თსუ-ს პროფესორებს რა საახალწლო სურვილები აქვთ, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება?

თარიღი: 2023-12-25 14:22:37

უნივერსიტეტის ყველა პროფესორს თავისი ჩანაფიქრი და სურვილი აქვს, რაც ამ კედლებში მათ ყოვლისმომცველ საქმიანობას უკავშირდება. სურვილების ,,შეგროვებას“ გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი“ ახალი, 2024 წლის განმავლობაშიც შეეცდება, რადგან გამოხატულ სურვილებში ყოველთვის ჩანს პროფესორის პოზიციაც და მისწრაფებებიც, რაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გასათვალისწინებელია. აკადემიური საზოგადოების ყველა წარმომადგენელმა სურვილებთან ერთად ყველა უნივერსიტეტელს ახალი 2024 წელი მიულოცა და წარმატებები, წინსვლა, ბედნიერება უსურვა… ჩვენ კი ყოველ მათგანს სურვილების ახდენას ვუსურვებთ და ვალს ვიხდით იმით, რომ თითოეული ჩანაფიქრის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებმა და განმახორციელებელმა პირებმა იცოდნენ…

თამარ ზარანდია,  იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თავისი აკადემიური გუნდითა და საუკეთესო სტუდენტებით, ნამდვილად გამორჩეულია იურიდიული განათლების სფეროში. მნიშვნელოვანია ფაკულტეტის სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, სასწავლო ლიტერატურის გამდიდრება და ფაკულტეტის აკადემიური გუნდის კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა. უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელი თავს უნდა გრძნობდეს დაფასებულად და ღირსეულად, როგორც ეს ეკადრება პირველ ქართულ უნივერსიტეტს. ვისურვებდი, რომ სახელფასო ანაზღაურების მიმართულებით იყოს შესაძლებელი პროფესორისა და ადმინისტრაციული გუნდის მხარდაჭერა.

მეორე კორპუსის რეაბილიტაცია დასრულდა და ბევრი გაკეთდა, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ ღირსეული გარემო სწავლისათვის. ამავდროულად, უნივერსიტეტმა მუდმივად უნდა იზრუნოს ამ გარემოს გაუმჯობესებაზე, მეტი სტუდენტური სივრცე, კარგი სტუდენტური სასადილო, უკეთესი ბიბლიოთეკა – ეს არის ის ძირითადი, რის განვითარებაზეც უნდა ვიზრუნით ყველამ ერთად.

გიორგი დგებუაძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი:

– კვლევითი საქმიანობა უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა. ჩემი, როგორც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, მიზანია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ინტერნაციონალიზაციის განვითარება. ჩვენი ფაკულტეტისთვის პრიორიტეტია ახალი შესაძლებლობების შეთავაზება აკადემიური პერსონალისთვის. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ბაკალავრის საფეხურიდანვე ჩვენი სტუდენტების ჩართვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. ასევე, ხელის შეწყობა მათთვის უნივერსიტეტის გარე აქტივობებში, როგორებიცაა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები თუ სხვა სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებები. ამისათვის, ყოველდღიურად ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტთან თუ სამეცნიერო ფონდთან ვამყარებთ კონტაქტებს, ვხვდებით ქართველ თუ უცხოელ მეცნიერებს პარტნიორობის გასაღრმავებლად და აგრეთვე მონაწილეობას ვიღებთ ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაში. მომავალი წლიდან კიდევ უფრო აქტიურად ვგეგმავთ საგრანტო პროექტების მოძიებასა და მათში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართვას, ასევე, თემატური ტრენინგების მოწყობას. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ვაპირებთ ერთობლივი პროექტების განხორციელებას უცხოურ უნივერსიტეტებთან, რაც კიდევ უფრო მეტ სტუდენტსა და აკადემიურ პერსონალს დაეხმარება პროფესიულ ზრდაში.

