თსუ-ს სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტების ორკვირიანი ვიზიტი ბოსტონის ტაფტსის უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა

თარიღი: 2025-04-28 17:45:50

კონკურსით შერჩეულმა თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის მიმართულების ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის 3 სტუდენტმა ტაფტსის უნივერსიტეტის მულტიდისციპლინურ ლექციებში, სემინარებსა და კლინიკურ პრაქტიკაში მიიღო მონაწილეობა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბოსტონის ტაფტსის სტომატოლოგიური სკოლის თანამშრომლობა სტუდენტებისა და პედაგოგ-მასწავლებლების გაცვლას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება თსუ-ს კურსდამთავრებულისა და ამჟამად ტაფტსის პროფესორის, მარიამ მარგველაშვილის მხარდაჭერით გაფორმდა.

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა ვლადიმერ (მამუკა) მარგველაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ვიზიტი სტუდენტების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება და გამოწვევა იყო. ,,ძალიან პროდუქტიული და დატვირთული სასწავლო პროგრამა გამოგვივიდა. გარდა ტაფტსის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური სკოლისა, ჩვენი სტუდენტები, ისევ მარიამ მარგველაშვილის ხელშეწყობით, ორჯერ იმყოფებოდნენ ბოსტონის უნივერსიტეტში. აქ დავესწარით ძალიან საინტერესო მასტერკლას-სემინარს იმ რეზიდენტებისა, რომლებმაც უკვე დაასრულეს რეზიდენტურა ბოსტონის და ტაფტსის უნივერსიტეტებში და ემზადებიან ამერიკის ორთოპედ სტომატოლოგთა ბორდის წინაშე სასერტიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად”, – აღნიშნავს პროფესორი მამუკა მარგველაშვილი, რომელიც თსუ-ს ბავშვთა სტომატოლოგიის კათედრის გამგესთან, პროფესორ მანანა კალანდაძესთან ერთად ბოსტონში ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

ბოსტონი მედიცინისა და კვლევების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საუნივერსიტეტო ქალაქია მსოფლიოში. სწორედ ამის გათვალისწინებით, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი მანანა კალანდაძე ამბობს, რომ მაღალგანვითარებული ტექნოლოგიური ბაზის და უახლესი სწავლების მეთოდების ნახვა სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. ,,ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს წვდომა ჰქონდათ როგორც თერაპიის, ასევე ორთოპედიულ და ქირურგიულ განყოფილებებთან. შეეძლოთ თავადაც მონაწილეობა მიეღოთ ორთოპედიული ლაბორატორიის მუშაობაში და ასისტენტობა გაეწიათ პროფესიონალებისთვის”, – განმარტა პროფესორმა.

აშშ-დან დაბრუნების შემდეგ შთაბეჭდილებების შესახებ თავად პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსაც ვკითხეთ.

მათი თქმით, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ის იყო, რომ უდიდესი ყურადღება ეთმობოდა სტუდენტების მიერ პრაქტიკის დაგროვებას და რეალურ პაციენტებზე მუშაობას. ,,ყველაზე შთამბეჭდავი იყო ტაფტსის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკა,  სადაც სტუდენტები და რეზიდენტები სრულფასოვან მკურნალობას უწევდნენ პაციენტებს და შემდეგ ფაკულტეტის წევრებთან ერთად განიხილავდნენ წარმატებასაც და გამოწვევებსაც. ამ ვიზიტმა მაჩვენა პოტენციურად როგორ შემიძლია შევავსო ცოდნის ,,ბრმა ზონები“ როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი სტუდენტებისთვის”, – გვითხრა სტომატოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა ალექსანდრე პატეიშვილმა. ბაკალავრიატის მე-2 კურსის სტუდენტი ნიკოლოზ ჯინჭარაძე კი დარწმუნებულია, რომ ამერიკაში მიღებული გამოცდილება მომავალში პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება: ,,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა მივიღე. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა მრავალფეროვანი გარემო და ის, თუ როგორ ეხმარებიან სტუდენტებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, როგორ  აქცევენ ყურადღებას ინდივიდუალურ მიდგომებს სტუდენტებთან”.

აშშ-ში ორკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, თსუ-ს სტომატოლოგიის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი ნუცა ჩუხრუკიძე, პროფესორ მარიამ მარგველაშვილის დახმარებით, ჰარვარდის უნივერსიტეტს ეწვია. როგორც ნუცა ამბობს, ამ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამ იგი აღაფრთოვანა, რადგან იდეალურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გარემოში მოხვდა. ,,ჩემთვის დასამახსოვრებელი იყო, რომ სემინარები და სტუდენტების მიერ მომზადებული პრეზენტაციების უმეტესობა რეალურ პაციენტებზე იყო დაფუძნებული. ჩემი აზრით, როდესაც სტუდენტები სწავლობენ რეალურ კლინიკურ შემთხვევებზე,  ეს ყველაფერი ამაღლებს პასუხისმგებლობის შეგრძნებას და, ამავე დროს, კიდევ უფრო აძლიერებს პრაქტიკულ უნარებს”, – აცხადებს ნუცა. სტუდენტი ტაფტსის უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტების ყურადღებიან დამოკიდებულებასაც იხსენებს. მისი თქმით, ამ ურთიერთობებმა მას სტომატოლოგიურ განათლებაზე ახალი ცოდნა მისცა და პერსპექტივებიც გაუფართოვა.

უნდა აღინიშნოს, რომ მედიცინის ფაკულტეტი სამომავლოდაც აპირებს ტაფტსის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავებას იმისათვის, რომ მეტმა მონდომებულმა და წარჩინებულმა თსუ-ს სტუდენტმა მოახერხოს ამ შესაძლებლობის გამოყენება.

Facebook
Twitter
LinkedIn