ხატია იმერლიშვილი სადოქტორო ნაშრომს საუკეთესო გამოცდილებების გათვალისწინებით ქმნის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის ქმნის კარიერული წინსვლის შესაძლებლობას, რადგან ჩართულია ყველა იმ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს აიმაღლონ კვალიფიკაცია და ეზიარონ ევროპულ განათლებას. ხატია იმერლიშვილი ერთ-ერთია, რომელმაც არაერთი გაცვლითი პროგრამით ისარგებლა და ახლა გერმანიის ქალაქ აახენში, რაინ-ვესტფალიის ტექნიკურ უნივერსიტეტში გადის სტაჟირებას.
ხატიამ გორის საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ განაგრძო სწავლა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მისი არჩევანი საბაკალავრო საფეხურზე პოლიტიკის მეცნიერება აღმოჩნდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ფაკულტეტი საშუალებას აძლევდა, პარალელურად მეორე პროფესიაც აერჩია, ჟურნალისტიკის დაუფლებაც გადაწყვიტა. ახლა ფიქრობს, რომ ეს ორი პროფესია ერთად კარგ კომბინაციას ქმნის, თუმცა მომავალი მაინც პოლიტიკის მეცნიერებებს დაუკავშირა და მაგისტრატურის საფეხურზე თსუ ამ შემთხვევაშიც უპირობო არჩევანი იყო.
ხატიასთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განსაკუთრებით კი საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას გატარებული პერიოდი, უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რადგან სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მისი აკადემიური განვითარება. გარემომ, რომელიც უნივერსიტეტმა შექმნა, ხატია იმერლიშვილის მომავალი საბოლოოდ გამოკვეთა და მაგისტრატურის დასრულების შემდეგაც არ უცდია დოქტორანტურის საფეხურის სხვა უმაღლეს სასწავლებელში გავლა. შედეგად, 2021 წელს ჩაირიცხა პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე და დღეს პროფესორ მალხაზ მაცაბერიძის ხელმძღვანელობით მუშაობს სადოქტორო თემაზე. „ჩემი სადოქტორო ნაშრომი პოლიტიკურ კომუნიკაციასა და მარკეტინგს უკავშირდება. შევისწავლი საარჩევნო სარეკლამო კამპანიების პერსონიფიცირებას საქართველოში. აღნიშნული თემა კავშირშია როგორც პოლიტიკის მეცნიერებასთან, ასევე ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციებთან, რაც ჩემი ინტერესის ორივე სფეროს მოიცავს,“ – გვითხრა მან.
ხატია ცდილობს, სადოქტორო ნაშრომი საუკეთესო გამოცდილებების გათვალისწინებით შექმნას. ის ,,Erasmus +“-ის პროგრამის კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში იმყოფებოდა რუმინეთში, ორადეას უნივერსიტეტში, სადაც რუმინული პოლიტიკის პერსონიფიცირების შესწავლის საშუალება მიეცა. გარდა ამისა, 2024 წელს გახდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიატი. სწორედ ამ სტიპენდიის ფარგლებში მიეცა მას საშუალება – ჩაეტარებინა შედარებითი კვლევა გერმანიაში, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში. ამავე პერიოდში იგი პარალელურად ახორციელებდა კვლევით სტაჟირებას Geschwister-Scholl-ის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (GSI).
ამჟამად ხატია იმერლიშვილი ქალაქ აახენში (გერმანია) რაინ-ვესტფალიის ტექნიკურ უნივერსიტეტში Advanced Research Opportunities Program (AROP)-ის სტიპენდიატის სტატუსით იმყოფება და კვლევით სტაჟირებას ახორციელებს პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (IPW). „აქ ყოველდღიურად მაქვს საშუალება – შევხვდე დარგის საერთაშორისო მკვლევრებს და მივიღო მათგან რეკომენდაციები. რაც შეეხება კვლევით მიმართულებას, პროექტის ფარგლებში ვმუშაობ შედარებითი პოლიტიკის მიმართულებით და ვსწავლობ საქართველოს, გერმანიისა და თურქეთის საარჩევნო კამპანიების მახასიათებლებს. შესაბამისად, კვლევის მიგნებებსა და შედეგებს სწორედ შედარებით კონტექსტში ვაანალიზებ. ვინაიდან ჩემი სადოქტორო თემა სწორედ საარჩევნო კამპანიებს უკავშირდება, ჩემი მიზანია, რომ აღნიშნული კვლევის შედეგები ტრანსფორმირდეს ჩემს სადოქტორო ნაშრომში ერთ-ერთი ქვეთავის სახით, რომელიც იქნება კვლევის შედარებითი კომპონენტი. ვფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ჩემი დისერტაციისთვის და მას მეტად სიღრმისეულს და ვალიდურს გახდის“, – ამბობს ხატია.
ცოტა ხანში, ხატია იმერლიშვილის დისერტაციის სახით, პოლიტიკური მეცნიერებები საინტერესო და ღირებულ სამეცნიერო ნაშრომს მიიღებს. მანამდე კი ის კვლავაც იმაღლებს კვალიფიკაციას, ეწევა პრაქტიკულ აკადემიურ საქმიანობას რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში და აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო ფორუმებში, კოლოკვიუმებში, ვორქშოპებსა და სხვა სამეცნიერო პროექტებში.