ბესარიონ ზოიძე, იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი:

მინდა, ახალი წელი მივულოცო ჩემს სათაყვანებელ უნივერსიტეტს და გამოვთქვა სურვილები, რაც კიდევ უფრო გააჯანსაღებს მის ორგანიზმს, კერძოდ, ვისურვებდი: 1. უნივერსიტეტის დამფუძნებელთა ღირსების შესაფერისად მოქმედებას; 2. ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში სრულ ინტეგრაციას; 3. სასწავლო-სამეცნიერო პროცესებში ნაკლებ ფორმალიზმს და მეტ თავისუფლებას; 4. საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების სრულყოფილად გამოყენებას; 5. საფაკულტეტო ავტონომიის ზრდას; 6. კოლექტიური პასუხისმგებლობის ადგილის შემცირებას; 7. ინდივიდუალური პასუხისმგებლობის (თვითპასუხისმგებლობის) ზრდას; 8. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს გაუქმებას; 9. აკადემიური პერსონალისადმი ნდობის გაძლიერებას; 10. სტუდენტისა და პროფესორის ინტერესების მუდმივ ხელშეწყობას; 11. ევროპული უნივერსიტეტების მსგავსად, უნივერსიტეტში სასადილოს მოწყობას სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი პირობებით; 12. საუნივერსიტეტო წესრიგის განსაზღვრისას აღნიშნული ფასეულობებისადმი მეტ პატივისცემას.

ლალი სურმანიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:

– მესამე მისიის რეალიზაციას ემსახურება ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ამოქმედება ფაკულტეტზე, რომლის ფარგლებშიც ფსიქოლოგიურ-საკონსულტაციო მომსახურებას იღებენ თსუ-ს სტუდენტები. ფაკულტეტი გეგმავს, ასევე, ადამიანების ფსიქოლოგიურ მომსახურებას თსუ-ს ფარგლებს გარეთაც; იგეგმება ადრეული განვითარებისა და განათლების ცენტრის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება საბავშვო ბაღების მასწავლებლების და მშობლების დატრენირებაზე ბავშვის ადრეული განვითარების ხელშეწყობის საკითხებთან დაკავშირებით; გვსურს, შევთავაზოთ ტრენინგები სკოლის მასწავლებლებს ინკლუზიური განათლების საკითხებზე; დაგეგმილია საჯარო ლექციების და შეხვედრების მომზადება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, განათლების, ბავშვის განვითარების საკითხებზე;

ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორები ორიენტირებული არიან აქტიურ თანამშრომლობაზე იუსტიციის სახლის ტრენინგ-ცენტრთან იმ მიზნით, რომ დაეხმარონ მათ თანამშრომლებს სტრესის დაძლევაში, კომუნიკაციური ჩვევებისა და ემოციური ინტელექტის განვითარებაში; საჯარო სამსახურის ბიუროსთან აქტიურდება კონტაქტები საჯარო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური გაძლიერების მიმართულებით. საზოგადოდ, ფსიქოლოგთა  საკონსულტაციო საქმიანობის გააქტიურება ძალზე მნიშვნელოვანია სოციალური ცხოვრების მრავალ სფეროში. ასევე, მნიშვნელოვან საქმედ მიგვაჩნია პოპულარული საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების შექმნა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის – სტუდენტების, მშობლებისა თუ ორგანიზაციებისთვის.

ნაზი ფარსადანიშვილი, ფსქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი:

– მნიშვნელოვანია, 2024 წელს, თსუ-სა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ კვლავ გაგრძელდეს საზოგადოების ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის ზრუნვა.

ზაქარია ქიტიაშილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი:

– თანამედროვე ციფრულმა ეპოქამ დღის წესრიგში სწავლა-სწავლების პროცესის ახალი შესაძლებლობები და, იმავდროულად, მათთან დაკავშირებული გამოწვევები დააყენა  (მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სტუდენტთა დავალებების შესრულებისას და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა, პერსონალური მონაცემების დაცვა და უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში და სხვა), რაც აუცილებელს ხდის პროფესორ-მასწავლებლების ციფრული კომპეტენციების უწყვეტ განვითარებას. სასურველია, უნივერსიტეტმა შექმნას ამ მიმართულებით აკადემიური პერსონალის გადამზადებისა და პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ქმედითი ღონისძიებები.

სასურველი იქნება შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი გრანტების პრაქტიკის აღდგენა, რომელმაც, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის შემთხვევაში, საინტერესო კვლევითი იდეების პრაქტიკული რეალიზების საშუალება მოგვცა.

სასურველი იქნება უნივერსიტეტმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის სტრატეგია შეიმუშაოს, რომელიც სკოლებთან ურთიერთობების გაღრმავების, გაფართოებისა და პედაგოგიური საზოგადოების ყოვლისმომცველი ქმედითი მხარდაჭერის განხორციელებას შესაძლებელს გახდის. 

