ვაჟა ნიბლაძის მონოგრაფიის პრეზენტაცია

თარიღი: 2024-04-18 12:12:56

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტმა ფილოსოფოს ვაჟა ნიბლაძის წიგნის ,,ყოფიერების მეტაფიზიკური და ანთროპოლოგიური ასპექტები ფილოსოფიაში’’  პრეზენტაცია გამართა. ნაშრომში ავტორს გაანალიზებული აქვს რთული და მრავალფეროვანი სააზროვნო ფილოსოფიური პრობლემატიკა: სუბსტანციური არსის კლასიკური თეორიები, ყოფიერება და მეტაფიზიკა, ეგზისტენციალისტური ანთროპოლოგია, როგორც ადამიანური ყოფიერების მეტაფიზიკა, მეტაფიზიკური ყოფიერების დაფუძნების ცდები ქართულ ფილოსოფიაში…

ვაჟა ნიბლაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულებაზე 35 წელზე მეტი იმუშავა. გამოქვეყნებული აქვს ორმოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე. მკვლევრის ბოლო დროის მუშაობის ძირითადი მიმართულება მოიცავდა ექსისტენციალიზმს, ონტოლოგიას და გნოსეოლოგიას. იკვლევდა სარტრის, კამიუს  და გერმანელი ფილოსოფოსის ჰაიდეგერის ნაშრომებს. ვაჟა ნიბლაძე ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებს ფლობდა.

 „გერმანელი ფილოსოფოსი ფიხტე ბრძანებდა: ,,რა კაციც ხარ, ისეთ ფილოსოფიას ირჩევ’’,   ვაჟა ნიბლაძე ამ კატეგორის პიროვნებას  მიეკუთვნებოდა.  მან ფილოსოფოსობის ისეთი გზა განვლო, რომლის დაძლევასაც ბევრი ადამიანი ვერ შეძლებდა. იგი გახლდათ ჭეშმარიტების მაძიებელი. ის მხოლოდ ფილოსოფოსობდა და ფილოსოფიით ცხოვრობდა. მაგრამ მას არ დაცალდა…

მისი ხსოვნისათვის პატივის მისაგებად გადავწყვიტეთ გამოგვეცა მისი ნაშრომები მონოგრაფიად. მომავალი თაობები გაეცნობიან ამ საინტერესო წიგნს, ნახავენ უაღრესად  სათუთი სულის, პიროვნების ექსისტენციალურ პრობლემებზე მოფიქრალი კაცის ნააზრევს.

მან წითელ დიპლომზე დაამთავრა თსუ-ს ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით. აქტიური იყო არა კომკავშირულ-პარტიული კუთხით, არამედ ფილოსოფიური პრობლემატიკის გააზრებასა და საჯარო პაექრობებში.

მის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები ორიგინალური ხასიათის იყო. ასე ვიტყოდით, იგი გახლდათ საქართველოში ფრანგული ექსისტენციალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი, ჭეშმარიტი მოქალაქე და მამულიშვილი. იგი არაორდინარული პიროვნება იყო, ხარისხებს არ მიელტვოდა, ბოლოს გადაწყვიტა მიეხედა ამ საქმისათვის, მაგრამ არ დაცალდა…

ვაჟა ნიბლაძის  ნაშრომის ორიგინალობა იმაშია, რომ ამ  ნაშრომთა კრებულში უშუალოდ ჩანს ავტორის ,,წუხილები’’ და ექსისტენციალური ბინდისფერი სევდა, რისი მატარებელი გახლდათ ამ წიგნის ავტორი.  უაღრესად ორიგინალური წიგნი გამოვიდა, უნდა ითქვას, რომ მეტად  რთული  და საინტერესო ტექსტი.

ვაჟა ნიბლაძის ამ მონოგრაფიის გამოსვლით (სიკვდილის შემდეგ) დაგვირგვინდა მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა.  ღირსეულად  შესრულდა  დასახული მისია“, – აღნიშნა წიგნის სამეცნიერო რედაქტორმა და შემდგენელმა, პროფესორმა დემურ ჯალაღონიამ.

ფილოსოფოს ვაჟა ნიბლაძის წიგნის ,,ყოფიერების მეტაფიზიკური და ანთროპოლოგიური ასპექტები ფილოსოფიაში“ პრეზენტაცია 16 აპრილს გაიმართა. ნაშრომი ფილოსოფიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის არის განკუთვნილი.

Facebook
Twitter
LinkedIn