საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისლამური სახელმწიფოების ურთიერთობები ახალგაზრდა თურქოლოგის სამეცნიერო კვლევების არეალში

თარიღი: 2022-11-18 17:32:38

გაიცანით ახალგაზრდა მეცნიერი გიორგი ახალკაციშვილი, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის წევრი, სასწავლო ცენტრ „ახალი გზის“ ისტორიის მასწავლებელი, Tcc/მასწავლებელთა საკონსულტაციო ცენტრის მიერ Smart-test-ის ფარგლებში მომზადებული ისტორიის ტესტების ავტორი, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ვებსკოლის“ ისტორიის ვებინარების სპიკერი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი (23/06/2020 – 23/07/2020), 35-მდე სამეცნიერო და სამკითხველო სტატიის ავტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის  კურსდამთავრებული.

გიორგი სტუდენტური წლების გახსენებისას განსაკუთრებით თავის პედაგოგებსა და უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნაზე ამახვილებს ყურადღებას: „ნამდვილად გამიმართლა, რომ თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, თურქოლოგიის მიმართულებაზე მოვხვდი, რადგან  აქ  დამხვდნენ თავიანთი  საქმის ნამდვილი პროფესიონალები – მთელი კათედრა არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც საოცარი კოლეგიალურობა იგრძნობა,“ – ამბობს ის.

კითხვაზე, რატომ დაინტერესდა ამ დარგით, იხსენებს, რომ ეს გადაწყვეტილება ისტორიის სიყვარულით იყო განპირობებული.  „სკოლის პერიოდიდანვე  დავინტერესდი  საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისლამური სახელმწიფოების ურთიერთობების ისტორიით,  ასევე ოსმალეთ-ევროპის, ოსმალეთ-საქართველოს ურთიერთობებით, რაზეც დღემდე  ვმუშაობ. ჩემი მიზანი იყო  საქართველო-ოსმალეთის ისტორია დეტალურად შემესწავლა და მეც დამეწერა ნაშრომები აქამდე ქართული ისტორიოგრაფიისათვის უცნობ საკითხებზე“, – ამბობს გიორგი. ამის მაგალითია  მისი   ახალი  სტატია – „1400-1401 წლებში ეგვიპტელი მამლუქების წინააღმდეგ თემურ-ლენგის ლაშქრობის შესახებ,“ –  რომელიც წლის ბოლოსთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეში“ გამოქვეყნდება. ავტორის აზრით,  სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია ნამდვილად მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გიორგიმ   პედაგოგიური საქმიანობა პირველი კურსიდანვე დაიწყო. თავიდან  აბიტურიენტებს ამზადებდა,  ისტორიის პედაგოგად ახლაც მუშაობს სააბიტურიენტო ცენტრებში, მაგრამ მისი მთავარი ინტერესის საგანი სამეცნიერო საქმიანობაა.  ამბობს, რომ ისტორიკოსმა  კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ თავდაუზოგავი, მძიმე, მაგრამ სასიამოვნო შრომა მოუწევს წარსულში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების გამოსაკვლევად.

გიორგი ახალკაციშვილის  პირველი წიგნი, მონოგრაფია, რომელზე მუშაობაც ჯერ კიდევ მე-12 კლასიდან დაიწყო, შეეხება XV-XVII საუკუნეების, კერძოდ 1453-1700 წწ., ოსმალეთის სულთნების ბიოგრაფიულ ისტორიას და სტამბოლის, ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქის, კულტურულ განვითარებას.  „საქართველოში ოსმალეთის ისტორიის სხვადასხვა პერიოდზე, რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი წიგნია გამოცემული და მინდა ვთქვა, რომ ამ თემატიკას ძალიან კარგი მკვლევრები ჰყავს ჩემი მასწავლებლების, ახლა უკვე კოლეგების, სახით. მეც ჩემი წვლილი შევიტანე ოსმალეთის ისტორიის შესწავლის საქმეში და დავწერე ისეთ საკითხზე, რაზეც საქართველოში ჯერ არავის უმუშავია სიღრმისეულად – სულთნების და მათი ოჯახის წევრების ბიოგრაფიული ისტორიის მიმართულებით. წიგნს, ხუთწლიანი შრომის შედეგად, 2020 წელს, უკვე საბოლოო სახე მიეცა და ამავე წელს დაიბეჭდა სათაურით – „ბიოგრაფიები ოსმალეთის სულთნებისა და სტამბოლის შესახებ 1453-1700 წწ.“  აქ დეტალურად არის შესწავლილი სათაურში დასახელებულ პერიოდში მოღვაწე სულთნების და მათი ოჯახის წევრების ყოფა-ცხოვრება, სამხედრო, პოლიტიკური და დიპლომატიური საქმიანობა. ამ წიგნის დაწერა ასევე გადამაწყვეტინა ოსმალეთში მოღვაწე  ქალი სულთნების, რომლებიც 1534-1656 წლებში მეუღლეებთან ან შვილებთან ერთად მართავდნენ იმპერიას, ისტორიის შესწავლის სურვილმა. მოგეხსენებათ, რომ ამ თემატიკაზე ქართული საზოგადოების დაინტერესება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ქართულ ტელეეკრანებზე სერიალი „დიდებული საუკუნე“ გამოჩნდა. მეც დიდი ინტერესით ვნახე და სწორედ იქ გადმოცემულ მოვლენებზე დაბადებული კითხვებით მივედი იქამდე, რომ ოსმალეთის ისტორიის შესწავლა დეტალურად მომინდა. ნაშრომში  ჩართულია ისტორიული ილუსტრაციები და ქართულ ენაზე, პირველად ამ თემატიკაზე, დეტალურად, სპეციალურად ამ წიგნისთვის, შექმნილი რუკები, რომელთა დამზადებისთვის და უანგაროდ ჩუქებისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ ქალბატონ მანანა შეყილაძეს. წიგნის გაცნობა მკითხველს შეუძლია საჯარო ბიბლიოთეკაში და თსუ-ს V კორპუსში, აღმოსავლეთმცოდნეობის ბიბლიოთეკაში.