თეონა ლოდია,  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი:

ინსტიტუტს, რომელსაც წარმოვადგენ – პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების ინსტიტუტი – ვერ ექნება თუნდაც ერთი კვლევითი პროგრამა, რომელშიც თითოეული პროფესორი ან პროფესორთა ჯგუფი სტუდენტებთან ერთად იმუშავებს, თუ მას არ ექნება სტაბილური ფინანსური უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, მაგისტრანტებსა თუ დოქტორანტებს მიეცეთ საშუალება – საველე სამუშაოებისთვის გამოიყენონ საუნივერსიტეტო დაფინანსება. ასევე, პროფესორების შემთხვევაშიც არასაკმარისია ის რესურსი, რომელსაც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გვთავაზობს. აღნიშნული გამოწვევა განსაკუთრებით აქტუალურია დღეს ჩვენი ინსტიტუტისთვის იმ პირობებში, როდესაც კლინიკური ფსიქოლოგიის ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავებით ვართ დაკავებული. ვფიქრობთ, ახალი სამაგისტრო პროგრამა საშუალებას მოგვცემს მოვამზადოთ კადრები, რომელთა კვალიფიკაცია შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან.

რუსუდან ქარსელაძე, მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიის კათედრის გამგე, პროფესორი: 

არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, აღიარებულია ჩვენი დროის პარადოქსი, კერძოდ,  ჩვენ გვაქვს საუკეთესო განათლება, მაგრამ ცუდად ვაფასებთ სიტუაციას; გვყავს ბევრი ექსპერტი, მაგრამ უფრო მეტი პრობლემაა… და მე, როგორც მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენელი, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გვყავს საუკეთესო ექიმები, გვაქვს საუკეთესო მედიცინა, მაგრამ, ამასთანავე, გვაქვს უარესი ჯანმრთელობა. „ვმატებთ წლებს ადამიანის სიცოცხლეს, მაგრამ არ ვმატებთ სიცოცხლეს წლებს“ (ჯორჯ კარლინი) და, აი, ისმის კითხვა: რის შეცვლა-გაუმჯობესებას ვისურვებდით ახალი წლიდან სასწავლო, კვლევითი და უნივერსიტეტის მესამე მისიის მიმართულებებით? დასმული კითხვის პასუხად ვისურვებდი მედიცინაში ზემოაღნიშნული პარადოქსის აღმოფხვრას საუნივერსიტეტო სასწავლო-კვლევითი მუშაობის მიმართულებით, კერძოდ, ინტეგრირებული სწავლების პროცესზე მეტი აქცენტით, რათა იმ ფუნდამენტური საგნების ცოდნა არ დარჩეს აუდიტორიებსა და სასწავლო კაბინეტებში, არამედ იგი სტუდენტებმა მომავალში წარმატებით გამოიყენონ კლინიკებში და, რაც მთავარია, დაავადებათა პრევენციის მიმართულებით.

მივესალმები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სწავლებას, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტიურად ინერგება სამედიცინო განათლების სისტემაში და ეს აუცილებელია, მაგრამ ვისურვებდი, რომ ასეთივე დოზით იყოს აქცენტირებული ჩვენი პოპულაციური თავისებურებები და შეიქმნას შესაბამისი დოზით, სტუდენტთა ჩართულობითაც კი, მეტი ნაციონალური გაიდლაინი ყველა კლინიკური მიმართულებით. ეს ყოველივე, სწორედაც რომ პირდაპირ თუ ირიბად მოემსახურება მესამე მისიის  შესაბამისად უნივერსიტეტის საქმიანობის ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესებას.

ზურაბ ჩხაიძე,  მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი:

– უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გვერდში დგომით და ხელშეწყობით,  ფაკულტეტს უკვე პირველი, საკუთარი კლინიკური ბაზა აქვს. ვისურვებდი, რომ ახალ, 2024 წელს, ეს სამედიცინო დაწესებულება, საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსით, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ახალგაზრდებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების ძირითად, ძლიერ კერად ჩამოყალიბებულიყოს; მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და დამხმარე პერსონალის სახელფასო ანაზღაურება გათანაბრებულიყოს სხვა ფაკულტეტების შესაბამის სახელფასო ანაზღაურებასთან; ისევ ძალაში შესულიყოს თსუ-ს ყველა ღვაწლმოსილი, ღირსეული პროფესორისათვის დამსახურებული ემერიტუსის სტატუსი სათანადო ფინანსური ანაზღაურებით.

