თსუ-ს სტუდენტებმა სასწავლო კურსის – „ვიზუალური ანთროპოლოგია“ – ფარგლებში მომზადებული ფილმები წარადგინეს

თარიღი: 2026-02-27 19:56:11

19 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ს/ს ინსტიტუტის სამაგისტრო  პროგრამის „კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია“ მაგისტრანტებმა სასწავლო კურსის – „ვიზუალური ანთროპოლოგია“ – ფარგლებში მომზადებული ფილმები წარადგინეს.

ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ  ქეთევან ხუციშვილის ინფორმაციით, კურსი სტუდენტებს აცნობს ვიზუალური ანთროპოლოგიის ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებს. შემოდგომის სემესტრში კურსს დაემატა პრაქტიკული მეცადინეობები ნინო გელოვანის ხელმძღვანელობით, სადაც სტუდენტებმა შეისწავლეს ფილმის გადაღების ტექნიკა და იმუშავეს ინდივიდუალურ პროექტებზე.

სტუდენტებმა დაამუშავეს მათთვის საინტერესო ეთნოგრაფიული საკითხები და, ამასთან, გამოიყენეს კინო-ენა მათ გადმოსაცემად. „უნდა ითქვას, რომ ნინო გელოვანმა დიდი შრომა გასწია და შედეგიც სახეზეა. მომავალმა ეთნოლოგ-ანთროპოლოგებმა თავიანთ მეთოდოლოგიურ არსენალს კიდევ ერთი ხერხი  – ფილმის გადაღების ტექნიკა მიუმატეს. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვეობაში, როდესაც ინფორმაციის ვიზუალიზაცია გადამწყვეტი ხდება მისი შენახვა-გავრცელების გზაზე. სტუდენტები ამ ახალი უნარებით უფრო მეტად იქნებიან კონკურენტულნი თანამედროვე  სამეცნიერო სივრცეში. პირველმა მცდელობამ გაამართლა და ვგეგმავთ კვლავ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ნინო გელოვანთან“, – ამბობს ქეთევან ხუციშვილი.

ნინო გელოვანის ინფორმაციით, კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიიის პროგრამის მაგისტრებს საგნის  – ვიზუალური ანთროპოლოგიის – ფარგლებში საგამოცდოდ მიეცათ დავალება – შეექმნათ მოკლემეტრაჟიანი კვლევითი ფილმები, რათა თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად ექციათ.

„ხშირად ამბობენ, რომ კვლევა მხოლოდ დაგეგმილ მეთოდებს უნდა ეფუძნებოდეს, მაგრამ აქ, პირიქით, მთავარი იყო აქცენტი გაკეთებულიყო აღქმასა და გრძნობაზე… სტუდენტებისთვის  კამერა  კვლევის ინსტრუმენტი გახდა. ეს გამოცდილება აერთიანებს კვლევას და პრაქტიკას და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ტექნიკური უნარების განვითარებას, არამედ ეთნოგრაფიული ხედვის, დაკვირვების კულტურისა და სოციალური რეალობის კრიტიკული გააზრების ჩამოყალიბებას. სტუდენტებმა ვიზუალური გამოსახულების საშუალებით შეისწავლეს ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა კულტურული პრაქტიკა და შეძლებისდაგვარად შექმნეს საავტორო ნამუშევრები, სადაც ერთმანეთში იკვეთება კვლევის სტრუქტურირებული პროცესი და პირადი ხედვა. ჩემი მიზანი იყო, სტუდენტებს დავხმარებოდი  საკუთარი ხედვის უკეთ წარმოსაჩენად, მეჩვენებინა, რომ  კვლევა არა მხოლოდ მონაცემთა შეგროვებაა,  არამედ სამყაროს სიღრმისეული დანახვისა და გააზრების პროცესიც. მადლობა ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტს მხარდაჭერისთვის და ჩემს მაგისტრ სტუდენტებს, რომლებმაც ამოცანა შეძლებისდაგვარად ღირსეულად და დიდი მონდომებით შეასრულეს. მათი პასუხისმგებლობის, ინტერესისა და შემოქმედებითი ძალისხმევის გარეშე თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი ვერ იქნებოდა შესაძლებელი. ასევე დიდი მადლობა ყველას, ვინც აქტიურად იყო ჩვენი პროცესის ნაწილი“, – ამბობს ნინო გელოვანი.

პრეზენტაციაზე კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი ფილმები: ანამარია ფანგანმა – „საგვარეულო ტრადიცია ბეჩოს თემში“; ირა გელაძემ და თამთა ჭაღალიძემ  -„ტრადიცია და ცოდნა, რომელმაც დროს გაუძლო“, სალომე ღონღაძემ -„დარბაზული სახლი“ და ალექსანდრე სულაძემ  – „ფასანაური – გზა ლუბლიანადან თბილისამდე“. 

,,სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მაგისტრატურის მიმართულება არაერთ შესაძლებლობას გვთავაზობს სტუდენტებს, რათა მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი  პოტენციალი და უნარები. ერთ-ერთი საგნის – ვიზუალური ანთროპოლოგიის – ფარგლებში სტუდენტებს მოგვეცა საშუალება, გვემუშავა დოკუმენტური ჟანრის ფილმზე. ჩემი მიზანი იყო მეკვლია  „საგვარეულო ტრადიცია ბეჩოს თემში“, რომლის შესახებაც არანაირი მატერიალური წყარო არ გაგვაჩნია. შეგროვებული მასალის დამუშავებასა და მონტაჟში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგვიწია ბატონმა ოთარ კაკაურიძემ და სწორედ ამ დახმარებისათვის დიდ მადლობას მოვახსენებთ მას. ფილმის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ჩვენმა ხელმძღვანელებმა, თსუს ასოცირებულმა პროფესორმა, ქალბატონ ქეთევან ხუციშვილმა და ქალბატონმა ნინო გელოვანმა და მადლიერი ვართ გაწეული მხარდაჭერის, რჩევებისა და დახმარებისთვის”, – აღნიშნავს ანამარია ფანგანი.

