საერთაშორისო სიმპოზიუმი – „ქართული თურქოლოგია: წარსული, აწმყო, მომავალი“
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქოლოგიის კათედრამ უმასპინძლა პროფესორ ნოდარ ჯანაშიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს – „ქართული თურქოლოგია: წარსული, აწმყო, მომავალი“. ღონისძიების მიზანი იყო, ერთი მხრივ, ღვაწლმოსილი პროფესორის მოგონება და მისი ღვაწლის გახსენება, მეორე მხრივ კი ქართული თურქოლოგიური სკოლის წარჩინებული წამომადგენლების კვლევითი მემკვიდრეობის წარმოჩენა და მათი საქმიანობის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში პოპულარიზაცია.
სიმპოზიუმის მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია მიესალმა და აღნიშნა, რომ პროფესორ ნოდარ ჯანაშიას მოღვაწეობა თურქოლოგიის დარგის განვითარებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს. „ჩვენი უნივერსიტეტი მხოლოდ კედლები და აუდიტორიები არ არის – ეს არის ტრადიცია, მეხსიერება და ადამიანების მიერ შექმნილი ცოდნა. პროფესორი ნოდარ ჯანაშია ერთ-ერთი გამორჩეული თურქოლოგი იყო, რომლის მეცნიერულმა და პედაგოგიურმა საქმიანობამ დიდი წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერების განვითარებაში. მისი ნაშრომები და თარგმანები არა მხოლოდ აკადემიურ სივრცეს, არამედ ქართული სიტყვის კულტურასაც ამდიდრებდა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თურქოლოგებით და გვჯერა, რომ მათი საქმე გაგრძელდება. საქართველოს არქივებში უამრავი მასალაა, რომელიც ჯერ კიდევ კვლევას მოითხოვს. ჩვენი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მხარდაჭერას როგორც პუბლიკაციებში, ისე საერთაშორისო თანამშრომლობაში. ეს არის გზა, რომ ისტორია არასოდეს დარჩეს მხოლოდ წარსულში და ის გაგრძელდეს მომავალ თაობებში“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
სიმპოზიუმის ორგანიზატორმა, პროფესორმა ელისაბედ ბჟალავამ ნოდარ ჯანაშიას მეცნიერული მემკვიდრეობის მიმოხილვისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ მისმა კვლევებმა თურქულ დიალექტოლოგიაში შექმნა ქართული თურქოლოგიის ახალი მეთოდოლოგიური ეტაპი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას.
საქართველოში თურქოლოგიური სკოლის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა არაერთმა გამოსვლელმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია თურქი მეცნიერების შეფასება, რომლებიც თვლიან, რომ ქართულ-თურქულ ურთიერთობებში თურქოლოგია ერთგვარ კულტურულ ხიდად გადაიქცა. თურქეთის უნივერსიტეტებში ქართველოლოგიური მიმართულებების გახსნა ყარსში, ართვინში, რიზესა და დუზჯეში ამის საუკეთესო მაგალითია.
სიმპოზიუმში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილე თურქული ენის პალატის ხელმძღვანელის მოადგილემ ჰარუნ შაჰინმა ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ თურქული ენის პალატა მზადაა მხარი დაუჭიროს ქართულ თურქოლოგიას მომავალშიც. მარმარას უნივერსიტეტის (თურქეთი) პროფესორმა სებაჰათ დენიზმა ისაუბრა თურქეთში ქართული წარმოშობის მოსახლეობასთან არსებული კავშირების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობა განსაკუთრებულ როლს თამაშობს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავებისა და განმტკიცების საქმეში.
„მე მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ სიმპოზიუმებსა და კონფერენციებზე, ვყოფილვარ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, მაგრამ არსად ისე თბილად და სიყვარულით არ დაგვხვედრია მასპინძელი, როგორც საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მადლობა თსუ-ს რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, პროფესორ დარეჯან თვალთვაძეს და მთელ უნივერსიტეტს, საორგანიზაციო კომიტეტს და ყველას გაწეული შრომისათვის“, – აღნიშნა თურქეთის 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორმა იბრაჰიმ თელიოღლუმ.

საერთაშორისო სიმპოზიუმის სხდომებზე პროფესორებმა წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები: ,,პროფესორ ნოდარ ჯანაშიას ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა” (ელისაბედ ბჟალავა); ,,ნოდარ ჯანაშიას მთარგმნელობითი მოღვაწეობა” (ნანული კაჭარავა); ,,პროფესორი ნოდარ ჯანაშია – ქართული თურქოლოგიის მესაძირკვლე” (მარიკა ჯიქია); ,,იალქანი, როგორც ქალის თავსაბურავი” (ქეთევან ლორთქიფანიძე); ,,სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კულტურული ლანდშაფტის ურთიერთკავშირის გამოვლენა ძვ.წ. მე-3/მე-2 ათასწლეულებში” (მარინე ფუთურიძე); ,,თურქეთის ეროვნულ არქივში დაცული XVI საუკუნის დოკუმენტი თბილისის ალყის შესახებ, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო” (თეა მეშველიშვილი); ,,რამდენიმე თურქული დოკუმენტი ბათუმის, ყარსის და არტაანის ვილაეთების შესახებ (1918)” (როინ ყავრელიშვილი); ,,დიასპორის ხმა: თურქეთელი ქართველების მხარდაჭერა 1990-იან წლებში და აფხაზეთის ომი” (ნინო ოქროსცვარიძე); ,,თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვითი სექტორის ინსტიტუციური რეფორმების გამომწვევი მიზეზების თვისობრივი ანალიზი” (დავით თავაძე); ,,ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ახლო აღმოსავლეთში და ქურთების პრობლემა (თურქეთი, სირია, ერაყი)” (ნინო კოპალიანი); ,,გენდერული სტერეოტიპების რეპრეზენტაცია თურქულ ანდაზებში” (ქეთევან გორგაძე); ,,აშუღური ტრადიცია თურქულ კულტურაში – აშიკ ვეისელის შემოქმედების ფილოსოფიური ასპექტები” (შურა კაბულოვა) და სხვ.
