თსუ-ს ბიბლიოთეკაში უსინათლო და მცირედმხედველი სტუდენტებისთვის სივრცე მოეწყო

თარიღი: 2025-05-13 20:25:07

თსუ-სა და მარბურგის უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის შედეგი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მარბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) თანამშრომლობის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა თსუ-ს ბიბლიოთეკაში უსინათლო და მცირედმხედველი სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნისაკენ. ბიბლიოთეკაში სპეციალური ტექნოლოგიებით აღჭურვილი კუთხე მოეწყო, რომელიც სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების  ხელმისაწვდომობას ზრდის.

,,ეს იყო ყველაზე ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩემს პრაქტიკაში”, – აღნიშნა მარბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა საბინე ლაუბერ პოლმა გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” საუბარში. პროფესორი ოფიციალური ვიზიტით ორჯერ ეწვია საქართველოს და უშუალოდ შეხვდა თსუ-ს ბიბლიოთეკის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს.

პროფესორი საბინე ლაუბერ პოლი მარბურგის უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტში  მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანების რეაბილიტაციისა და უწყვეტი განათლების მიმართულებით მუშაობს. ინტერვიუში მან განგვიმარტა, რომ მისი საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება როგორც თავად მარბურგის უნივერსიტეტს, ისე მარბურგის უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრ „ბლისტას”.  პროფესორმა საქართველოში თავის ვიზიტებზე უფრო ვრცლადაც გვიამბო: ,,2024 წლის ნოემბერში თსუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პრეზენტაცია ჩავატარე, რომელსაც ბიბლიოთეკის დირექტორიც ესწრებოდა. აუდიტორიის მხრიდან შეთავაზებული თემის მიმართ დიდი ინტერესი ვიგრძენი, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. თსუ-ს პირველ კორპუსშიც გვქონდა საინტერესო შეხვედრა – ვნახეთ დამხმარე ტექნოლოგიები, რომლებიც მხედველობის დარღვევის მქონე სტუდენტებისთვის შევიძინეთ. ზოგჯერ პროექტის ფარგლებში, უბრალოდ, ყიდულობ წიგნებს ან მასალებს, რომლებიც შემდეგ თაროზე რჩება და არავინ იყენებს. მომეწონა, რომ აქ ყველაფერი ბიბლიოთეკაში გადაიტანეს და ყველაფერი კეთდება, რათა სტუდენტებმა ამ ტექნიკით ისარგებლონ“.

გერმანელი პროფესორი ამბობს, რომ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადაპტაციის საკითხი მართლაც რთული და მგრძნობიარეა. აპრილში იგი თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსაც შეხვდა – ახალგაზრდებს აინტერესებდათ მარბურგის უნივერსიტეტში უსინათლოთა მხარდაჭერის თემა. საგულისხმოა, რომ პროფესორ საბინეს ბოლო ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთ მიზანსაც ემსახურებოდა – ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივ მემორანდუმს ცენტრ „ბლისტას“, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის 202-ე საჯარო სკოლას შორის.

თსუ-სა და მარბურგის უნივერსიტეტის თანამშრომლობა 2019 წელს ,,ერაზმუს +“-ის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის  – „ინოვაციები კურუკულუმში სოციალური ჩართულის მხარდასაჭერად“ – ფარგლებში დაიწყო. პროექტს 12 პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ახორციელებდა, მიზანი კი, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინკლუზიის ხარისხის გაუმჯობესება იყო. პროექტის ფარგლებში მარბურგის უნივერსიტეტი ხელს უწყობდა უსინათლო და მცირედმხედველ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან მუშაობის გაუმჯობესებას.