ვიზუალური ანთროპოლოგიის საგნის ფარგლებში ირა გელაძე და თამთა ჭაღალიძე  მუშაობდნენ  ფილმზე ,,ტრადიცია და ცოდნა, რომელმაც დროს გაუძლო’’. მათი ინფორმაციით, საქართველოს მხარეთა ბუნებრივი და კლიმატური განსხვავებები, რომელიც გეოგრაფიული მდებარეობით არის გამოწვეული, სხვადასხვაგვარ საცხოვრებელ გარემო პირობებს ქმნიდა ადამიანებისთვის.  შესაბამისად, სხვადასხვა მხარესა  და  კუთხეში განსხვავებული  ტიპისა და მასალის, დამზადების ტექნიკის მქონე სახლები გვხვდება. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მათი  მიზანი იყო შეესწავლათ  აჭარის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები, მათი ტიპები, დამზადების ტექნიკები, მასალები, ის ისტორიული, ეკოლოგიური და კულტურული ცოდნა, რომელიც საფუძვლად უდევს ტრადიციული საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობას. გარდა ამისა, მათი თქმით,  მნიშვნელოვანი იყო ამ მასალის დაკავშირება თანამედროვეობასთან. კვლევის პროცესში გამოყენებულ იქნა წყაროთმცოდნეობითი ანალიზი, ნახევრადსტრუქტურირებული ინტერვიუ, დაკვირვება და საარქივო მასალების ანალიზი. ფილმის შინაარსი წარმოდგენილია როგორც ვიზუალური მასალით, ასევე  თემის ირგვლივ არსებული ცოდნის გაზიარებით. ვიზუალიზაციისთვის გამოყენებულია როგორც საარქივო მასალა, ასევე ეთნოგრაფიულ მუზეუმში არსებული სახლი და დამხმარე ნაგებობები.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, ვიზუალური ანთროპოლოგიის საგანი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, რადგან თეორიული ანალიზი პრაქტიკულ შემოქმედებით ნაწილში გადაიზარდა და სახეზე გვაქვს მცირე კვლევითი ნამუშევრები ფილმის სახით.  ამ პროცესებმა დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება კვლევითი პერსპექტივა ვიზუალურ ენაზე გადავიტანოთ.

თავისი შთაბეჭდილება გაგვიზიარა თსუ-ს  კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტმა სალომე ღონღაძემაც.

„ვიზუალური ანთროპოლოგიის საგნის ფარგლებში ვმუშაობდი სიუჟეტზე – „დარბაზული სახლი“.  ჩემი მიზანი იყო მეჩვენებინა, რომ დარბაზი მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ ყოფილა – იგი ქართული ყოფის, ოჯახის ერთობისა და კულტურული მეხსიერების ნაწილია. გვირგვინიანი კონსტრუქცია, შუაში გამართული კერა და მის გარშემო ორგანიზებული სივრცე ასახავს სამყაროს ტრადიციულ აღქმას, სადაც ოჯახი ერთ მთლიანობად აღიქმება. დარბაზული სახლის ჩვენებით  მსურდა გამოკვეთილად წარმოჩენილიყო  მისი არქიტექტურული და სიმბოლური მნიშვნელობა.  სიუჟეტის მიზანი იყო, ასევე, დამენახებინა დარბაზული სახლის რეგიონული მრავალფეროვნება; მეჩვენებინა – როგორ აისახა საცხოვრებლის ფორმაში სოციალური სტრუქტურა და მეურნეობის დარგები. სიუჟეტში ნაჩვენებია  მარჯანიძეების დარბაზული სახლი, რომელიც საჭიროებს რეკოსტრუქციას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მეჩვენებინა, რომ დარბაზული სახლი მხოლოდ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ექსპონატი არ არის; ეს  არქიტექტურული მემკვიდრეობა დღესაც არსებობს კონკრეტულ რეგიონებსა და სოფლებში,  რომელსაც მოვლა და აღდგენა სჭირდება. ამ ნამუშევრით შევეცადე დამეკავშირებინა მატერიალური კულტურა და ანთროპოლოგიური ხედვა – მეჩვენებინა, როგორ შეიძლება ერთმა სახლმა გვიამბოს ოჯახის წყობაზე, რწმენაზე, გარემოსთან შეგუებაზე და იმ ისტორიულ პროცესებზე, რომლებმაც საბოლოოდ მისი ტრანსფორმაცია გამოიწვია.

ნამუშევრის განხილვის პროცესი წარიმართა როგორც თვითრეფლექსიის, ასევე კრიტიკული ანალიზის ფორმატში.  აღსანიშნავია ლექტორთა ჩართულობა, მათი შენიშვნები და მხარდაჭერა, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა სიუჟეტის  საბოლოო ვერსიის დახვეწასა და სრულყოფაზე. ვიზუალური ანთროპოლოგიის კურსი გამორჩეულად საინტერესო აღმოჩნდა, რადგან თეორიული საკითხების გააზრება პრაქტიკულ შემოქმედებით საქმიანობას დაუკავშირდა“,  – ამბობს სალომე ღონღაძე.

Facebook
Twitter
LinkedIn