კონფერენცია უნგრეთთან საქართველოს მრავალწლიან კავშირებს მიეძღვნა

თარიღი: 2026-04-03 12:51:47

უნგრეთთან საქართველოს ურთიერთობა განსაკუთრებულია, რაც დღევანდელ თუნდაც პოლიტიკურ კავშირებსაც ეფუძნება. ამ ორ ქვეყანას შორის კულტურულ ურთიერთობებს მრავალწლიანი ისტორია აქვს. თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ მანანა სალაძეზე, რომელიც იყო პირველი ქართველი – საქართველოში უნგრულ ენას რომ ასწავლიდა. გარდა ამისა, მან თარგმნა გამორჩეული უნგრელი მწერლების, მაგალითად, ფრიდიეშ კარინტის, ფერენც მოლნარის და იშტვან ერკენის ნაწარმოებები. მისი დახმარებით ეს ავტორები ქართველმა მკითხველმაც გაიცნო. ქალბატონ მანანას დიდი დამსახურება აქვს ქართული ლიტერატურის უნგრეთში პოპულარიზაციის კუთხითაც – 1988 წელს მან და უნგრელმა მარგიტ ბირომ ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ უნგრულ ენაზე თარგმნეს. სწორედ ქართველი მთარგმნელისა და მასწავლებლის, მანანა სალაძის დაბადების 80 წლისთავს მიეძღვნა კონფერენცია – „ქართულ-უნგრული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობები“, რომელიც თსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება, რომელშიც პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სტუდენტებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან კავშირებს მიეძღვნა.

სამეცნიერო კონფერენცია უნგრეთის ელჩმა, პეტრა პონევაჩ-პანამ, თსუ-ს რექტორის მოადგილემ, ერეკლე ასტახიშვილმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, დარეჯან თვალთვაძემ გახსნეს.

როგორც ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი, თსუ-ში უნგრული ენის მოწვეული ლექტორი და შედარებითი ლიტერატურის დოქტორი არპად ელეში გვიყვება, ქართულ-უნგრული ურთიერთობების ისტორია საკმაოდ გრძელია და ისეთ მნიშვნელოვან ფიგურებს მოიცავს, როგორებიც მიხაი ზიჩი და შანდორ პეტეფი არიან. არპად ელეში დასძენს, რომ კონფერენცია არა მხოლოდ წარსულის მიმოხილვას, არამედ თანამედროვე სამეცნიერო დიალოგსა და სამომავლო პერსპექტივების ჩვენებასაც ისახავდა მიზნად.

კონფერენციის მნიშვნელობაზე გვესაუბრა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი. მისი თქმით, ეს ღონისძიება „უნგრეთის კვირეულის“ ერთ-ერთი მთავარი აქტივობა იყო. „ერთი მხრივ, ეს იყო მანანა სალაძის გახსენება და, მეორე მხრივ, იმ დიდი კულტურული და ლიტერატურული ისტორიის წარმოდგენა, რომელიც საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებობს. კონფერენციის მნიშვნელობა მრავალმხრივია, რადგან პროფესორებთან ერთად ღონისძიებაში უამრავი სტუდენტი ჩაერთო როგორც მოხსენებებით, ისე შემოქმედებითი კუთხით. სტუდენტები კიდევ ერთხელ გაეცნენ უნგრულ კულტურას და ვიტოვებ იმედს, რომ სამომავლოდ თავიანთ კვლევებსაც შემოგვთავაზებენ“, – აცხადებს ეკატერინე ნავროზაშვილი. მისივე ინიციატივითა და ორგანიზებით, ღონისძიების გახსნაში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა, ხოლო ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა სპეციალურად ამ დღისთვის უნგრული ზღაპრების მოტივებზე შექმნეს ნახატები, რომლებიც უნივერსიტეტის მუზეუმში გამოიფინა.

