ვაჟა-ფშაველა -165

თარიღი: 2026-07-17 13:06:10

წელს, 14 ივლისს, დიდი მგოსნის – ვაჟა ფშაველას დაბადებიდან 165 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მწერალთა სახლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოიცა წიგნი, რომლის ავტორები არიან ფილოლოგიის დოქტორი, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, იაპონელი ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა და ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმის კურატორი მამუკა ჭანტურაია.

,,შეხვედრა“ ორენოვანია და წიგნში ურთიერთშედარებითი კუთხით განხილულია ორი დიდი შემოქმედის – ვაჟა ფშაველასა და რიუნოსკე აკუტაგავას ნაწარმოებები: ,,ალუდა ქეთელაური“ და ,,სანემონის დანაშაული“.

ქართველი და იაპონელი მკითხველი სიღრმისეულად გაეცნობა ერთმანეთის კულტურული ტრადიციების კონკრეტულ მასალას, როგორც მხატვრული, ასევე ისტორიული კუთხით.

ტექსტებში სოციალური გარემო, ტრადიციები, მსოფლმხედველობრივი წარმოდგენები მნიშვნელოვნად განსხვავებულია, მაგრამ რწმენა ვაჟკაცობისა, უდრეკობისა, პირუთვნელობისა მსგავსია.

კვლევით ნაწილს ერთვის „სანემონის დანაშაულის“ ზურაბ კიკნაძისეული ქართული და „ალუდა ქეთელაურის“ იასუჰირო კოჯიმას მიერ იაპონურ ენებზე ნათარგმნი ტექსტები.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი, რომლის წინ წამოწევაც სურთ პროექტის ავტორებს – გიორგი ალიბეგაშვილს, იასუჰირო კოჯიმას და მამუკა ჭანტურაიას – ის გახლავთ, არიან თუ არა დამნაშავეები ალუდა ქეთელაური და ჰოსოი სანემონი.

ნაშრომს თან ერთვის იაპონური ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესებიც, რაც ამ რიგის ამოცანის გადაჭრის პირველი პრეცედენტია და ხელს უწყობს შუამავალი ენის გარეშე იაპონურიდან ქართულ ენაზე ბგერათშესატყვისობების მაქსიმალური სიზუსტით გადმოტანას.

Facebook
Twitter
LinkedIn