ვორკშოპი – „ვიზუალური თხრობა ტელემედიაში”

თარიღი: 2025-09-26 18:18:25

19 სექტემბერს დასრულდა ვორკშოპი „ვიზუალური თხრობა ტელემედიაში”, რომელიც თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ორგანიზებით ჩატარდა. ვორკშოპს უძღვებოდა სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის (CUEJ) ტელეჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, კრისტოფ ბუშე, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებულ პროფესორებთან – თინათინ მაჭარაშვილთან და ნათია სვანიძესთან ერთად.

„ჟურნალისტიკის“ საბაკალავრო პროგრამის ათმა სტუდენტმა, მენტორების ხელმძღვანელობით, ხუთი დღის განმავლობაში იმუშავა და შემაჯამებელ შეხვედრაზე საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ადამიანების ტელეპორტრეტები წარმოადგინა.

პროფესორმა კრისტოფ ბუშემ კმაყოფილება გამოთქვა ტრენინგში მონაწილე სტუდენტთა მისამართით და განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული ტრენინგებში. „ისინი მონდომებით უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ რჩევებს, რომელსაც ვორკშოპის მიმდინარეობისას ვაძლევდით. განსაკუთრებით დაინტერესდნენ, როგორ  ვიღებთ და ვამონტაჟებთ მასალებს საფრანგეთში, როგორ ვსაზღვრავთ პრიორიტეტებს. ბუნებრივია, მოკლე დროში ყველამ ერთნაირად ვერ მოახერხა საინტერესო მასალების მოძიება და გადაღება. ვფიქრობ, შეიძლება სხვა დროსაც დაიგეგმოს მსგავსი სამუშაო შეხვედრები და გაგრძელდეს ტრენინგები, რისი მოტივაციაც მომცა ამ დღეებმა და სტუდენტების დაინტერესებამ. მე მხოლოდ ერთი რჩევა შემიძლია მივცე ქართველ სტუდენტებს: იყონ ცნობიმოყვარენი და გაბედულნი“, – აღნიშნა მან.

დასკვნით ღონისძიებას, რომელზეც სტუდენტებმა ფინალური ნაშრომები წარმოადგინეს, ესწრებოდა ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე.  ვორკშოპის დასასრულს მონაწილეებს  სერტიფიკატები გადაეცათ.

Facebook
Twitter
LinkedIn