გიორგი ღაღანიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი,  პროფესორი:

– 2023 წელი მნიშვნელოვანი სიახლეების წელი იყო. ფაკულტეტმა კვლავ სტუდენტთა რეკორდული რაოდენობა მიიღო ბაკალავრიატის საფეხურზე, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მისი ლიდერის პოზიციებს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.

2024 წელს მინდა რექტორთან, ადმინისტრაციასთან ერთობლივი მუშაობით გავაუმჯობესოთ მაღლივი კორპუსის ინფრასტრუქტურა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ენერგიულად დაწყებული რეფორმები იმედს გვიტოვებს, რომ სწრაფად ავამოქმედებთ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებს, კიდევ უფრო დავხვეწთ სწავლების ფორმებსა და მეთოდებს სწავლების ყველაზე საფეხურზე.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვცემს მეტ შესაძლებლობებს უფრო გავააქტიუროთ ორმაგი ხარისხის პროგრამები ჩვენს ევროპელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან.

სიმონ გელაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი:

– ჩემთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ სამსახურის ადგილი. ეს უფრო მეტად ჩემი სახლია. აქ ყოველდღე, დილიდან დაღამებამდე ვიმყოფები და როგორც შემიძლია, ისე ვზრუნავ მის განვითარებაზე. ჩემი სამუშაო კაბინეტიდან პირდაპირ მოჩანს მე-11 სასწავლო კორპუსის მიმდებარედ ჩაჟანგულ-ჩაშავებული მშენებლობის კარკასი, რომელიც უნივერსიტეტს ეკუთვნის. მისი მშენებლობა რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო, მაგრამ მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, სამწუხაროდ, დღემდე ვერ დასრულდა. ჩემი დიდი სურვილია, რომ ეს მშენებლობა დასრულდეს, ან მისი დემონტაჟი მოხდეს და მის ადგილზე ახალი სასწავლო კორპუსი, ან სტუდენტური საცხოვრებელი სახლი აშენდეს. მესმის, რომ ეს ფინანსურად რთულია ჩვენი უნივერსიტეტისთვის, მაგრამ იქნებ მთავრობამ, ან მილიონერი უნივერსიტეტელების ქველმოქმედებამ განახორციელოს ეს სურვილი. ძალიან მინდა, რომ ჩემი ეს სურვილი აუხდენელ ოცნებად არ იქცეს!

ეკა ლეკაშვილი,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი:

– განახლებულმა სტუდენტურმა სივრცეებმა დაგვანახა, რომ ახალგაზრდებს ესაჭიროებათ კომფორტული გარემო სწავლისა და დასვენებისთვის, გონებრივი ძალების აღდგენისთვის, სტუდენტური ცხოვრების გახალისებისთვის. განახლებული სამკითხველო სივრცეები და ბიბლიოთეკა – სხვადასხვა გემოვნებასა და საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული. საუნივერსიტეტო სივრცე შეძლებისდაგვარად უნდა აერთიანებდეს სწავლა-სწავლებისთვის და კვლევისთვის საჭირო აქტივობების განხორციელების შესაძლებობას. ყველა პროფესორისთვის უნდა იყოს ხელმისწავდომი  ახალი ტექნიკით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები და სამუშაო სივრცეები,  რათა ახალი მეთოდების გამოყენებით უფრო საინტერესოდ შევძლოთ ლექციებისა და სემინარების, კვლევის წარმართვა. კვლავ პრობლემურია ინტერნეტზე წვდომა აუდიტორიებში, კვების ობიექტის საკითხი…

ამასთან, როგორც ეკონომისტმა, არ შემიძლია საახალწლო სურვილებში არ გავაჟღერო მზარდი შემოსავლების საჭიროება, რაც მეტყველებს კვლევის და უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზე, პრიორიტეტულობაზე, მოტივაციაზე, ხარისხზე, კორპორატიულ კულტურაზე… შესაბამისად, მაქსიმალურად შევძლებთ ჩვენი რესურსი მოვახმაროთ უნივერსიტეტის განვითარებას და შევამციროთ ახალგაზრდა კადრების გადინება სხვა უსდ-ებში. ასევე, კორპორაციული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ორგანიზებას გავუკეთებდი ექსკურსიებს, ლაშქრობებს, თემატური კლუბების შექმნას და სხვა ღონისძიებებს.

