მორფოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგიის ცენტრი — თანამედროვე დიაგნოსტიკა და მოლეკულური მედიცინის ახალი შესაძლებლობები

თარიღი: 2026-10-18 13:24:55

მორფოლოგიის ინსტიტუტში 2016 წლიდან ფუნქციონირებს უჩა გაბუნიას სახელობის კლინიკური პათოლოგიის დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც თანამშრომლობს სამედიცინო კლინიკებთან და უზრუნველყოფს ჰისტოპათოლოგიურ, იმუნოჰისტოქიმიურ და მოლეკულურ-პათოლოგიურ კვლევებს. ცენტრის საქმიანობა მიმართულია დაავადებათა, განსაკუთრებით კი ონკოლოგიური პათოლოგიების, ზუსტი დიაგნოსტიკისა და თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის მხარდაჭერისკენ.

ცენტრს განვითარებული აქვს ციფრული პათოლოგიის მიმართულება, რაც იძლევა წარმატებული საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის შესაძლებლობას. რთული და იშვიათი დიაგნოსტიკური შემთხვევების განხილვისას შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების კონსულტაციების გამოყენება, რაც ხელს უწყობს დიაგნოსტიკური პროცესის ხარისხის გაუმჯობესებასა და თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მოლეკულური პათოლოგიის განვითარება. თანამედროვე მედიცინაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დაავადების არა მხოლოდ მორფოლოგიური ნიშნების, არამედ მისი გენეტიკური და მოლეკულური მახასიათებლების შესწავლა. განსაკუთრებით ონკოლოგიაში მოლეკულური კვლევები საშუალებას იძლევა – გამოვლინდეს ისეთი ბიომარკერები და გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვანია მიზნობრივი მკურნალობის შერჩევისა და პერსონალიზებული მედიცინის განვითარებისთვის.

მორფოლოგიის ინსტიტუტში აქტიურად ვითარდება მოლეკულური დიაგნოსტიკის თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის, გენეტიკური ცვლილებების გამოვლენის მეთოდები. პარალელურად მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები ახალი ბიომარკერების, მათ შორის, მოცირკულირე მიკრორნმ-ების, შესწავლის მიმართულებით.

ცენტრი წარმატებით ახდენს კლინიკური დიაგნოსტიკის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო კვლევის ინტეგრაციას. მის ბაზაზე ხორციელდება რამდენიმე სადოქტორო კვლევა. ცენტრის კლინიკური პათოლოგანატომები და სპეციალისტები — მიხეილ ჯანგავაძე, მაია მჭედლიშვილი, ნანა გოიშვილი, ქეთი ცომაია და ზანდა ბედინაშვილი — მაღალი ნდობით სარგებლობენ როგორც კლინიცისტთა, ისე მეცნიერთა საზოგადოებაში.

ცენტრის წარმატებულ მუშაობას მრავალწილად განაპირობებს მისი მენეჯერი და ლაბორანტთა შემადგენლობა — ეკატერინე მელიქაძე, მაკა ავალიშვილი, ნინო ტაბატაძე, ნანა ცინაძე, ზეინაბ გიგაური, მარინა სვანიძე, დარეჯან ბერძენიშვილი, დავით ჭარელი.

ცენტრს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში.

Facebook
Twitter
LinkedIn