ღონისძიების აკადემიური ნაწილი გამორჩეული იყო მოხსენებების მრავალფეროვნებითა და ინტერდისციპლინური მიდგომებით. არპად ელეში განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს კოლეგების მიმართ და ხაზს უსვამს სტუდენტების აქტიურობას: ,,პატივი იყო, რომ თსუ-ს პროფესორები დიდი ენთუზიაზმით დამეხმარნენ ორგანიზების პროცესში. მათ წაიკითხეს მოხსენებები ისეთ საინტერესო თემებზე, როგორებიცაა უნგრული ენის ქართული ტრანსლიტერაცია, ეთნოგრაფიული პარალელები ბუშოიარაშსა და ბერიკაობას შორის და სხვა. რაც შეეხება სტუდენტებს, ჩემი ხელმძღვანელობით 32-მა თსუ-ელმა მიიღო მონაწილეობა. მათ პრეზენტაციები უნგრული ხელოვნების, ფოლკლორის, კინემატოგრაფიისა და კულტურის ისტორიის გარშემო წარადგინეს“, – იხსენებს არპად ელეში.

უნგრული ენის სპეციალისტმა კონფერენციის ფარგლებში გამართული გამოფენებისა და წიგნების პრეზენტაციების შესახებ საინტერესო დეტალები გაგვიზიარა. თსუ-ს სააქტო დარბაზში უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო გამოფენა – Visionary Hungarians, სადაც წარმოდგენილი იყო  მსოფლიოში ცნობილი 15 უნგრელი მეცნიერისა და გამომგონებლის (მათ შორის ერნო რუბიკისა და ვიტამინი C-ს აღმომჩენის, ალბერტ სენტ-დიერდის) ისტორია.

ამასთანავე, გაიმართა პრეზენტაცია ორი მნიშვნელოვანი წიგნისა:

  • „უნგრული ხალხური ზღაპრები“, რომლის მთარგმნელიც დალილა ბედიანიძეა. აღსანიშნავია, რომ მან ზღაპრები უშუალოდ დედანზე დაყრდნობით, უნგრული ენიდან თარგმნა.
  • „ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ ურთიერთობათა ისტორიიდან“ – ეს არის თსუ-ს ასოცირებული პროფესორის ეკა ვარდოშვილის მონოგრაფია, რომელშიც განხილულია დასავლეთევროპელი ავტორების (შარდენი, დიუმა, ლაისტი) რეფლექსიები საქართველოზე და გავლებულია პარალელები შანდორ პეტეფისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიას შორის.

წიგნის პრეზენტაციაზე პროფესორმა ეკა ვარდოშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ისტორიულ ევროპულ ორიენტაციასა და იმ მჭიდრო კულტურულ კავშირებს, რომლებიც უცხოელი მოგზაურებისა თუ მკვლევრების შრომებშია ასახული. მან ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართველ და ევროპელ მწერალთა შემოქმედებით პარალელებს და მე-19 საუკუნის ქართველ კლასიკოსებზე, კერძოდ, ილია ჭავჭავაძეზე დასავლური დემოკრატიული ღირებულებების გავლენას.

დაბოლოს, არპად ელეში თსუ-ში უნგრული ენის სწავლების მიმართ სტუდენტების მზარდ ინტერესზე ამახვილებს ყურადღებას და ქართული ენისადმი თავის დამოკიდებულებაზე გვიყვება: „საბედნიეროდ, ამ პატარა ენის მიმართ ინტერესი დიდია და ყოველ სემესტრში ბევრი სტუდენტი რეგისტრირდება. თავად მე ქართული ენის შესწავლით დავუახლოვდი ქართულ კულტურას, შევიცანი მისი სილამაზე, გამომსახველობითი ძალა და ამ პროცესში მრავალი მსგავსება აღმოვაჩინე ჩემს მშობლიურ ენასა და კულტურასთან“, – ამბობს არპად ელეში.

Facebook
Twitter
LinkedIn