რევაზ შანიძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:

– ჩემი აზრით, უნივერსიტეტში საჭიროა ახალი მიდგომების შემუშავება, რომელიც წაახალისებს სტუდენტების შემოქმედებითი უნარების განვითარებას და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებას. ვისურვებდი, რომ მეტი სტუდენტი ჩაერთოს იმ სამეცნიერო პროექტებში, რომლებსაც უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის  პროფესორები და კვლევითი ინსტიტუტების წამყვანი მეცნიერები ხელმძღვანელობენ. ასევე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, უნივერსიტეტმა განსაზღვროს სამეცნიერო კვლევების პრიორიტეტული მიმართულებები და იზრუნოს ამ მიმართულებების განვითარებაზე.

სანდრო ტაბატაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი:

– ვფიქრობ, სამეცნიერო კვლევების მიმართულებით ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი. მინდა, რომ მომავალ წელს გაცილებით მეტი დაიხარჯოს საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო კვლევითი გრანტების მიმართულებით, მეტ დოქტორანტსა და ახალგაზრდა მკვლევარს მიეცეს შესაძლებლობა – საკუთარი კვლევის მიგნებები ფართო საუნივერსიტეტო საზოგადოებას გააცნოს; გაიზარდოს მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და გაძლიერდეს ამ მიღწევების მხარდაჭერა; გაიზარდოს მინიმალური სამეცნიერო სტანდარტი პროფესორებისთვის, რასაც თან უნდა სდევდეს სამეცნიერო მხარდაჭერის სერვისების გაძლიერება. დაბოლოს, უფრო მეტი სტუდენტი ჩაერთოს კვლევით ღონისძიებებში…

ლადო მინაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი:

– ძალიან კარგი ახალგაზრდობა მოდის, მაგრამ ერთი კია, მათ ცოტა უფრო განსხვავებულ დროში და პირობებში უწევთ ცხოვრება და მინდა, ეს გაითვალისწინონ; ტექნიკის არნახულმა პროგრესმა, ინტერნეტმა, ციფრულმა ტექნოლოგიებმა ძალიან შეცვალა ცხოვრება. გრძნობ, რომ სწრაფად ვშორდებით წარსულს, ე.ი. თანდათან ვწყდებით ჩვენს ეროვნულ ფესვებს – ეს სახიფათოა! ადამიანმა არასოდეს უნდა დაკარგოს ეროვნულობა. სხვაგვარად იგი ადამიანურ სახესაც დაკარგავს. ჩემი სურვილია, არ მოწყდეთ ფესვებს. ამის ერთი უებარი საშუალებაა ბევრი კითხვა, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, ეროვნული ლიტერატურის, ეროვნული კლასიკის, ბუნებრივია, უცხოურთან ერთად. რა თქმა უნდა, საჭიროა კითხვა ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მისი კარგი ცოდნა; ცოდნა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიისა. სათქმელს და სურვილებს კიდევ რა გამოლევს… მაგრამ ამჯერად ეს ვიკმაროთ.

ნანა გელაშვილი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „შორეული აღმოსავლეთის – სინოლოგიის“ მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი:

– მე, როგორც ფაკულტეტის რიგითი წევრი, დამდეგ ახალი წელს – გაზაფხულის სემესტრიდან ვისურვებდი, რომ   ჩვენი ფაკულტეტის ახალ საბაკალავრო პროგრამებზე – იაპონისტიკასა და სინოლოგიაზე  (რომლებმაც წარმატებით გაიარეს აკრედიტაცია) ბევრი სტუდენტი მოსულიყოს და აკადემიური დონის სპეციალისტებად ჩამოყალიბებულიყვნენ. საამისოდ ფაკულტეტს ყველანაირი რესურსი გააჩნია, იქნება ეს კომფორტული  სასწავლო სივრცე, სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა თუ  უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა.

ანასტასია ზაქარიაძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი, ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახ. ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი:

–  უნივერსიტეტს ვუსურვებ  2024 წელსაც წარმატებით  გააგრძელოს  საინტერესო იდეების, წარმატებული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ურთიერთობების განმტკიცება, ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობების დამყარება  სამეცნიერო მიღწევების კუთხით!

