დავით სართანია: დაგეგმილია, რომ ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებული ავტორისეული სტრუქტურით 20 ტომად გამოიცეს
ივანე ჯავახიშვილის მრავალმხრივი სამეცნიერო მემკვიდრეობის გარშემო საუნივერსიტეტო საზოგადოება კიდევ ერთხელ გაერთიანდა 21 აპრილს, როდესაც, საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის 1-ლი ტომის პრეზენტაცია მოეწყო. ეს არის ახალი გამოცემა, რომელიც საერთო ჯამში 20 ტომად გამოვა და მასში შესული იქნება უნივერსიტეტის დამაარსებლის როგორც სამეცნიერო, ისე საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალებიც.
,,გამოვეცით პირველი კრებული, რომელიც ხელნაწერთან მიახლოებული რედაქციით შეკრებს ივანე ჯავახიშვილის ყველა ძირითად ნაშრომს. მისი ტომეულების გამოცემისას აქამდე არასდროს არ ყოფილა დაცული ავტორის ნება – თუ როგორი სტრუქტურით ალაგებდა ის თავის ნაშრომებს, რომელი თხზულება უნდა ყოფილიყო წინ და რომელი შემდეგ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ნაშრომები დაგვებეჭდა ავტორისეული სტრუქტურის განუხრელი დაცვით”, – განმარტავს კრებულის სარედაქციო-ტექსტოლოგიური კოლეგიის ხელმძღვანელი დავით სართანია.

ტომეულების მომზადებაზე მეცნიერების სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მუშაობენ. პროცესი 2021 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმით დაიწყო, რომელსაც მოგვიანებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაც შეუერთდა. სამუშაო პროცესში კომისია საინტერესო დილემის წინაშე აღმოჩნდა: რომელ ვერსიას უნდა დაყრდნობოდნენ – ხელნაწერთა დედნებს თუ მეცნიერის სიცოცხლეშივე გამოცემულ ნაბეჭდ წიგნებს? კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: ივანე ჯავახიშვილის სიცოცხლეში გამოცემული თხზულებების შემთხვევაში მთავარ წყაროდ ნაბეჭდი ვერსიები გამოიყენეს, ხოლო ხელნაწერებს მხოლოდ საკონტროლო ფუნქცია მიენიჭათ. რაც შეეხება ავტორის გარდაცვალების შემდეგ დასტამბულ შრომებს, აქ მხოლოდ ხელნაწერ დედნებს დაეყრდნობიან, რათა გამოირიცხოს სხვა რედაქტორთა სუბიექტური ჩარევა. ახლადგამოცემული კრებულის 1-ელ ტომში შედის სამი მონოგრაფია: „მამულიშვილობა და მეცნიერება“, „ძველი ქართული საისტორიო მწერლობა“ და „ძველი სომხური საისტორიო მწერლობა“. ბოლო ორი მათგანი ივანე ჯავახიშვილის დიდი თხზულების – ,,ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა” – შემადგენელი ნაწილი გახლავთ. იგი ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომია და მისი შემდგომი ნაწილები მომდევნო ტომებში იქნება წარმოდგენილი.
კრებულის სარედაქციო საბჭოს ხელმძღვანელობს აკადემიკოსი როინ მეტრეველი, მისი მოადგილეები არიან ჯაბა სამუშია და ზაზა აბაშიძე. სარედაქციო-ტექსტოლოგიურ კომისიას ხელმძღვანელობს დავით სართანია, ხოლო I ტომში შესული ნაშრომების რედაქტორები არიან ზაზა აბაშიძე, გონელი არახამია და ნათია ჩანტლაძე.


დაგეგმილია, რომ ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებული ავტორისეული სტრუქტურით 20 ტომად გამოიცეს. წლის ბოლოსთვის კი მეორე ტომის გამოცემა იგეგმება, რომელიც მოიცავს ნაშრომებს ქართული დამწერლობის, დიპლომატიკისა და ნუმიზმატიკა-მეტროლოგიის შესახებ.
ივანე ჯავახიშვილის თხზულებების სრული აკადემიური კრებულის გამოცემა არის მცდელობა, რათა მაქსიმალურად სრულყოფილად წარმოჩნდეს დიდი მეცნიერის შემოქმედება. წიგნი მკითხველს საშუალებას აძლევს – გაეცნოს მკვლევრის ნაშრომებს ზუსტად იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს ავტორმა ჩაიფიქრა.
