თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ლიმესის საერთაშორისო კონგრესზე

თარიღი: 2024-09-23 16:24:45

8-14 სექტემბერს ქალაქ ბათუმში, საქართველოში პირველად, ჩატარდა ლიმესის (რომაული საზღვრების შემსწავლელი) 26-ე საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც 42 ქვეყნის 350 მეცნიერი იღებდა მონაწილეობას. კონგრესის ორგანიზატორები იყვნენ: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრო,  ვარშავის უნივერსიტეტის მედიტერანული არქეოლოგიის  პოლონური ცენტრი, ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტი  და სხვ.

ლიმესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიულ-არქეოლოგიური კონფერენცია ევროპაში, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება. პირველი კონგრესი 1949 წელს ნიუკასლში (გაერთიანებული სამეფო) გაიმართა, ხოლო 2022 წელს კონგრესს მასპინძლობდა ნეიმეგენი (ნიდერლანდები).  კონგრესის  სამეცნიერო კომიტეტი დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერებითა და მკვლევრებით.

რომაული ლიმესი (საზღვარი) ანტიკურ ხანაში ევროპას ერთ მუშტად კრავდა. პონტოს (შავი ზღვის) საზღვარი რომაული ლიმესის ნაწილი იყო. გამოდის, რომ საქართველო ყოველთვის ევროპის ნაწილად ფიგურირებდა. შესაბამისად, საკითხის შესწავლა და კვლევა ძალზედ აქტუალურია თანამედროვე კონიუნქტურისთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონგრესის სამეცნიერო კომიტეტმა შეარჩია 5 მოხსენება. თსუ-დან მომხსენებლები იყვნენ: პროფესორი თედო დუნდუა, ასოცირებული პროფესორი ეკატერინე კობახიძე, ასოცირებული პროფესორი ნინო სილაგაძე, ასისტენტ  პროფესორი ნათია ფიფია, დოქტორანტები ლანა ჩოლოგაური და დავით გაგოშიძე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მოხსენებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, გამოსვლებს ახლდა კითხვა-პასუხი და დისკუსია.

Facebook
Twitter
LinkedIn