თსუ-ის მხატვართა ჯგუფის წარმატება იტალიაში
საერთაშორისო შემოქმედებით ასპარეზზე საკუთარი ქვეყნისა და კულტურის წარდგენა უდიდესი პატივი და, ამავდროულად, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ხელოვნება ხომ ის უნივერსალური ენაა, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია, ხოლო ქართველი ხელოვანების მონაწილეობა მასშტაბურ საერთაშორისო ფესტივალებზე ჩვენი ქვეყნის კულტურული დიპლომატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იდგა და დგას ამ პროცესის ავანგარდში – მუდმივი მხარდაჭერა ნიჭიერი ახალგაზრდებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის იქცევა ხოლმე იმ მყარ ხიდად, რომელსაც ისინი მსოფლიო აღიარებისკენ მიჰყავს. სწორედ ამგვარი აღიარებისა და დიდი ემოციების გამოძახილი იყო თსუ-ს მუზეუმში გახსნილი ექსპოზიცია, რომელმაც დამთვალიერებელს იტალიაში მოპოვებული წარმატება კიდევ ერთხელ განაცდევინა.
თსუ-ს მხატვართა ჯგუფმა იტალიის შთამბეჭდავ და ისტორიულ ქალაქ ურბინოში, რომელიც დიდი რაფაელის სამშობლოა, საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ ღირსეულად გააჟღერა. ურბინო, თავისი უნიკალური რენესანსული არქიტექტურითა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით, საუკეთესო შთაგონების წყარო აღმოჩნა ჩვენი ხელოვანებისთვის, რომლებიც ტრადიციულ საერთაშორისო ფესტივალზე – „ურბინო აკვარელო“ (Urbino In Acquarello) უკვე მეექვსედ წარსდგნენ. ფესტივალზე მხოლოდ აკვარელით შესრულებული ნახატები გამოიფინება. წლევანდელი გამოფენის პოეტური თემა – „წამიერი საფირონები“ – 400-მდე მსოფლიო დონის მხატვარს აერთიანებდა, სადაც ქართულმა დელეგაციამ, 25 წევრის შემადგენლობით (მათ შორის 12 სტუდენტი და 3 პედაგოგი), განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.
თსუ-ში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ხაზი გაუსვა ამგვარი პროექტების განსაკუთრებულ მნიშვნელობას: „მნიშვნელოვანია მასშტაბურ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობა. ეს ხელს უწყობს როგორც მათ პროფესიულ ზრდას, ასევე საერთაშორისო კავშირების დამყარებას. თსუ ყოველთვის დაუჭერს მხარს მსგავს აქტივობებს და იმედია, მსგავსი ფესტივალის მოწყობის ინიციატორი რეგიონალურ დონეზე სამომავლოდ ჩვენც ვიქნებით“, აღნიშნა მან.

გამოფენა გახსნა თსუ მუზეუმის ხელმძღვანელმა მაია გურაბანიძემ, რომელმაც ვიზუალური და სახვითი ხელოვნების მიმართულებისა და მუზეუმის მრავალწლიან, ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა: „მოხარული ვარ, რომ ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, რაც სტუდენტების მოტივაციას უწყობს ხელს. ჩვენი მუზეუმის კარი ყოველთვის ღიაა შემოქმედი სტუდენტებისთვის“.
ხოლო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ, ფესტივალის მონაწილეებს წარმატება მიულოცა და ისინი სიმბოლური სიგელებით დააჯილდოვა, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატა ფაკულტეტის უდიდესი მხარდაჭერა, მათ შორის – ფინანსური უზრუნველყოფა, რამაც ეს შემოქმედებითი ვიზიტი რეალობად აქცია.
ამ დიდი წარმატების სულისჩამდგმელი, შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი და ლიდერი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების კათედრის ასისტენტ– პროფესორი ლელა გელეიშვილია. წლევანდელ ფესტივალზე მან ნამდვილი ტრიუმფი მოახდინა: 400 მონაწილიდან ორგანიზატორებმა მხოლოდ ოთხ მხატვარს მიანიჭეს პერსონალური გამოფენის მოწყობის უფლება და ერთ-ერთი სწორედ ლელა გელეიშვილი გახლდათ. მან წმინდა დომენიკოს (და წმ. ფრანჩესკო დი პაოლას) ისტორიულ ტაძარში 40-მდე ბრწყინვალე ნამუშევარი წარადგინა. გარდა ამისა, მან და პედაგოგმა მარიამ ქოროღლიშვილმა კოლეჯიო რაფაელოში გამართეს მასტერკლასები და ვორქშოფები, სადაც აღფრთოვანებული უცხოელი მაყურებლის თვალწინ, ცოცხლად შექმნეს ულამაზესი აკვარელები. ფესტივალის ორგანიზებაში ასევე აქტიურად იყო ჩართული თსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლევან სილაგაძე.

