150 გამოცდილ მხატვარს შორის მხოლოდ მარიამის ნახატი გაიყიდა
მარიამ გეგეჭკორი თსუ-ს სახვითი ხელოვნების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. თავდაპირველად იგი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა ხელოვნებისადმი სიყვარული მაინორად არჩეულმა პროფესიამ გაუღრმავა. მისთვის ხატვა არა გატაცება, არამედ თავისუფლებაა, იმის გადმოცემის შესაძლებლობა – რისი თქმის უნარიც არ აქვს.
მარიამი იხსენებს, რომ მხატვრობისადმი ინტერესი მშობლებმა გაუღვივეს. პირველი ნახატი, რომელიც დედამ აჩვენა, ვან გოგის „მზესუმზირები“ იყო. სურვილი იმისა, რომ მასაც დაეხატა, სწორედ მას შემდეგ, 5 წლის ასაკში გაჩნდა – მაშინ, როცა პირველად ,,გაიცეკვა“ მარიამის ფუნჯმა ტილოზე და გაიაზრა, რომ მხატვრობა მასთან ძალიან ახლოს იყო.
მხატვრის თქმით, სწორედ საზოგადოებაში არსებულმა სტერეოტიპებმა გადააწყვეტინა, რომ განსხვავებულ გზას გაჰყოლოდა: „ასეთ სფეროებში თავის დამკვიდრება მარტივი არ არის. თუ თავი დამკვიდრებული არ გაქვს, ცხოვრების ხარისხი მაღალიც რომ გქონდეს, მაინც რთულია. ამიტომ, ხელი ჩავიქნიე და ავირჩიე ფსიქოლოგია“. მარიამი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია, ადამიანმა ფსიქოლოგია შეისწავლოს და არ დააინტერესოს. განათლებისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლისას მან მონაწილეობა სამხატვრო კონკურსში მიიღო. სწორედ ამ კონკურსზე წარადგინა ნახატი, რომლის ინსპირაცია მისივე შექმნილი ლექსი იყო:
„დაფლეთილს ირგვლივ, დამწვარ აზრებს დავიჭერ სიმწრით,
ფერფლში იქნება მოელვარე, ნანატრი ჩიტი,
მაშინ ვირწმუნებ ოქროსფერი ტალღის ბუნებას
ეს განდგომაა სააქაოს თუ დაბრუნება?!’’
კონკურსზე დიდი მოწონება დაიმსახურა და გადაწყვიტა, რომ ხელოვნება მაინორ პროფესიად აერჩია. სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო, იგი ამბობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მისი წარმატებული მომავლის საწინდარია.
ხელოვანი იხსენებს, რომ ფაკულტეტის თითოეულმა ლექტორმა დიდი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში. იგი განსაკუთრებით გამოარჩევს ლელა გელეიშვილს. „საოცრად მადლობელი ვარ ქალბატონი ლელასი და მისი მეუღლის – ლექტორ ლევან სილაგაძის. ამ ორმა პიროვნებამ ძალიან ბევრი გააკეთა არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი კურსელებისთვისაც. ქალბატონი ლელა პირადად უძღვებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობის მიღება, აგზავნიდა ნახატებს ფესტივალზე, რეკომენდაციას უწევდა სტუდენტებს. თუკი რაიმე შესაძლებლობა იქნებოდა, ყველგან გვრთავდა’’, – ამბობს მარიამი. ამ ადამიანის დახმარებით მოხვდა მარიამი თურქეთის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც თავის კურსელებთან ერთად გამოფინა ნამუშევრები. ეს დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებლად აქცია იმ ფაქტმა, რომ 150 გამოცდილ მხატვარს შორის მარიამი იყო ის ერთადერთი მხატვარი, რომელმაც საკუთარი ნახატი გაყიდა.
შემდეგი გამოფენა მან საოცნებო ქვეყანაში – იტალიაში ჩაატარა. გამოფენის თემა „ხელოვნების ისტორია’’ იყო. აქ მან წარადგინა ქრონოლოგიურად ექვსკუთხედში ჩახატული ხელოვნების მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებიც ფილმის კადრებად დაყო. სწორედ ამ ნახატით დაინტერესდა თსუ-ს ლექტორი ნანა გულიაშვილი და სტუდენტს შესთავაზა, რომ ეს ნამუშევარი მისი საავტორო წიგნის – „ხელოვნების ფილოსოფია“ – ყდაზე დაბეჭდილიყო. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა იყო მის ცხოვრებაში, რადგან ამ წიგნით ისწავლიან ხელოვნების ფილოსოფიას თსუ-ს სტუდენტები.
მხატვარმა სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა. მას სურს, რომ შექმნას ილუსტრირებული წიგნი ბავშვებისთვის. ამის ინსპირაცია თავისმა გადაღებულმა ანიმაციურმა ფილმმა მისცა, რომლისთვისაც 400-მდე ნამუშევრის შესრულება მოუწია. მარიამი ასევე გეგმავს, რომ უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა ისევ გაიტანოს საზღვრებს გარეთ.
დიანა აიანადი
მარიამ კუპრავა
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტები