უნივერსიტეტელი ნოდარ ეცადაშვილი ბუნდესტაგში მკვლევრად აიყვანეს

თარიღი: 2024-10-08 18:21:33

თსუ-ს კურსდამთავრებული ნოდარ ეცადაშვილი ამა წლის 1 ოქტომბრიდან ბუნდესტაგში მკვლევრის პოზიციაზე აიყვანეს. იგი პარალელურად  ევროპარლამენტის გერმანულ წარმომადგენლობაში – ,,ევროპის სახლშია“ დასაქმებული, სადაც ევალება გერმანიის მოსახლეობის ინფორმირება ევროკავშირის გადაწყვეტილებების შესახებ.

,,ბუნდესტაგში ვმუშაობ გერმანიის მწვანეთა პარტიისთვის, რომელიც სამთავრობო კოალიციის წევრია. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა დაკავშირებულია მდგრადი განვითარების პოლიტიკასთან, რაც მოიცავს პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე განხილვისთვის შესაბამისი თემების მომზადებას, ასევე, სამთავრობო პარტიებს შორის მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. ბუნდესტაგში მუშაობა დავიწყე სწორედ იმ პერიოდში, როდესაც სტრატეგიის დასამტკიცებლად ყველაზე აქტიური სამუშაო ფაზა დაიწყო. ერთი მხრივ, მაქვს შესაძლებლობა უშუალოდ ვიყო ჩართული დოკუმენტის შემუშავებაში და მეორე მხრივ, მონაწილეობა მივიღო სამთავრობო და ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართულ დებატებსა და მოლაპარაკებებში“, – ამბობს ნოდარ ეცადაშვილი გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან“ საუბრისას.

ნოდარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2012-2016 წლებში სწავლობდა. როგორც თავად ამბობს, უნივერსიტეტს განსაკუთრებული ადგილი უკავია მის ცხოვრებაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბაკალავრიატი თსუ-ში დაამთავრა, არამედ იმიტომაც, რომ სწორედ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს მიიჩნევს საქართველოს სახელმწიფოს შენების ქვაკუთხედად.

,,ისევე, როგორც ბევრი ადამიანისთვის, ჩემთვისაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მომცრო ანარეკლს ჰგავს. იქ განვითარებული მოვლენები – იქნება ეს აკადემიური დისკუსიები აუდიტორიებში თუ იდეების გაცვლა უნივერსიტეტის ეზოში – ხშირად წარმოაჩენს ქვეყნის ფართო ტენდენციებს. გასაკვირი არ არის, რომ ქვეყნის განვითარების გარდამტეხ მომენტებში უნივერსიტეტი ყოველთვის ცენტრალურ როლს ასრულებდა. თავისთავად ცხადია, რომ – იყო უნივერსიტეტელი, გულისხმობს იმასაც, რომ იყო საქართველოს კულტურული, სოციალური და პოლიტიკური განვითარების ნაწილი, რაც დიდი სიამაყის და სიხარულის განცდას იწვევს“, – აღნიშნავს ნოდარი.

ნოდარ ეცადაშვილის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას მისცა ძლიერი აკადემიური საფუძველი იმისათვის, რომ სწავლა წარმატებით გაეგრძელებინა გერმანიაში – ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე. იგი, ასევე, გახლდათ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიატი, რაც სწავლის პროცესში მისთვის დიდი მხარდაჭერა იყო.  ერთი სემესტრით, ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ნოდარ ეცადაშვილი დიდ ბრიტანეთში, კენტის უნივერსიტეტშიც სწავლობდა. 2022-2023 წლებში მუშაობდა აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო სწავლის კვლევით ცენტრში, რომელიც გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი კვლევითი ინსტიტუტია. მისი საქმიანობა მოიცავდა ლიტერატურის დამუშავებას, პოლიტიკის დოკუმენტების მომზადებას, სამეცნიერო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, რამაც მრავალმხრივი უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობა მისცა.

ნოდარს საქართველო ძალიან ენატრება, მაგრამ, ჯერ-ჯერობით, საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს. ,,მაქვს შესანიშნავი პირობები, რომ საკუთარი თავის რეალიზებასთან ერთად, კიდევ უფრო გავაღრმავო ჩემი ცოდნა და პროფესიული გამოცდილება. ძალიან მომწონს ის საქმე, რასაც ბუნდესტაგში და ,,ევროპის სახლში“ ვაკეთებ. ამჟამად ჩემი პროფესიული და პიროვნული განვითარება ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. თუ ოდესმე დადგება დრო, როცა შემეძლება თუნდაც მცირეოდენი წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში და ევროკავშირთან დაახლოებაში, ამ საქმის კეთებისას კიდევ უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება გამიმაგრებს ზურგს“, – გვითხრა ნოდარ ეცადაშვილმა.

Facebook
Twitter
LinkedIn