კალენიკე ურიდიას გზა თსუ-დან ნიუ-იორკის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდამდე

თარიღი: 2026-10-29 12:44:28

24 წლის ასაკში კალენიკე ურიდიამ ნიუ–იორკის შტატის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა. მისი აკადემიური და პროფესიული გზა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო, გაგრძელდა ევროპის უნივერსიტეტებში და ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, დღეს კი ნიუ–იორკის იურიდიულ ფირმაში საქმიანობით გრძელდება.

კალენიკე ურიდიასთვის საერთაშორისო პროფესიულ გარემოში წარმატება ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების შედეგი არ ყოფილა. ეს იყო წლების განმავლობაში მიღებული განათლების, გაცვლითი პროგრამების, პრაქტიკული გამოცდილებისა და მუდმივი შრომის ერთობლიობა. 2019 წელს იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა, რომელიც 2023 წელს წარჩინებით დაასრულა. შემდეგ სწავლა ამავე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძო, მოგვიანებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის შესაძლებლობა მიიღო.

დღეს კალენიკე ურიდია ნიუ-იორკში, იურიდიულ ფირმაში მუშაობს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. 2026 წლის ივლისში მან ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ამჟამად ადვოკატის პროფესიაში ოფიციალურად დაშვების პროცედურას გადის.

თსუ – საერთაშორისო აკადემიური გზის დასაწყისი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კალენიკე ურიდია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების გამოყენებას. სხვადასხვა გაცვლითი პროგრამისა და სტიპენდიის ფარგლებში მან განათლება ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში მიიღო, მათ შორის ირლანდიის ლიმერიკის უნივერსიტეტში (University of Limerick), გერმანიის მიუნსტერის უნივერსიტეტში (University of Münster) და საფრანგეთის ლიონ 2-ის უნივერსიტეტში (Université Lumière Lyon 2).

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მიღებულმა დაფინანსებამ და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილებამ მას განსხვავებული სამართლებრივი სისტემების, სწავლების მეთოდებისა და აკადემიური კულტურის გაცნობის შესაძლებლობა მისცა. ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო გაუმყარა სურვილი, განათლება საერთაშორისო დონეზე გაეგრძელებინა.

ამასთანავე, თსუ-ში სწავლის პარალელურად, იგი ცდილობდა, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობასთან დაეკავშირებინა. პროფესიული გამოცდილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიიღო, სადაც კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე, სამართლებრივ კვლევასა და ანალიზზე მუშაობდა. ასევე საქმიანობდა კერძო სამართლის მიმართულებით, რამაც სამართლის სხვადასხვა სფეროს პრაქტიკული კუთხით დანახვის შესაძლებლობა მისცა.

„სწორედ საქართველოში მიღებული განათლების, ევროპულ უნივერსიტეტებში დაგროვებული აკადემიური გამოცდილებისა და პრაქტიკული საქმიანობის ერთობლიობამ მომამზადა ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გასაგრძელებლად“, – აღნიშნავს კალენიკე ურიდია.

ვაშინგტონის უნივერსიტეტი – სწავლა სრული დაფინანსებით

ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში კალენიკე ურიდია სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. სტიპენდია, სწავლის საფასურთან ერთად, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა აკადემიური ხარჯების დაფინანსებასაც მოიცავდა.

2025 წელს მან პროგრამა უმაღლესი წარჩინებით დაასრულა. ეს მნიშვნელოვანი აკადემიური მიღწევა იყო, თუმცა თავად მიღწევაზე არანაკლებ ღირებულად მიღებულ ცოდნას, საერთაშორისო პროფესიულ გარემოში მუშაობის გამოცდილებასა და ამერიკული სამართლებრივი სისტემის სიღრმისეულად გაცნობას მიიჩნევს.

კალენიკე ურიდიას შეფასებით, თსუ-ში მიღებულმა განათლებამ მისი შემდგომი აკადემიური და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა. უნივერსიტეტში მან შეიძინა არა მხოლოდ სამართლის ფუნდამენტური ცოდნა, არამედ კრიტიკული აზროვნების, სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირების, არგუმენტირებული მსჯელობისა და დამოუკიდებელი კვლევის უნარებიც.  „სამართლის შესწავლა მხოლოდ ნორმების ცოდნას არ გულისხმობს. გაცილებით მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რატომ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი რეგულაცია, როგორ უნდა განიმარტოს იგი და როგორ გამოიყენება პრაქტიკაში. სწორედ ამგვარი აზროვნების ჩამოყალიბებაში დამეხმარა თსუ-ში მიღებული განათლება“, – ამბობს იგი.

ამერიკულ სამართლებრივ სისტემასთან შეხებისას მას ახალი მიდგომებისა და მეთოდების ათვისება დასჭირდა, თუმცა სამართლებრივი აზროვნების საფუძველი უკვე ჰქონდა. ევროპულ უნივერსიტეტებში მიღებულმა გამოცდილებამ კი საერთაშორისო აკადემიურ გარემოსთან ადაპტაცია გაუადვილა და მაღალი მოთხოვნების მქონე სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულებაში დაეხმარა: „ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ განათლებამ, რომელიც საქართველოში მივიღე, შესაძლებლობა მომცა, თავი დამემკვიდრებინა საერთაშორისო აკადემიურ გარემოშიც. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მიღებული ხარისხიანი განათლება ნამდვილად შეიძლება გახდეს საერთაშორისო წარმატების მყარი საფუძველი“, – აღნიშნავს კალენიკე ურიდია.

ქართული და ამერიკული იურიდიული განათლება – განსხვავებული მიდგომები, საერთო მიზანი

საქართველოში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გამოცდილებამ კალენიკე ურიდიას შესაძლებლობა მისცა, ერთმანეთისგან განსხვავებული საგანმანათლებლო მიდგომები შეედარებინა. მისი შეფასებით, ქართულ იურიდიულ განათლებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თეორიულ ცოდნას, სამართლებრივი ინსტიტუტების შესწავლასა და კანონმდებლობის სისტემურ გააზრებას. ეს აუცილებელი საფუძველია ნებისმიერი იურისტისთვის. ამერიკულ სამართლის სკოლებში კი განსაკუთრებით თვალსაჩინოა პრაქტიკაზე, დამოუკიდებელ ანალიზსა და სტუდენტის აქტიურ მონაწილეობაზე ორიენტირებული სწავლება. სტუდენტს მოეთხოვება არა მხოლოდ სამართლებრივი წესის ცოდნა, არამედ მისი გამოყენება განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებში, საკუთარი პოზიციის დასაბუთება და ალტერნატიული არგუმენტების შეფასებაც. განსაკუთრებით საინტერესოა სწავლების ისეთი ფორმები, როგორიცაა სოკრატული მეთოდი, სასამართლო გადაწყვეტილებების დეტალური ანალიზი, სამართლებრივი წერითი დავალებები და პრაქტიკული სიმულაციები. ასეთი მიდგომა სტუდენტს ადრეული ეტაპიდანვე აჩვევს დამოუკიდებელ აზროვნებასა და პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებას.

კალენიკე ურიდიას მიაჩნია, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში სასარგებლო იქნებოდა პრაქტიკული სწავლების კიდევ უფრო გაძლიერება, განსაკუთრებით იურიდიული კლინიკების, იმიტირებული სასამართლო პროცესების, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებისა და რეალურ საქმეებზე დაფუძნებული სწავლების მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე სტუდენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამასთან, იგი არ მიიჩნევს, რომ რომელიმე საგანმანათლებლო სისტემა მეორის სრულ ანალოგად უნდა იქცეს: „თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ძლიერი მხარეები. ჩემთვის საუკეთესო მოდელი სწორედ ქართული იურიდიული განათლების თეორიული საფუძვლების, ევროპული საერთაშორისო გამოცდილებისა და ამერიკული სწავლების პრაქტიკული მიდგომების ეფექტიანი გაერთიანებაა“, – აღნიშნავს იგი.

