უშანგი სამადაშვილის ახალი მონოგრაფია ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე
თბილისის გამომცემლობა ,,უნივერსალმა” გამოსცა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის უშანგი სამადაშვილის მონოგრაფია – „ბიზნესის სიმეტრიული განვითარება – ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საშუალება საქართველოში“.
ნაშრომი წარმოაჩენს საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს: ბიზნესის უთანაბარო განვითარებას რეგიონულ, დარგობრივ და გენდერულ ჭრილში, ასევე ქვეყნის გარე სამყაროსთან ერთმხრივ ინტეგრაციასა და ინოვაციური მეწარმეობის სუსტ მდგომარეობას. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის – აუცილებელია ინკლუზიური ზრდა, რაც გულისხმობს ქვეყნის ყველა რეგიონის, სექტორისა და სოციალური ჯგუფის თანაბარ მონაწილეობას განვითარებაში.
„ეკონომიკური პროგრესი მხოლოდ მაშინ გადაიქცევა საერთო კეთილდღეობად, როცა ბიზნესის განვითარება სიმეტრიულ ხასიათს მიიღებს და მოსახლეობის ყველა ფენა თანაბრად ჩაერთვება ეკონომიკურ პროცესებში“, – აღნიშნავს უშანგი სამადაშვილი.
,,ნაშრომში ახსნილია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის არსი და მნიშვნელობა; დასაბუთებულია, რომ საზოგადოების საყოველთაო და დიფერენციული კეთილდღეობის საუკეთესო საშუალებაა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, ანუ ეკონომიკაში საყოველთაო ჩართულობა და გაზრდილი შემოსავლის მისამართიანი განაწილება, რასაც საქართველოში აფერხებს ბიზნესის ასიმეტრიული განვითარება რეგიონულ, დარგობრივ და გენდერულ ჭრილში, ასევე გარემოსთან უპირატესად ცალმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაცია და ინოვაციური მეწარმეობის ნაკლებ განვითარებულობა. ნაჩვენებია, რომ გრძელვადიანი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის წინაპირობა მდგრადი და პროგნოზირებადი სტაბილურობაა, რისი გარანტიც საშუალო ფენაა. საშუალო ფენის მთავარი მაფორმირებელი კი ბიზნეს- სექტორია“, – ვკითხულობთ ნაშრომის შესავალში.
მონოგრაფიაში აღწერილია რეგიონულ ჭრილში არსებული დისბალანსი: ეკონომიკური აქტიურობის „პოლუსებად“ აღიქმება თბილისი, აჭარა, იმერეთი და ქვემო ქართლი, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი და მცხეთა-მთიანეთი – ეკონომიკურად ჩამორჩენილ რეგიონებად. ავტორი ხაზგასმით აცხადებს, რომ სწორედ ეს უთანაბრობა აფერხებს ქვეყნის ინკლუზიურ განვითარებას.
წიგნის ავტორი არა მხოლოდ აღწერს პრობლემებს, არამედ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ რეკომენდაციებსაც გვთავაზობს შემდეგ საკითხებზე: ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება; სამამულო საწარმოების შიდა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლება; პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების ხარჯების შემცირება; არაგონივრული იმპორტის ჩანაცვლება, ექსპორტის წახალისება და ოპტიმიზაცია; ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობა, ქალთა შრომითი და სამეწარმეო აქტივობის გაძლიერება; ასევე მცირე ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია პოსტპანდემიურ პირობებში.
ნაშრომს საფუძვლად დაედო ავტორის მიერ ბოლო წლებში გამოქვეყნებული საჟურნალო სტატიები და კონფერენციებზე გაკეთებული მოხსენებები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ასევე მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში შესრულებული თემები.
წიგნის ავტორი მიიჩნევს, რომ ნაშრომში წარმოდგენილი ხედვები და რეკომენდაციები მნიშვნელოვან საყრდენად შეიძლება იქცეს როგორც მეცნიერებისთვის, ისე პრაქტიკოსი მენეჯერებისა და მეწარმეებისთვის; განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების შემუშავებაში ჩაერთვება.
სამეცნიერო კვლევა მნიშვნელოვან გზამკვლევად შეიძლება იქცეს პოსტსოციალისტური და პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის, რომელთაც წინათ სოციალიზმის, ახლა კი განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის პრობლემების გადაწყვეტა აერთიანებთ.
მონოგრაფიის რედაქტორია ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი იოსებ არჩვაძე. რეცენზენტებად კი თსუ-ს პროფესორი თეიმურაზ შენგელია და ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე გვევლინებიან.
მონოგრაფია განკუთვნილია ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნავს.
