას, პოტენციური პრობლემების დიაგნოსტიკის მეთოდებს და ითვალისწინებს ინსტიტუციური გარემოს თავისებურებებს კრიზისამდე, კრიზისის დროს და კრიზისის შემდეგომ პერიოდში.
კვლევამ აჩვენა, რომ კრიზისის აღქმაში მცირე ბიზნესსექტორი არ იყო ერთგვაროვანი. არის მცირე ბიზნესი, რომელიც გაკოტრდა; მცირე საწარმოები, რომლებმაც იპოვეს მდგრადობის სტრატეგიულად შენარჩუნების სხვადასხვა გზები და კრიზისში მყოფი მცირე საწარმოები, რომლებმაც დაიწყეს თავიანთი საქმიანობის რადიკალური ტრანსფორმაცია.
კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ მცირე ბიზნესის მართვა კრიზისის დროს შესაძლებელია მხოლოდ პოტენციური პრობლემების დიაგნოსტიკის საფუძველზე. რაც უფრო ზუსტია დიაგნოსტიკა, მით უფრო მაღალია იმის შანსი, რომ მეწარმე შეძლებს დანაკარგების დაფიქსირებიდან აქტიურ ქმედებებზე გადასვლას.
კვლევაში დასაბუთებულია მცირე ბიზნესში ბიზნეს მოდელების გადართვის პროცესებში სისტემატური მიდგომის გამოყენების აუცილებლობა. ეს მიდგომა პანდემიამდე არ იყო მოთხოვნადი. მცირე ბიზნესის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში განხორციელებული სტრატეგიული ცვლილებების შესწავლა ახალი მნიშვნელოვანი ეტაპია სისტემატური მიდგომის შემუშავებაში. ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებების კონტექსტში აქტივების ნაწილობრივი ლიკვიდაციის ან ორგანიზაციის სრული ლიკვიდაციის ჩანაცვლების იდეის ტესტირება ახალ ბიზნეს მოდელზე გადასვლით მომავლისთვის დიდი პოტენციალის მატარებელია.
სისტემური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს სისტემის ახალი ელემენტების გადართვის სწრაფ შესაძლებლობას და არა დამატებით რესურსებს, შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების მხარდაჭერის ინსტრუმენტი მენეჯერებისა და მეწარმეებისთვის, რომლებიც ებრძვიან კრიზისს. ასეთ ბიზნესმოდელზე ორიენტირებული გადაწყვეტის გამოყენება იძლევა ახალ შესაძლებლობებს მატრიცებისა და სცენარების გამოყენებით. ნაშრომში შემოთავაზებულია მატრიცული მიდგომის ადაპტირება მცირე ბიზნესისთვის კრიზისული მდგომარეობების დასაძლევად მათი ბიზნეს მოდელების თვისებების მიხედვით. სცენარების ასეთი ნაკრების გამოყენება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მცირე ბიზნესისთვის კრიზისიდან გამოსავლის პოვნისა და წარმატებული ურთიერთობისთვის.
სცენარების და მასთან დაკავშირებული სტრატეგიების ფორმირება მიზნად ისახავს ბიზნესის განახლებას გრძელვადიან პერსპექტივაში კრიზისის შემდეგ მიმდინარე სიტუაციის კონტროლის შენარჩუნებას მოთხოვნების ზრდის გათვალისწინებით. ზოგადად, პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება იმ სცენარებს, რომლებიც შეესაბამება მცირე ბიზნესის ანტიკრიზისულ მენეჯმენტში მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებისას დიაგნოსტიკის შედეგებზე დაწესებულ სტრატეგიების პოტენციალს.
სწრაფი ციფრული ტრანსფორმაცია კრიზისის დროს გახდა ობიექტური აუცილებლობა. კონკრეტულ მცირე ბიზნესში აუცილებელია შეფასდეს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებადობის საკითხი, დადგინდეს – გაუმკლავდება თუ არა ციფრული ტრანსფორმაცია გამოვლენილ პრობლემებს. განხორციელებული დიგიტალიზაციის პროექტების ანალიზი აჩვენებს, რომ ციფრული გადაწყვეტილებები ამჟამად განუყოფლად არის დაკავშირებული კოგნიტურ ინსტრუმენტებთან, კოგნიტური მართვის ტექნოლოგიებთან – შესაბამისად, კოგნიტური ასპექტები უნდა იყოს გათვალისწინებული ანტიკრიზისული მართვის ტექნოლოგიებში. ციფრული გადასვლა რთულია მცირე ბიზნესისთვის, რომლებიც არ იყო კატეგორიზებული პანდემიის დროს.
