რა გავლენა იქონია ვლადიმერ ნოზაძეზე ესპანეთში სწავლამ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ვლადიმერ ნოზაძე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ესპანეთში, კორუნიის უნივერსიტეტში სწავლობდა.
,,ესპანეთში გაცვლითი პროგრამით სწავლამ როგორც აკადემიური, ისე პიროვნული განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი, პოზიტიური გავლენა იქონია ჩემზე. ქალაქი კორუნია გამოირჩევა განსაკუთრებული ფლორით, რადგანაც ქალაქს ესაზღვრება როგორც მთები, ასევე, ატლანტიის ოკეანე. La Coruña არის ერთ-ერთი გამორჩეული საუნივერსიტეტო ქალაქი გალიციის მხარეში, შესაბამისად, საუნივერისტეტო ცხოვრების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული ქალაქის ინფრასტრუქტურა, ქალაქის ადმინისტრაციის საქმიანობა, რის შედეგადაც უზრუნველყოფილია სტუდენტების ტრანსპორტირება. მეტიც, სტუდენტებისთვის საცხოვრებელი ადგილები ადვილად ხელმისაწვდომი და მათ საჭიროებებზე არის მორგებული.
სწავლის პერიოდში კიდევ უკეთ გავიცანი ესპანური კულტურა; ამასთან, შევიძინე საკმაოდ ბევრი მეგობარი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენდნენ. კულტურული ფასეულობების სტუდენტებს შორის გაზიარება და სიახლეების შეძენა ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო ზემოაღნიშნული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში“, – ამბობს ლადო ნოზაძე.
სტუდენტი საუბრობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარმატებაზეც, რისი მონაწილეც თავად არის. ,,თსუ სამართლის დარგში შეუდარებელია, საუკეთესო უნივერსიტეტია საქართველოში. იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი გამოირჩევა პროფესიონალიზმით, სტუდენტები – მაღალი პასუხისმგებლობით“, – ასეთია ლადო ნოზაძის თვალთახედვა, რომელიც თვლის, რომ საინტერესო იქნება, თუკი თსუ-ში მეტი პროფესიული საგანი იქნება უცხო ენაზე შეთავაზებული სტუდენტებისთვის, რაც მათ იურიდიულ ბაზას გაამდიდრებდა.