ახალი სამაგისტრო პროგრამა – „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“

თარიღი: 2023-11-07 15:49:48

სუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 2023 წლის სექტემბრიდან სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას – „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“  სთავაზობს.  ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა ემსახურება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს უწყებებში დასაქმებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო მოსამსახურეების უმაღლესი აკადემიური ხარისხის მიღებას.  პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ბიზნეს ადმინისტრირების საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური კვალიფიკაცია (EMBA in Public Administration) მიენიჭება.

ახალი სასწავლო პროგრამა პირველია  საქართველოში და მთლიანად რეგიონში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ერთობლივი ძალისხმევით  შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას შორის სამმხრივ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმ ფარგლებში.  

პროგრამის პირველი სემესტრი თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლეს პროგრამას დაეთმობა, ხოლო მეორესაჯარო ადმინისტრირების ნაწილს. კურსდამთავრებულები მიიღებენ ორ დიპლომს – 1) თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის უწყებრივი დიპლომი; 2) ,,ბიზნეს ადმინისტრირების საჯარო მმართველობის სამაგისტო პროგრამის უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (მაგისტრის ხარისხი).

პროგრამის ხელმძღვანელებად დაინიშნენ  თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი  ბადრი რამიშვილი  და  პოლკოვნიკი კონსტანტინე პეტრიაშვილი. პროგრამის განხორციელებისას ჩართულნი იქნებიან თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის და თავდაცვის ინსტიტუციური  აღმშენებლობის სკოლის პროფესორმასწავლებლები, თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები.

ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შექმნის, მიზნებისა და სწავლების მეთოდების შესახებ გვესაუბრებიან  სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები: თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი და პოლკოვნიკი კონსტანტინე პეტრიაშვილი.

  • სუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსტუდენტებს სთავაზობს  ახალ სამაგისტრო პროგრამას „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“,  რომელიც  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა. რატომ გახდა აქტუალური ამ პროგრამის  შემუშავება, რა წინაპირობა უძღოდა მას და  რა კვალიფიკაციას მიიღებენ ამ პროგრამის კურსდამთავრებულები?
  •  სახელმწიფოს წინაშე არსებული უსაფრთხოების პრობლემების დაძლევისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო საჯარო სამსახურისათვის კვალიფიციური და განათლებული კადრების მომზადება. გაერთიანებული ძალისხმევითა და ოპტიმალური დანახარჯებით, მოსამსახურეებისათვის ისეთი სტრატეგიული ცოდნის მიცემა, რაც შექმნის ეროვნული სიძლიერის ელემენტების სინერგიას და  მშვიდობიანობას, ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნის ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის. ამ პროგრამის მიხედვით მიღებული ცოდნა საგანგებო სიტუაციებისა და ომიანობის დროს საჯარო სამსახურს მიცემს შესაძლებლობას ეფექტურად გაუმკლავდეს ქვეყნის წინაშე წამოჭრილ უსაფრთხოების პრობლემებს. თანამშრომლობა, რომელიც განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სწორედაც რომ ამ მიზანს ემსახურება. სამაგისტრო პროგრამა შედგენილია 1 წლიანი (2 სემესტრიანი) სწავლის პერიოდზე. პროგრამის კონცეფცია ეფუძნება პროგრამადამთავრებულისათვის ბიზნეს ადმინისტრირების აღმასრულებელი მაგისტრის – Executive Master of Business Administration (EMBA) კვალიფიკაციის მინიჭებას. აღნიშნული კონცეპტუალური მიდგომა საკმაოდ მიმზიდველია უცხოეთის განვითარებულ ქვეყნებში და ითვალისწინებს ბიზნესსა და საჯარო სამსახურში დასაქმებული პროფესიონალი მოსამსახურეებისათვის, სწავლის მოკლე პერიოდში და სამსახურიდან ხანგრძლივი დროით დაშორების გარეშე, კვალიფიციური და თანამედროვე განათლების მიღების შესაძლებლობას.
  • რა მიზანს ემსახურება ახალი სასწავლო პროგრამა და რამდენად ფართო სპექტრისთვის არის ის გათვალისწინებული?
  • „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“  – აღმასრულებელი მაგისტრის ეს საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს: ქვეყნის საჯარო სამსახურისათვის სტრატეგიული დონის ლიდერთა მომზადებას, რომელთაც შეეძლებათ საჯარო მმართველობის განხორციელება, ეროვნულ დონეზე ერთობლივი ურთიერთქმედება,  ქვეყნის შიდა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს შეფასება და მშვიდობიანობის, საგანგებო სიტუაციებისა და საომარი მდგომარეობის დროს სტრატეგიული დონის საჯარო მართვის პროცესებში ეფექტიანი მონაწილეობა.პროგრამა გათვალისწინებულია იმ საჯარო მოხელეებისთვის, რომლებიც დასაქმებულნი არიან საქართველოს საჯარო სექტორში და მათი საქმიანობის სფერო დაკავშირებულია ან სამომავლოდ დაუკავშირდება საქართველოს სტრატეგიულ დონეზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემებს. სამაგისტრო პროგრამებზე ჩაირიცხებიან საჯარო სამსახურის მოქმედი მოსამსახურეები და უსაფრთხოების სფეროს საქმიანობასთან დაკავშირებული პირები:
  • რომლებსაც გააჩნიათ ბაკალავრის, მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • რომლებიც ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო გამოცდას;
  • რომლებსაც ექნებათ საჯარო სამსახურში მართვის/ადმინისტრირების დარგში მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება;
  • რომლებიც წარმოადგენენ ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს ან ჩააბარებენ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის გამოცდას B2 დონეზე.
  • სწავლების რამე განსხვავებულ მეთოდებს ხომ არ გვთავაზობს აღნიშნული პროგრამა?
  • სამაგისტრო პროგრამის შემუშავებაში გამოყენებული იყო თანამედროვე დასავლეთის ქვეყნების საგანმანათლებლო პროცესის მიღწევები და მიგნებები. სამაგისტრო პროგრამა ეფუძნება ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციისა და საქართველოს სხვა პარტნიორი ქვეყნების სამხედრო და საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნებს. სამაგისტრო პროგრამის შემადგენელი მოდულები და კურსები სრულ თანხვედრაშია იმ მიზნებთან და შედეგებთან, რასაც უცხოეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლო-საგანმანათლებლო და საჯარო ადმინისტრირების აღმასრულებელი მაგისტრის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსები აღწევენ. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისევე, როგორც თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, მაგისტრანტს მისცემს შესაძლებლობას, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული სასწავლო კურსების და მოდულების გარდა, სურვილის შემთხვევაში აირჩიოს და გაიროს სხვა ინდივიდუალური და სერტიფიცირებული სასწავლო კურსები. მათ შორის თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას აქვს  ნატო-ს რამდენიმე სერტიფიცირებული სასწავლო კურსი, რომლის კურსდამთავრებულს გადაეცემა ნატო-ს აკრედიტირებული სერტიფიკატი.
  • საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს რა ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები ექნება, რა ცოდნასა და უნარებს მიიღებს   სტუდენტი ამ პროგრამის გავლის შედეგად?  
  • სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება ცოდნა და კომპეტენცია, რომ დაინიშნოს საჯარო დაწესებულებაში საშუალო და მაღალი დონის საჯარო მოხელის თანამდებობებზე, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირების სტრატეგიული მრჩევლის ადგილზე, ასევე, კერძო სექტორსა და სასწავლო სფეროში სტრატეგიულ დაგეგმვაზე მომუშავე პირთა პოზიციებზე. ბიზნეს ადმინისტრირების აღმასრულებელი მაგისტრის „EMBA” დიპლომირებული პირი იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი როგორც სახელმწიფო საჯარო სამსახურისათვის, ასევე, საქართველოს საექსპერტო-პროფესიული წრეებისათვის. დამატებითი ინფორმაციისათვის დაინტერესებულ პირებს სრული შესაძლებლობა აქვთ ინდივიდუალურად მოიძიონ შესაბამისი ელექტრონული ინფორმაცია და/ან დაუკავშირდნენ პროგრამის ხელმძღვანელობას.
  • რა საფასურის გადახდა მოუწევთ აღნიშნულ პროგრამაზე სწავლების მსურველებს?
  • ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საჯარო მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ღირებულებაა 2250 ლარი. სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის, რომლებიც პარალელურად სწავლობენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლეს პროგრამაზე“, სწავლა არის უფასო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“ არის სამაგისტრო პროგრამის შემადგენელი ნაწილი და წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო ოფიცრის უმაღლესი სამხედრო განათლების საფეხურს (სტრატეგიული დონე). სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს ხელისუფლების მიერ დადებული და რატიფიცირებული შეთანხმების მიხედვით.
  • რა მოლოდინები გაქვთ, რამდენად დაინტერესდებიან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს უწყებებში დასაქმებული სამოქალაქო თუ სამხედრო მოსამსახურეები ამ პროგრამით?
  • ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, სამაგისტრო პროგრამის გავლის მსურველი საჯარო მოხელეების რაოდენობა საკმაოდ დიდია. გარდა ამისა, პროგრამის ხელმძღვანელებთან საკმაო რაოდენობის მსურველებს ჰქონდათ კონტაქტი, რომლებიც სწავლების პირობებით ინტერესდებოდნენ. თუმცა, აქ ხაზი უნდა გაესვას ერთ პრობლემას: „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“  – აღმასრულებელი მაგისტრის ეს საგანმანათლებლო პროგრამა  კლასიკური ერთწლიანი პროგრამაა, სადაც უნდა სწავლობდეს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კონტინგენტი. ამ შემადგენლობისთვის კი კონტრპროდუქტიულია მისაღები გამოცდების ჩატარება, რაც აფერხებს მსურველების მობილიზებას. ვფიქრობთ, რომ, როდესაც საქართველოს კანონმდებლობაში აღმოიფხვრება აღნიშნული პრობლემის გამომწვევი ხარვეზი, სწავლის მსურველთა რიცხვი მაგისტრანტთა რეალური რაოდენობის თანმხვედრი იქნება. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სამაგისტრო პროგრამა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტად შეიძენს მიმზიდველობას და სახელმწიფო საჯარო მოსამსახურეებისათვის გადაიქცევა კვალიფიკაციისა და განათლების მიღების კარგ საშუალებად. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაზრდის ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობას, გაამრავალფეროვნებს მისაღებ კონტინგენტს და აამაღლებს სწავლის პროცესსა და ხარისხს.
Facebook
Twitter
LinkedIn