ღონისძიებაზე ვასილ აბაევის სამტომეული თსუ-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა
28 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოსების გიორგი ახვლედიანისა და ვასილ აბაევისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევი, რომელმაც თავის მოხსენებაში – „ვასილ აბაევი და ქართული საზოგადოება“ – ვრცლად მიმოიხილა ოსი მეცნიერის მოღვაწეობა. „აკადემიკოსი ვასილ აბაევი და გიორგი ახვლედიანი დაუღალავად ზრუნავდნენ ისტორიული და საენათმეცნიერო საკითხების შესწავლა-დამუშავებაზე. ჩემი სამეცნიერო კვლევის საკმაო ნაწილი ოსური ენის კვლევას დავუთმე და დიდად მაოცებს მათი ნაყოფიერი სამეცნიერო პროდუქტიულობა. დიდი ენათმეცნიერის, ლექსიკოგრაფის, ფოლკლორისტის, ეთნოგრაფის, აკადემიკოს ვასილ აბაევის ნაშრომები – „ნართების ეპოსი“, „ოსური ენა და ფოლკლორი“, „ოსური ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი“ და სხვ. საყოველთაოდ არის ცნობილი. მან დიდი წვლილი შეიტანა ირანულ ენათა კვლევისა და ქართულ-კავკასიური და ირანულ ენათა კონტაქტების შესწავლის საქმეში. მნიშვნელოვანია მისი შრომები კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის საერთო ელემენტების კვლევის თვალსაზრისით. საყურადღებოა მისი ნაშრომები „არმაზის ბილინგვის გარშემო“, „შოთა რუსთაველის პოემის – „ვეფხისტყაოსნის“ ფოლკლორული საფუძვლის შესახებ“ და სხვა. ვასილ აბაევს დიდ პატივს სცემდნენ ქართული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, განსაკუთრებით აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი. ძალზე საინტერესოა გიორგი ახვლედიანისა და ვასილ აბაევის სამეცნიერო თანამშრომლობა. ქართველი მეცნიერი დიდ პატივს სცემდა ვასილ აბაევის მოღვაწეობას, თავის მხრივ, ოსი მეცნიერი მაღალ შეფასებას აძლევდა გიორგი ახვლედიანის გამოკვლევებს. გიორგი ახვლედიანმა ერთ-ერთმა პირველმა შეადგინა ოსური ენის პროგრამა – საუნივერსიტეტო კურსი, ერთ-ერთმა პირველმა მიიღო მონაწილეობა ოსური ენის გრამატიკის გამოცემაში, რომელიც დღეისთვისაც ისევ აქტუალურია. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ვასილ აბაევი ძალიან ახლოს იყო ქართულ სამეცნიერო წრეებთან და საზოგადოებასთან, ამაზე მეტყველებს ის უამრავი წერილი, რომელიც მის არქივშია დაცული. სიმბოლურია, რომ დღესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავი მოვიყარეთ ქართველმა და ოსმა მეცნიერებმა, რადგან ერთიანობაშია ჩვენი სიძლიერე. ეს უნივერსიტეტი იყო ოდითგან მთელი კავკასიის კადრების სამჭედლო, კავკასიის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, მას ყოველთვის ეკავა ჰეგემონის როლი და მჯერა, რომ მათ მიერ დაწყებული საქმე კვლავაც გაგრძელდება“, – განაცხადა ნაირა ბეპიევამ.
დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ავთანდილ არაბულის მოხსენებამ „ვასილ აბაევი და მისი ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი“. „ვასილ აბაევი და გიორგი ახვლედიანი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ დიდი მეცნიერები იყვნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ახვლედიანი ქართული ფონეტიკის ფუძემდებელი იყო, ჩვენ მის ნაშრომებზე აღვიზარდეთ, რაც ჩვენი თაობის სტუდენტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე შეიძლება ითქვას ვასილ აბაევზეც, რომელიც უდიდესი მეცნიერი იყო და უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა მან როგორც ფოლკლორის, განსაკუთრებით კი მითოლოგიის სფეროში. ქართველი მეცნიერები მის მოღვაწეობას ძალიან აფასებდნენ“, – აღნიშნა ავთანდილ არაბულმა.
თსუ-ს პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი აკადემიკოსი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი მოხსენებით – „ორი დიდი ენათმეცნიერის თანამშრომლობის ისტორიიდან: გიორგი ახვლედიანი, იანის ენძელინსი“ – წარდგა საზოგადოების წინაშე. მან ისაუბრა აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის გენეალოგიაზე. წარმოადგინა საარქივო ფონდებში დაცული ცნობები გიორგი ახვლედიანის მშობლებისა და წინაპრების შესახებ. ასევე, ყურადღება გაამახვილა გიორგი ახვლედიანისა და მისი სამეცნიერო ხელმძღვანელის – ენძელინსის ურთიერთობაზე მიმოწერის მიხედვით.
საინტერესო იყო თსუ-ს პროფესორის თინათინ ბოლქვაძის მოხსენება – „ენათმეცნიერების შესავლის პირველი ქართული სახელმძღვანელო“. მისი ინფორმაციით, ახალ გამოცემაში მხოლოდ ერთადერთი შესწორებაა შეტანილი, ეს არის წიგნის სათაური. „მთლიანად წიგნი არის ფოტოგრაფიული გამოცემა, რომელშიც არაფერი შეგვიცვლია, თუმცა, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, წიგნში დაშვებული შეცდომები უნდა შესწორებულიყო, მაგრამ რადგან ეს რარიტეტული გამოცემაა, ჩვენ ვარჩიეთ, რომ ზუსტი ასლი გაგვეკეთებინა. წიგნში შეტანილია თხუთმეტი ლექცია და თანდართული ლიტერატურა – თუ რა უნდა წაიკითხონ სტუდენტებმა დამატებით. 1923 წელს გამოვიდა მეორე წიგნი გიორგი ახვლედიანისა და არნოლდ ჩიქობავას ავტორობით. წიგნში ენათმეცნიერების დარგის საკვანძო საკითხებია განხილული და ამითაც არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა თინათინ ბოლქვაძემ.
ღონისძიებას დაესწრნენ მეცნიერები, სტუდენტები, ქართულ-ოსური საზოგადების წარმომადგენლები და სხვა. თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა თიკა ჯიოევამ შეასრულა ოსური და ქართული სიმღერები, პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლემ ბარბარე დონჯაშვილმა კი ოსურ ენაზე წაიკითხა კოსტა ხეთაგუროვის ლექსი – ,,ანდერძი”.
ღონისძიებაზე ვასილ აბაევის სამტომეული თსუ-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა. სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს გიორგი ახვლედიანის ძეგლი.