მკვლევრებისთვის რა რჩევა გაახმიანა პროფესორმა ვადიმ სტრიელკოვსკიმ თსუ-ში ვიზიტისას
ცოტა ხნის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროფესორ ვადიმ სტრიელკოვსკის, რომლის ვიზიტი განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესის საგანი გახდა როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ვადიმ სტრიელკოვსკი, რომლის კვლევებს 10,000-ზე მეტი ციტირება აქვს, ცნობილია მსოფლიო სამეცნიერო წრეებში. ის სხვადასხვა დროს იყო ბერკლის, სტენფორდის, პრაღის უნივერსიტეტების პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, პროფესორ თამარ დოლბაიას მოწვევით ესტუმრა.
მეცნიერი ხუთი დღის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ტარდება პრაღის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის (PRIZK) და თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით. ლექციები მიზნად ისახავდა დოქტორანტთა და ახალგაზრდა მკვლევართა კვლევითი უნარების გაძლიერებას. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რის საფუძველზეც დოქტორანტები თავისუფალ კრედიტებს მიიღებენ.
ინსპირაცია მომავალი მეცნიერებისთვის
ლექციები, რომელსაც ძირითადად დოქტორანტები და მაგისტრანტები ესწრებოდნენ, მოიცავდა ინტენსიურ კურსს სახელწოდებით „კვლევითი ოსტატობის ათვისება: წერა, პუბლიკაცია და საგანმანათლებლო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში“. როგორც პროფესორმა სტრიელკოვსკიმ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტთან“ საუბარში აღნიშნა, მისი მიზანი იყო ახალგაზრდა მკვლევრების დახმარება იმ აუცილებელი ცოდნისა და უნარების შეძენაში, რომლებიც დღევანდელ გლობალურ და კონკურენტულ აკადემიურ გარემოში აუცილებელი და საჭიროა.
კურსი შედგებოდა ხუთი მოდულისგან:
- აკადემიური წერისა და პუბლიკაციის პრინციპები;
- თანამედროვე კვლევითი მეთოდები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში;
- პუბლიკაცია SCOPUS და WoS ბაზებში;
- განათლების პოლიტიკა 21-ე საუკუნეში;
- მეცნიერების მართვა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო ჟურნალის შერჩევისა და კვლევითი ნაშრომის აგების სტრატეგიაზე, რაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.
ვადიმ სტრიელკოვსკიმ ხაზი გაუსვა ,,მათეს ეფექტს” („მათეს ეფექტი“ – სოციალური ფენომენი, რომელიც წარმატების მიღწევის პროპორციებს ადგენს), ანუ იმ ტენდენციას, როდესაც ცნობილ მეცნიერთა ნაშრომები მეტად პოპულარული ხდება და ავტორის მოსაზრებების გავრცელების მეტ შესაძლებლობას იძლევა. მისი თქმით, სწორედ ამიტომაა მართებული – სწორად განისაზღვროს პუბლიკაციის სტრატეგია და შეირჩეს ჟურნალი.
ხელოვნური ინტელექტი მეცნიერების სამსახურში
განხილულ თემებს შორის გასაკუთრებით თვალსაჩინო იყო ხელოვნური ინტელექტის, მათ შორის ChatGPT-სა და Scispace-ის კვლევით პროცესში გამოყენების საკითხი. პროფესორის აზრით – „ეს ინსტრუმენტები არ ცვლიან მკვლევრებს, არამედ მნიშვნელოვნად ამაღლებენ მათ ეფექტიანობას – ხდიან შესაძლებელს, სწრაფად გააანალიზონ დიდი მოცულობის ლიტერატურა და ამოიცნონ კვლევითი ხარვეზები“.
ადგილობრივი კონტექსტი და გლობალური ხედვა
კურსის მიმდინარეობისას პროფესორმა სტრიელკოვსკიმ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა ქართული ღვინის გლობალიზაცია და მისი უკეთ გაცნობის აპლიკაციების გამოყენების აუცილებლობა. ეს მაგალითი ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება ლოკალურ საკითხებზე გაკეთებულმა კვლევებმა საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინოს სწორად შერჩეული მეთოდოლოგიითა და თემატიკით.

სტრიელკოვსკიმ ხაზი გაუსვა მრავალწლოვან თანამშრომლობას პროფესორ თამარ დოლბაიასთან, რომელიც, მისი აზრით, მაგალითია იმისა, თუ როგორ ამდიდრებს საერთაშორისო თანამშრომლობა კვლევით პროცესს, ავითარებს ახალ ხედვებს და ზრდის აკადემიური ნაშრომების გლობალურ გავლენას.
გზავნილი მომავალი თაობისთვის
მომავალი მკვლევრებისთვის სტრიელკოვსკის რჩევა მარტივია: „იყავით ცნობისმოყვარენი, იმუშავეთ ინტერდისციპლინურად, ისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენება, გააგრძელეთ წერისა და კვლევის უნარების დახვეწა და შექმენით საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელები“. მისი თქმით, სწორედ ასეთი მიდგომებით შეიძლება გადალახოს კვლევამ ლოკალური საზღვრები და მოახდინოს ზეგავლენა ფართო სამეცნიერო საზოგადოებაზე.
პროფესორი ვადიმ სტრიელკოვსკის ვიზიტი და მის მიერ თსუ-ში ჩატარებული კურსი მნიშვნელოვანი იყო ქართული აკადემიური სივრცის ინტერნაციონალიზაციისა და განვითარების პროცესში. დოქტორანტებმა მიიღეს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული რჩევები და ერთგვარი გზამკვლევი, თუ როგორ შეიძლება გლობალურ კვლევით გარემოში წარმატებით ინტეგრაცია. ეს იყო კარგი შანსი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის – გააგრძელონ აკადემიური სრულყოფილების გზა.