 ჩემი პირველი სამეცნიერო საქმიანობა და პირველი წიგნის გამოცემა რომ შევაფასო, დასაწყისისთვის, მეოთხე კურსზე გადასული სტუდენტის ბიოგრაფიისთვის, ნამდვილად კარგი ამბავია, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არასდროს ვარ საკუთარი ნაშრომებით ბოლომდე კმაყოფილი და წიგნის ყოველ გადახედვაზე რაღაცის შეცვლა მინდება, მგონი ეს სამეცნიერო წიგნების ავტორებისთვის ჩვეულებრივი  მოვლენაა.

სამწუხაროა, რომ პრეზენტაციის გაკეთება ვერ შევძელი, წიგნების დასტამბვიდან სამ დღეში, COVID-19-ს გამო, აიკრძალა შიდა სივრცეში თავშეყრა და წიგნების  საჩუქრებად დარიგება დისტანციურად  მომიწია“, _ ამბობს ახალგაზრდა მეცნიერი.

გიორგი ახალკაციშვილი ამჟამად უკვე მეორე წიგნზე მუშაობს. უკვე თავი მოუყარა და მოიძია  ლიტერატურა და დაიწყო  იმ წყაროების თარგმნა, რომლებიც საქართველოს ისტორიის ყველაზე მძიმე ეპოქას XV-XVI საუკუნეებს ეხება. გიორგი ახალკაციშვილის თქმით, ეს პერიოდი, ქართულ ისტორიოგრაფიაში, აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსების მიერ დეტალურად არის შესწავლილი, მაგრამ ისტორიას ახასიათებს ახალი მასალებისა და ცნობების ნელ-ნელა გამოჩენა, რაც ბევრი საკითხის ახლებურად გააზრების  საშუალებას იძლევა.  ახალი წიგნი, სათაურით – „საქართველოსა და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური ქვეყნების ურთიერთობები 1386-1600 წწ“,  უახლოეს მომავალში გამოიცემა. „ამ წიგნის შექმნის იდეა პირველად ჩემს დიდ მასწავლებელს, ლექტორს, ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის  დიდი ოჯახის  ძვირფას წევრს, გამორჩეულ მეცნიერს, პროფესორ გოჩა ჯაფარიძეს ვაცნობე, რომელმაც პირველივე კურსიდან განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩემს სამეცნიერო საქმიანობაში. ამ წიგნში გამოყენებული ლიტერატურის უმრავლესობის მოძიებაც მისი დამსახურებაა. ბატონი გოჩა ამ წიგნის რედაქტორი უნდა ყოფილიყო.  სამწუხაროდ, ის კორონა ვირუსით გარდაიცვალა და ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული. ეს წიგნი მისი კომენტარებით და შენიშვნებით უფრო უკეთესი იქნებოდა. ნაშრომი ბატონი გოჩას ნათელ ხსოვნას მიეძღვნება“, – ამბობს მეცნიერი.

გიორგი ახალკაციშვილის სამომავლო  გეგმები ძირითადად სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეხება. ჯერჯერობით  მეორე წიგნის გამოცემაა პრიორიტეტი.  ასევე  აპირებს  თავისი  სტატიების კრებულის გამოცემასაც,  რომელშიც შევა სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები საქართველოს, ახლო აღმოსავლეთის და ევროპის შუა საუკუნეების ისტორიის საკითხებზე. ასევე გეგმავს საკუთარი სააბიტურიენტო ცენტრის გახსნას. მომავლის გეგმებშია ასევე თავისი  სპეციალობით  საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაც.

Facebook
Twitter
LinkedIn