ვინ მონაწილეობს თსუ-დან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო იმიტირებული საარბიტრაჟო პროცესების ჩემპიონატში?
წლევანდელ Vis Moot-ის კონკურსზე, 2023-2024 წლების სეზონისათვის, 22-28 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტები – ელენე კაკულია, ალექსანდრე კახაძე, ლუკა ხვარეშია, მარიამ კვანტალიანი, მარიამ სხირტლაძე და უტა ხარბედია წარმოადგენენ. შეჯიბრის ფინალური ეტაპი ვენაში გაიმართება. ,,ეს გამორჩეული პიროვნებები შეირჩნენ განსაკუთრებული ნიჭისა და დიდი მოტივაციის საფუძველზე შთამბეჭდავი GPA-ით, ძლიერი აკადემიური მოსწრებით და ინგლისურისა და ბიზნეს სამართლის ღრმა ცოდნით, ისინი მზად არიან წარმატებით იასპარეზონ Vis Moot-ის კონკურსში. იწყებენ რა ამ მშვენიერ მოგზაურობას, ჩვენ ვუსურვებთ Vis Moot-ის გუნდს წარმატებებს! თვალი ადევნეთ და მხარი დაუჭირეთ მათ!“, – აღნიშნულია Vis Moot-ის მთავარ საინფორმაციო გვერდზე.
ვის მუთი არის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო იმიტირებული საარბიტრაჟო პროცესების ჩემპიონატი, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს 4,000-მდე სტუდენტს ყველა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ვის მუთში მონაწილეობა იძლევა ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟისა და ნასყიდობის სამართლის ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე მუშაობის შესაძლებლობას. ვის მუთი სტუდენტებს აძლევს კარიერული წინსვლის შესანიშნავ შანსს და ახალ შესაძლებლობებს. ვის მუთში მონაწილეობით ახალგაზრდები საგრძნობლად იუმჯობესებენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების და სტიპენდიის მიღების შანსებს.
მოგახსენებთ, რომ თსუ იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა Willem C. Vis სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესების რიგით მე-13 თბილისის საერთაშორისო ფრი-მუთზე მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონი გუნდი გახდა.
გუნდის წევრი ელენე კაკულია დასახელდა Tbilisi Vis Pre-Moot-ის საუკეთესო სპიკერად. ასევე, ალექსანდრე კახაძემ და ელენე კაკულიამ სპონსორების აღიარება მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის გუნდი Commercial Law Development Program U.S. Department and Commerce (CLDP)-ის რჩეული გახდა და მოიპოვა სრული დაფინანსება ვენაში შეჯიბრის ფინალურ ეტაპზე გასამგზავრებლად.
გუნდს ხელმძღვანელობს თსუ იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი გოჩა ოყრეშიძე. ასევე, მწვრთნელები არიან ჩვენი კურსდამთავრებულები ნინო ბერულავა და დიანა ტაკიძე. გუნდის მომზადების პროცესში ჩართული იყო ირაკლი ჯოჯუა.
Willem C. Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში. შეჯიბრის ფინალური ეტაპი ყოველწლიურად ვენაში იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით გუნდი მონაწილეობს. ფინალური ეტაპის გამართვამდე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქები მართავენ მოსამზადებელ შეჯიბრებს (Pre-Moots), სადაც სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის გუნდები იღებენ მონაწილეობას.