ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებული თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან

თარიღი: 2023-03-10 13:34:31

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებულ კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევების ეროვნულ შეჯიბრში გაიმარჯვეს.  სტუდენტებმა ელენე კაკულიამ და თემო დარბაიძემ პირველი ადგილი მოიპოვეს და ახლა კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან.

საერთაშორისო შეჯიბრი 2023 წლის 12-15 აპრილს, ნიდერლანდებში, ქალაქ მაასტრიხტში გაიმართება.

კლიენტთა კონსულტირების ეროვნული შეჯიბრის მიზანია სტუდენტებისთვის კლიენტთა კონსულტირების მნიშვნელოვანი უნარების განვითარება და აღნიშნული უნარების დახვეწისთვის სტუდენტებისთვის საბაზისო ცოდნის მიცემა. შესაბამისად, ფინალურ რაუნდს, სადაც ოთხი გუნდი (ორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ორი თავისუფალი უნივერსიტეტიდან) იღებდა მონაწილეობას , წინ ორდღიანი მოსამზადებელი ტრენინგები უძღოდა.

„სამომავლოდ მინდა, რომ ადვოკატის პროფესიას გავყვე. შესაბამისად, ამ კონკურსმა შესაძლებლობა მომცა – პრაქტიკულად გამომეცადა ის უნარები და ცოდნა, რაც თეორიულად ვისწავლეთ. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ და დავრწმუნდი, რომ ჩემი პროფესიული არჩევანი სწორია. შეჯიბრი გარემოს დაცვის სამართლის თემაზე გაიმართა, რისთვისაც მოგვიწია ქართული კანონმდებლობის დამუშავება. კლიენტთა კონსულტირება ყველაზე ხშირია, რასაც ადვოკატი აკეთებს, რადგან უშუალოდ პროცესამდე საქმე იშვიათად მიდის. ვფიქრობ, რომ მიღებული პრაქტიკული გამოცდილება ადვოკატების საქმიანობის უშუალოდ ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია. შეჯიბრის პროცესში თეორიულ ცოდნასთან ერთად მოწმდებოდა კლიენტთან ურთიერთობის უნარები – რამდენად შეძლებ კომფორტულად აგრძნობინო თავი, როგორ მიუდგები ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, როგორ იყენებ სხეულის ენას, რამდენად სწორ კითხვებს უსვამ, რაც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. უმეტესწილად, კლიენტები ვერ იაზრებენ – კონკრეტულად რა ინფორმაცია სჭირდება ადვოკატს და რამდენად მნიშვნელოვანია ამომწურავი ინფორმაციის მისთვის მიწოდება, შესაბამისად, კითხვის სწორი ფორმულირება იყო ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ამ კონკურსის ფარგლებში შევიძინე“, – ამბობს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ელენე კაკულია.

„მანამდე რა პროექტებშიც ვმონაწილეობდი,  ყველა მათგანი თეორიული ცოდნის მიღებაზე იყო ორიენტირებული. ამ ეტაპზე გადავწყვიტე პრაქტიკული უნარების განვითარება და სწორედ ამ მხრივ იყო ეს შეჯიბრი საინტერესო. კონკურსის ფარგლებში უშუალოდ შევეხეთ ადვოკატის საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, მივიღე პრაქტიკული გამოცდილება კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით – როგორ ვაგრძნობინოთ თავი კომფორტულად ადვოკატთან ურთიერთობისას, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე როგორ მივცეთ სწორი რჩევა და ა.შ. საინტერესო იყო გარემოს სამართალზე მუშაობაც, აღნიშნულ სფეროსთან მანამდე შეხება არ მქონია, თუმცა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.

ამ ეტაპზე უკვე ვკონცენტრირდით საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობაზე, რომელიც მასშტაბური შეჯიბრია და მსოფლიოდან მასში არაერთი უნივერსიტეტის გუნდი იღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა თემო დარბაიძემ.

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებული კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევების ეროვნული შეჯიბრი ყოველწლიურია და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ტარდება.

Facebook
Twitter
LinkedIn