საერთაშორისო ასპაეზზე თსუ-ს სახელით გამოვიდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები: ნანიკო ბარამია, ნინი შერმადინი, ქეთევან როსტიაშვილი, ფარანძემ ასატრიანი, ანა წერეთელი, თათია მოდებაძე, მარიამ ტუღუში, გვანცა კახიძე და ანა ნაყოფია. თითოეული მათგანისთვის ეს მოგზაურობა წარუშლელი ემოციებისა და პროფესიული ზრდის წყაროდ იქცა.
მარი ტუღუში (სახვითი ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებული):
„უკვე მეორედ მივიღე ურბინოს ფესტივალში მონაწილეობა და უდიდესი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. უცხოელი მხატვრების შემოქმედებას გავეცანი, მასტერკლასებს დავესწარი – შემოქმედებითად ჩემთვის ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი დღეები იყო“.
გვანცა კახიძე (ფესტივალის სამგზის მონაწილე):
„ორგანიზატორებმა ქართველი მონაწილეები ძალიან თბილად და განსაკუთრებული ემოციებით მიგვიღეს. ჩვენც სულმოუთქმელად ველოდებით ხოლმე მათთან შეხვედრას. იქ ყოფნას უდიდესი ინსპირაცია მოაქვს მხატვრისთვის. ეცნობი ახალ ტექნიკებს, სწავლობ და იქიდან დაბრუნებული ახალ მოტივაციას იღებ, რომ შემოქმედებითად გაიზარდო და ახალი შექმნა“.
ლიზა ბეჟიაშვილი (დებიუტანტი): მისთვის ურბინოში პირველი ვიზიტი საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა უცხოელ კოლეგებთან პროფესიული კონტაქტების დასამყარებლად. უცხოელი არტისტების მუშაობის ღია პროცესზე დაკვირვება და საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია მის შემოქმედებაში ახალ ფურცელს გადაშლის.

„ურბინო აკვარელოს“ მსგავს საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა არ არის მხოლოდ გამოფენაზე სურათების წარდგენა; ეს არის კულტურათა ცოცხალი დიალოგი, სადაც ქართული ნიჭი, ხედვა და ემოცია მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას ერწყმის. ასეთი მასშტაბის გამოცდილება სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შანსს, გამოვიდნენ ლოკალური სივრციდან, დაძლიონ შემოქმედებითი ბარიერები და საკუთარი თავი გლობალურ კონტექსტში დაინახონ.
უნივერსიტეტის მხრიდან მსგავსი პროექტების ფინანსური თანადგომა კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თსუ-სთვის პრიორიტეტი არა მხოლოდ თეორიული განათლება, არამედ თავისუფალი, შემოქმედი და ფართოდ მოაზროვნე თაობების აღზრდაა. ურბინოში დატოვებული ქართული კვალი და თსუ-ს მუზეუმის კედლებში გადმოტანილი იტალიური შთაგონება იმის გარანტიაა, რომ ჩვენი სტუდენტების „წამიერი საფირონები“ სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ შემოქმედებით გამარჯვებებად იქცევა.
