ტურისტული დანიშნულების ადგილის კონკურენტუნარიანობის შესწავლა საქართველოს მაგალითზე
გლობალურ ტურიზმში მზარდი კონკურენცია ტურისტულ მიმართულებებს შორის ახალ გამოწვევებს აყენებს, რაც მათი კონკურენტუნარიანობის სისტემური შესწავლის აუცილებლობას ქმნის. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა – იოსებ ხელაშვილმა და ლალი ოქროშიძემ – ამ პროცესს სიღრმისეული კვლევა მიუძღვნეს, სადაც საქართველო მთავარ მაგალითად გამოიყენეს. კვლევის შედეგები სტატიის სახით გამოქვეყნდა ჟურნალში: Sustainability 2025, 17(8), 3342; MDPI https://doi.org/10.3390/su17083342, რამაც უცხოელ და ქართველ მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
როგორც სტატიის ერთ-ერთი ავტორი, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი იოსებ ხელაშვილი აღნიშნავს: `,,კვლევა მიზნად ისახავს ტურისტული დანიშნულების ადგილის კონკურენტული გარემოს ანალიზს და საქართველოს მაგალითზე მისი პოზიციონირების შეფასებას“.
საქართველოს მაგალითზე განისაზღვრა 23 ტურიზმის გენერატორი ქვეყანა, საიდანაც, 2023 წელს ჩამოსული ტურისტები შეადგენდნენ ქვეყნის უცხოური ტურისტების საერთო რაოდენობის 87,6%-ს. შემდგომ, დადგინდა 10 ყველაზე პოპულარული სამოგზაურო ქვეყანა – თითოეული განსაზღვრული ტურიზმის გენერატორი ქვეყნიდან. მათმა ერთობამ შეადგინა – 61 ქვეყანა, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ტურიზმის გეო-კონკურენტულ გარემოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტურიზმის გენერატორ ქვეყნებში გამოვლენილი პოპულარული სამოგზაურო ქვეყნების ერთობა მნიშვნელოვნად განსხვავდება გლობალურად ყველაზე პოპულარული დესტინაციების ერთობისგან და გადაფარვა შეადგენს დაახლოებით 35%-ს. ეს მაჩვენებელი ადასტურებს საქართველოს გეო-კონკურენტული გარემოს ცალკე შესწავლის საჭიროებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს კანონზომიერი გამოვლენაა გლობალურ ტურიზმში, რადგან ქვეყნების უმრავლესობას ახასიათებს უცხოეთში მოგზაურობის გეოგრაფიის თავისებურება. კვლევის შემდგომ ეტაპზე ჩატარდა საქართველოს ტურიზმის გეო-კონკურენტულ გარემოში შემავალი ქვეყნების ტურისტული კონკურენტუნარიანობის გაანალიზება. ამისთვის გამოყენებულ იქნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემუშავებული ,,მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსი” (Travel and Tourism Development Index – TTDI, მოგვიანებით მას დაერქვა ,,მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდეექსი” – “Travel and Tourism Development Index” – TTDI). ამ მაჩვენებლების ჩარჩო მოიცავს 7 ე.წ. განზომილებას, 17 სვეტს, 102 ინდიკატორს და ფარავს მსოფლიოს 119 ქვეყანას, მ.შ. წარმოდგენილ კვლევაში გამოვლენილ ტურისტულ დესტინაციებს. მონაცემების დამუშვებისთვის გამოყენებულ იქნა ფაქტორული ანალიზი, კერძოდ პრინციპული კომპონენტების ანალიზის სტატისტიკური მეთოდი.
ჩატარებული კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ საქართველო წამოადგენს პოპულარულ ტურისტულ დესტინაციას მის კონკურენტულ გარემოში და არჩევითობით მას უკავია მე-5 ადგილი 61 ქვეყანას შორის. გამოვლენილი კონკურენტული გარემოს მაჩვენებლების ფართო სპექტრი წარმოდგენილია 3 პრინციპულ ფაქტორად: PC1-42.5%, PC2-20.4% და PC3-18.8%, რაც მიუთითებს ამ მაჩვენებლების სხვაობების ფართო დიაპაზონზე განხილულ დესტინაციებს შორის.
როგორც პროფესორი იოსებ ხელაშვილი აღნიშნავს: „კვლევის შედაგად შეფასდა საქართველოს, როგორც ტურისტული დესტინაციის, კონკურენტული პოზიციები შვიდივე ზოგადი კონკურენტული მაჩვენებლის (განზომილების) მიხედვით. მაგალითად, შედარებით მოწინავე პოზიცია გამოვლინდა ,,მოგზაურობისა და ტურიზმის მდგრადობის” მხრივ, ზომიერი კონკურენტუნარიანი მაჩვენებლები დადგინდა ,,ხელსაყრელი გარემოსა“ და „ინფრასტრუქტურის“ მხრივ, შედარებით დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა „მოგზაურობისა და ტურიზმის რესურსების“ ცნობადობის მაჩვენებლით. ასევე განისაზღვრა ქვეყნის მჭიდრო კონკურენტები და ლიდერები მოცემულ ბაზარზე. მაგალითისათვის აღვნიშნავთ, რომ საქართველოს დესტინაცია აღმოჩნდა მჭიდრო კონკურენციაში უნგრეთთან და ყაზახეთთან „ხელსაყრელი გარემოს“, „ინფრასტრუქტურის“ და „მოგზაურობისა და ტურიზმის მდგრადობის“ მაჩვენებლებით. სტატიაში წარმოდგენილი კონკრეტული და დეტალური მაჩვენებლები შეიძლება განხილულ იქნას კონკურენტული პოზიციების გაუმჯობესების მიმართულებების დადგენისას.“
მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს მეთოდოლოგია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც გამოსადეგი იქნება, რათა უკეთ გააცნობიერონ თავიანთი რეალური კონკურენტული პოზიციები საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.