თსუ-ს ასოცირებული პროფესორი და CISI-ის პროექტის ხელმძღვანელი თამარ მახარაძე აღნიშნავს, რომ ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა CISI-ის პროექტის შემდეგაც აქტიურად გრძელდება. დამუშავდა ე.წ K-171 ჩარჩო შეთანხმებაც, რომელიც მოიცავს თსუ-ს განათლების, ფსიქოლოგიის, სამართლის, გეოგრაფიისა და არქეოლოგიის მიმართულებებს და შესაძლებელს ხდის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისა და  სტუდენტების მობილობას მარბურგის უნივერსიტეტში. ,,ახლა ყურადღებას ვამახვილებთ ბიბლიოთეკის მიმართულებით – როგორ გავხადოთ ის უფრო ხელმისაწვდომი მხედველობის დარღვევების მქონე სტუდენტებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ გამოცდილებას ვცვლით. თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა – განვიხილეთ ჩვენი ბიბლიოთეკის წარმომადგენლების (და, შესაძლოა, სხვა ადმინისტრაციული ერთეულების) სამომავლო ვიზიტი მარბურგის უნივერსიტეტში, სადაც ისინი ადგილზე იხილავენ – როგორ მუშაობს სისტემა. ასევე, ვგეგმავთ ვიზიტს ,,ბლისტაში”, რომელიც უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანებისთვის ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრია გერმანიაში. გერმანელი კოლეგებისგან შეგვიძლია ბევრი ვისწავლოთ”, – განაცხადა ასოცირებულმა პროფესორმა თამარ მახარაძემ.

როგორც გერმანულ, ისე ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ორივე გაუმჯობესებულ მომსახურებას შესთავაზებს არა მხოლოდ თსუ-ს სტუდენტებს, არამედ სხვა ქართულ უნივერსიტეტებსაც მისცემს მაგალითს – როგორ შეიძლება ინკლუზიური განათლების განვითარებისკენ ნაბიჯები გადაიდგას.

თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი აღნიშნავს: ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შეზღუდული მხედველობის მქონე სტუდენტებზე ზრუნვის პოლიტიკა დიდი ხნის წინ იქცა ერთ-ერთ პრიორიტეტად, ჯერ კიდევ 15 წლის წინ, ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს” დახმარებით. შეძენილ იქნა სპეციალური კომპიუტერი და პრინტერი, რამაც სტიმული მოგვცა და შევიძინეთ ბრაილის შრიფტით შექმნილი უამრავი ლიტერატურა, რომელიც დაცულია პირველი კორპუსის სამკითხველოში, საგანგებოდ გამოყოფილ სივრცეში. აქვე განთავსდა დამატებით ცენტრის მიერ გადმოცემული აპარატურა. პირადად მე, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამის ალუმნის წევრმა, წარვადგინე პროექტი და აშშ-ს საელჩომ დამიფინანსა აუდიო სტუდიის მოწყობა, რომლის დახმარებით ბიბლიოთეკაში შეიქმნა არაერთი აუდიო სახელმძღვანელო უსინათლო სტუდენტებისთვის. რექტორმა ჯაბა სამუშიამ განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოუჩინა ბიბლიოთეკას ამ მიმართულებით. თსუ-ს ადმინისტრაციის დახმარებით ყოველწლიურად ხორციელდება პროგრამა  – ,,სტუდენტები სტუდენტებისთვის“, რაც სახელმძღვანელოების ისეთ ფორმატში დამზადებას ითვალისწინებს, რომელიც უსინათლო სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის არის გამოსადეგი. საავტორო უფლებების კანონის გათვალისწინებით, ჩვენ საქპატენტისგან მოვიპოვეთ სპეციალური უფლება (მგონი, საქართველოში ჩვენ ვართ ერთადერთი ასეთი ბიბლიოთეკა), რომ კანონის დაცვით შევძლოთ უახლესი ლიტერატურის სათანადო ასლების დამზადება. ბუნებრივია, საინტერესოა ევროპული გამოცდილების გაზიარება. ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლეთ გერმანელ კოლეგას და, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გზებიც“.

Facebook
Twitter
LinkedIn