პროფესიული განვითარება და საქართველოსთან კავშირი

ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დასრულების შემდეგ კალენიკე ურიდიამ პროფესიული საქმიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო. ამჟამად იგი ნიუ-იორკის იურიდიულ ფირმაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მისი ყოველდღიური საქმიანობა სამართლებრივი პროცესების მართვას, კომპლექსურ საქმეებზე მუშაობასა და აკადემიური ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას მოიცავს.

2026 წლის ივლისში ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარება მისი პროფესიული განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა. ამჟამად იგი ადვოკატის პროფესიაში ოფიციალურად დაშვების პროცედურას გადის.

სამომავლოდ კალენიკეs სურს, პროფესიული საქმიანობა სამართლის პრაქტიკულ და აკადემიურ მიმართულებებს თანაბრად დაუკავშიროს. მის გეგმებშია საერთაშორისო გამოცდილების გაღრმავება, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება და წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების საქართველოსთან გაზიარება. „პროფესიული წარმატება მხოლოდ დიპლომებით, უნივერსიტეტების სახელებითა თუ სტატუსით არ განისაზღვრება. ჩემთვის წარმატების მნიშვნელოვანი საზომია ისიც, თუ რამდენად შეგვიძლია ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით დადებითი ცვლილებების განხორციელება“, – ამბობს იგი.

„არასოდეს შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები მხოლოდ დღევანდელი გარემოებებით“

ქართველ ახალგაზრდებს კალენიკე ურიდია ურჩევს, საკუთარი შესაძლებლობები არასოდეს შეზღუდონ იმ გარემოებებით, რომლებშიც ამჟამად იმყოფებიან. მისი აზრით, საერთაშორისო წარმატებისთვის აუცილებელი არ არის, ადამიანს თავიდანვე ყველა შესაძლებლობა ჰქონდეს. გაცილებით მნიშვნელოვანია მიზნის განსაზღვრა, მუდმივი შრომისთვის მზადყოფნა და სირთულეების გადალახვის უნარი: „საქართველოში ბევრი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდაა. ვფიქრობ, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლა და საერთაშორისო პროფესიულ გარემოში წარმატების მიღწევა სრულიად რეალური შესაძლებლობაა“, – აღნიშნავს იგი.

კალენიკეს სურვილია, სულ უფრო მეტ ქართველ ახალგაზრდას ჰქონდეს საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობა და მიღებული გამოცდილება მომავალში საქართველოს განვითარებასაც მოხმარდეს.

იგი მადლიერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იმ ლექტორების, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მის აკადემიურ და პიროვნულ განვითარებაში. მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პროფესიული გზა სწორედ თსუ-ში დაიწყო და უნივერსიტეტში მიღებული განათლება შემდგომი განვითარების მნიშვნელოვან საყრდენად იქცა: „მიუხედავად იმისა, თუ სად გააგრძელებს ადამიანი სწავლას ან პროფესიულ საქმიანობას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყოველთვის ახსოვდეს საკუთარი საწყისი და ის ადამიანები, რომლებმაც მის განვითარებაში წვლილი შეიტანეს“, — ამბობს კალენიკე ურიდია.

მისი ისტორია არა მხოლოდ ახალგაზრდა იურისტის აკადემიურ და პროფესიულ მიღწევებს ასახავს, არამედ იმ შესაძლებლობებსაც წარმოაჩენს, რომლებიც საქართველოში მიღებულ განათლებას, საერთაშორისო აკადემიურ გამოცდილებასა და მიზანმიმართულ შრომას შეუძლია შექმნას.

Facebook
Twitter
LinkedIn