„ვეფხისტყაოსნის“ აფხაზური თარგმანების ციფრული კორპუსი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია
„ვეფხისტყაოსნის“ აფხაზური თარგმანების ციფრული კორპუსი ღია რესურსის სახით განთავსდა ინტერნეტში შემდეგ მისამართზე: https://geabco.com/. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ ამ პროექტს ხელმძღვანელობდა ფილოლოგიის დოქტორი, თსუ-ს აფხაზეთის ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი ლეილა ავიძბა. პროექტის თანახელმძღვანელი იყო გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, კავკასიოლოგი, პროფესორი მანანა თანდაშვილი. პროექტში ჩართული იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი რუსუდან პაპიაშვილი და ახალგაზრდა მეცნიერი, თსუ-ს ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების დოქტორანტი გიორგი ჯღარკავა.
პროექტის განმახორციელებელ მეცნიერთა აზრით, აფხაზური ენისათვის ორენოვანი ციფრული რესურსის შექმნა და ერთწლიანი პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები ახალ პერსპექტივებს უხსნის აფხაზური ენის კვლევას თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. „ვეფხისტყაოსნის“ ქართულ-აფხაზური ციფრული კორპუსი ბიძგს მისცემს აფხაზური ენის ტექნოლოგიზაციას, კერძოდ, დიდი მონაცემთა ბაზის შექმნას აფხაზურ ენაზე და კვლევას ორიგინალური მეთოდებისგამოყენებით, რომლებიც ქართულ-აფხაზურ ციფრულ კორპუსში ლინგვისტური კვლევების განსახორციელებლად შემუშავდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის შედეგად შექმნილი რესურსი ეფექტურად შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც ფართო პროფილის ჰუმანიტარული კვლევებისათვის (ლინგვისტიკა, ტექსტოლოგია, თარგმანმცოდნეობა და სხვ.), ისე აფხაზური ენისათვის ტექნოლოგიების განვითარების მიზნით. გარდა ამისა, „ვეფხისტყაოსნის“ ქართულ-აფხაზური ციფრული კორპუსი ეფექტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ საგანმანათლებლო სივრცეში და საფუძველი მოვუმზადოთ აფხაზური ენის სრულფასოვან ფუნქციონირებას საგანმანათლებლო მულტიმედიურ სწავლებაში (მაგ., დისტანციურ სწავლებაში), რაც თანხვედრაშია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ გაცხადებულ სახელმწიფო ენის სტრატეგიის პრიორიტეტებთან აფხაზური ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების მიმართულებით.