ვულოცავ ჩვენს სტუდენტობას – თსუ აკადემიური კომუნის უმნიშვნელოვანეს ნაწილს! გისურვებ ულევ სიხარულს, სიკეთესა და წარმატებებს. არ მოგკლებოდეთ ინოვაციებისა და სიახლის ძიების ჟინი, შრომისმოყვარეობა. დაე, ყოველთვის გყავდეთ გვერდით სანდო მეგობრები, უფროსი კოლეგებთან, პროფესორებთან კოლაბორაციით, მათი მხარდაჭერით გისურვებთ წარმატებების მიღწევას სწავლასა და სამეცნიერო საქმიანობაში!

ვულოცავ ჩვენს ადმინისტრაციულ პერსონალს! პროფესიონალიზმი, მიზანდასახულობა,  ყურადღებიანი დამოკიდებულება ნებისმიერი აღმოცენებული პრობლემის მიმართ, გამოგარჩევთ თქვენ, როგორც გულისხმიერ და ავტორიტეტულ თანამშრომლებს. ბედნიერება და სიკეთე არ მოგკლებოდეთ. განსაკუთრებული პატივისცემით მივმართავ თსუ-ს მუზეუმის, გამომცემლობისა და გაზეთის თანამშრომლებს! მიუხედავად სიძნელეებისა, რომელიც თქვენს წინაშე დგას, მჯერა, თქვენ მიერ მოწყობილი წარმატებული ექსპოზიციები და მაღალპოლიგრაფიული დონის გამოცემები არ მოაკლდება ჩვენს უნივერსიტეტს!

ნანა გაფრინდაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი:

– მალე  მიილევა 2023 წელი, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის ნამდვილად წარმატებული, მოვლენებით მდიდარი და მრავალფეროვანი იყო. 2023 წლის მიღწევებით თამამად შეგვძლია ვიამაყოთ. ფაკულტეტი სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა. ჩვენი პროფესორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების თავდადებულმა შრომამ მშვენიერი ნაყოფი გამოიღო. წელს ფაკულტეტმა უპრეცედენტოდ ბევრი სტუდენტი მიიღო. 1756-მა ახალგაზრდამ პირველად შემოაღო თსუ-ს კარი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ფაკულტეტის ფუნქციონირებისა  და მომავალი განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისმა 27-მა საბაკალავრო, 28-მა სამაგისტრო და 5-მა სადოქტორო პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია. ჩვენ ვზრუნავთ არა მარტო ტრადიციული, არამედ ახალი დარგების განვითარებაზეც. ამაზე მეტყველებს ორი ახალი აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამა: სინოლოგია და იაპონისტიკა, რომლებზეც დიდ იმედებს ვამყარებთ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაჩვეულებრივი კოლექტივი, პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, უპირველესად, ზრუნავენ სტუდენტებზე. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, ისინი მუდმივად იღვწიან, ხელი შეუწყონ სასწავლო და სამეცნიერო პროცესების დახვეწას, საერთაშორისო კავშირების გაფართოებასა და განვითარებას, ინოვაციების დანერგვას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, ავლენენ დიდ პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობის გრძნობას.

ჩვენს პროფესორებსა და სტუდენტებს მრავალი წარმატება ჰქონდათ როგორც ჩვენი ქვეყნის ფარგლებში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი კვლავაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით!

გვიახლოვდება დღესასწაულთაგან ყველაზე ჯადოსნური, თბილი და სასურველი, შობა-ახალი წელი! სიყვარულით გილოცავთ ყველას, ყველა უნივერსიტეტელს, სტუდენტს, პროფესორს, კურსდამთავრებულს, ადმინისტრაციის თანამშრომელს და მადლობას მოგახსენებთ თქვენი დამსახურებებისათვის უნივერსიტეტის წინაშე! გისურვებთ ყველაზე თამამი და დაუჯერებელი მიზნებისა და ოცნებების ასრულებას; ჯანმრთელობას, ოპტიმიზმსა და დაუშრეტელ ენერგიას ამ მიზნების მისაღწევად, პროფესიულ და პიროვნულ ზრდასა და სრულყოფას,სულიერ სიმშვიდესა და ჰარმონიას! გისურვებთ ხვავსა და ბარაქას, სიხარულსა და ბედნიერებას თქვენს ოჯახებთან ერთად!

Facebook
Twitter
LinkedIn