სიმპოზიუმის ფარგლებში თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მიერ მომზადებულმა დოკუმენტურმა ფილმმა „ქართული თურქოლოგიის მესაძირკვლე“ და ნოდარ ჯანაშიასადმი მიძღვნილმა გამოფენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე. აღნიშნულმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოაჩინა დარგის მდიდარი ისტორია და მისი თანამედროვე ძალა.
ნოდარ ჯანაშიას ღვაწლი
ქართული თურქოლოგია, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო სფერო, XX საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა, რომლის სათავეშიც იდგა აკადემიკოსი სერგი ჯიქია. სწორედ მისი ძალისხმევითა და მეცადინეობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა თურქოლოგიის კათედრა, სადაც დღემდე მიმდინარეობს კვლევა თურქული ენის, ლიტერატურის, ისტორიის, სოციოლინგვისტიკის, ეთნოლიგვისტიკის, დიალექტოლოგიის მიმართულებით.
თსუ-ს თურქოლოგიის კათედრაზე აღიზარდნენ და შემდგომ სამეცნიერო საქმიანობა განაგრძეს ისეთმა მეცნიერებმა, როგორებიც იყვნენ: ოთარ გიგინეიშვილი, მიხეილ სვანიძე, ნოდარ შენგელია, ვალერიან გაბაშვილი, ნოდარ ჯანაშია, ცისანა აბულაძე, შალვა გაბესკირია და სხვები.
პოსფესორი ნოდარ ჯანაშია სერგი ჯიქიას გამორჩეული მოსწავლე იყო, სწორედ მას ჩააბარა კათედრის ხელმძღვანელობა ღვაწლმოსილმა აკადემიკოსმა.
ნოდარ ჯანაშია თავიდანვე ინტერესს იჩენდა არჩეული სპეცილობისადმი. სტუდენტობისა და ასპირანტობის დროს ხუთჯერ მონაწილეობდა წალკის რაიონში მოწყობილ დიალექტოლოგიურ ექსპედიციებში აქაური ურუმების თურქული მეტყველების შესასწავლად. საერთო ჯამში მან 1 წელი გაატარა ამ ექსპედიციებში და შეაგროვა, დაამუშავა სათანადო მასალა, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო მის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომსა თუ საკანდიდატო დისერტაციას, რომელიც 1955 წელს ასპირანტურის დამთავრებისთანავე დაიცვა. ნოდარ ჯანაშიას მთელი შემდგომი საქმიანობა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტს უკავშირდება, სადაც მან, როგორც იტყვიან, განვლო გზა სტუდენტიდან კათედრის გამგის თანამდებობამდე. მის კალამს ეკუთვნის ორიგინალური მონოგრაფიები და ათობით სტატია თურქული ენის ტერიტორიული დიალექტების და თურქული, აზერბაიჯანული და თათრული ენების გრამატიკული წყობის შესახებ. აღსანიშნავია მისი მთარგმნელობითი საქმიანობაც. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა მწერალთა წრის მუშაობაში. მისი პირველი თარგმანები გამოქვეყნებულია ამ წრის ცნობილ გამოცემაში – „პირველ სხივში“. თარგმნილი აქვს არაერთი თურქი მწერლის რომანები და მოთხრობები, ასევე აქვს თარგამნები აზერბაიჯანულიდან და უზბეკურიდან. ფრანგული ენიდან თარგმნილი აქვს ისეთი საყოველთაოდ ცნობილი მწერლების ნაწარმოებები, როგორებიც არიან რომენ როლანი და ჟიულ ვერნი.
ნოდარ ჯანაშია თავის დროზე მონაწილეობდა იმ სამეცნიერო ექსპედიციაში, რომელიც თურქეთში იქნა მივლენილი იმერეთის უკანასკნელი მეფის, სოლომონ მეორის საფლავის მისაკვლევად და მისი ნეშტის საქართველოში ჩამოსასვენებლად.
პროფესორმა ნოდარ ჯანაშიამ თავისი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული თურქოლოგიის განვითარებასა და საერთაშორისო აღიარების საქმეში. მისი შემოქმედებითი და აკადემიური მემკვიდრეობა დღემდე წარმოადგენს პროფესიული მაგალითისა და შთაგონების წყაროს ახალი თაობის აღმოსავლეთმცოდნეებისათვის.