კვლევაში შემუშავდა დიგიტალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტიზებული პროცედურა და ასევე გამოვლინდა ის ამოცანები, რომლებიც უნდა გადაჭრას მცირე ბიზნესმა დიგიტალიზაციის სცენარის არჩევისას.
. . .
მეორე კვლევაში – „კროს-კულტურული ურთიერთობები საერთაშორისო ბიზნესში“ – დასაბუთებულია, რომ ბიზნესი კარგა ხანია გავიდა ეროვნული ჩარჩოებიდან და მან განსხვავებული კულტურული მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები მოიზიდა, რის შედეგადაც კულტურული სხვადასხვაობის შესწავლა გახდა მნიშვნელოვანი, რომელიც აქტიურად ზემოქმედებს საქმიანი სფეროს ზღვრულ ეფექტიანობაზე. გლობალიზაციის პროცესმა წარმოქმნა საქმიანი სფეროს კროსკულტურული პრობლემები, რომლებიც გამოიხატება ახალ კულტურულ და სოციალურ პირობებში არსებული წინააღმდეგობის ზრდაში, რომლებიც განპირობებულია ადამიანების ცალკეულ ჯგუფებში ჩამოყალიბებული სტერეოტიპებით. ადამიანების შემეცნების ფორმირება მიმდინარეობს ცოდნის, რწმენის, მორალის, კანონების, ღირებულებების, ნორმებისა და იმ ჩვევების საფუძველზე, რომლებსაც ისინი იძენენ საზოგადოებრივი თანაცხოვრების, განვითარების პროცესში. ახალი ღირებულებების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ განსხვავებული კულტურული ღირებულებების მქონე საზოგადოების სწორი შემეცნების, მისი ტრადიციების სწორი აღქმის საფუძველზე.
საერთაშორისო ბიზნესში კულტურული გარემოს ფაქტორების არასწორი ინტერპრეტაცია ქმნის ყველაზე დიდ სირთულეებს. ამიტომ არის, რომ განსხვავებული ეროვნული კულტურების ობიექტური შეფასება და მათი ადეკვატური გათავისება ბიზნესისათვის ხდება სულ უფრო მნიშვნელოვანი. საკუთრივ კულტურის ფენომენი არის რთული და მრავალსაფეხურიანი, რაც განსაზღვრავს ცალკეული საზოგადოების თავისებურებათა სხვადასხვაობას.
საერთაშორისო ბიზნესის კროსკულტურული ურთიერთობების შესწავლის მნიშვნელობა უშუალოდ საქართველოსათვის განპირობებულია მისი მსოფლიო ბაზრებზე გასვლის აუცილებლობით, სამამულო ბაზრებზე უცხოური კომპანიების საქმიანობის გააქტიურებით, საზღვარგარეთული კონტრაგენტების მიერ ქართული კომპანიების საქმიანი ქმედუნარიანობის აღიარების აუცილებლობით, ქართული კომპანიების საერთაშორისო რეიტინგის ამაღლების საჭიროებით. ყოველივე ეს მოითხოვს კროსკულტურული ურთიერთობების შესწავლის უფრო მაღალ, ხარისხობრივად განსხვავებულ დონეს.
ამდენად, თანამედროვე გლობალიზაციის პროცესის თავისებურებებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის წინაშე დაყენებული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლებელია კროსკულტურული ურთიერთობების შემდგომი სრულყოფის გარეშე, მათ შორის, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე. ბიზნესის ინტერნაციონალიზაციასთან ერთად თავისი ფორმებითა და ხასიათით სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება თანამშრომლობა ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს უცხოურ ფირმებთან ღირსეული კონკურენცია, აუცილებელია მათი კულტურული თავისებურებების ცოდნა, რისი თეორიულ- პრაქტიკული გააზრება წარმოდგენილია რუსთაველის ფონდით დაფინანსებულ პროექტში.