რას იხსენებენ თსუ-ზე მისი კურსდამთავრებული მასწავლებლები და როგორ ზრდიან ახალ თაობას

თარიღი: 2024-04-29 12:19:30

თსუ-ს კურსდამთავრებულები, რომლებიც დღეს უკვე მასწავლებლების ამპლუაში არიან და ზრდიან მომავალ თაობას, 22 აპრილს, სასტუმრო ბილტმორში, საქართველოს ეროვნული არქივისა და იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული ინტელექტუალური შეჯიბრის – ,,რა? სად? როდის?” – ფარგლებში შეიკრიბნენ და სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. ფოტოზე წარწარებით ისინი გამოკვეთდნენ იმას, რომ თითოეულმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ის, რაც უნივერსიტეტისგან მიიღეს, მათთვის თვითრეალიზების კარგი საშუალებაა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 178-ე და გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის 182-ე საჯარო სკოლების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი  გოგა ჭანტურია  ამბობს: ჩვენ ვართ უნივერსიტეტელები, რომლებმაც ძალიან დიდი დრო გავატარეთ ერთად, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში. უნივერსიტეტში დავმეგობრდით და მას შემდეგ გვაკავშირებს ბევრი მოგონება, რომელიც სტუდენტობის წლებში გადაგვხდა თავს. ახალ გარემოში, ახალ ადამიანებთან მოხვედრილმა პირველკურსელებმა ბევრი გამოცდილება დავაგროვეთ დღემდე და მოვედით აქამდე.  ახლა უკვე დაგროვილი ცოდნით, მიღებული განათლებით, ახალი და საინტერესო ხალხისგან გაზიარებული სიახლეებით დატვირთულები, როგორც მასწავლებლები, ჩვენს მოსწავლეებთან ერთად შევხვდით ერთმანეთს.  გავიხსენეთ ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი – თსუ, ბევრი საინტერესო, აქტიური, შემოქმედებითი დღე და გაგვიჩნდა სურვილი – ეს განცდები, ემოციები, რაც იმ წამს ვიგრძენით,  აღბეჭდილიყო ფოტოზე. ასე შეიქმნა  კადრი, სადაც, რამდენიმე წლის წინ, თსუ-ს პირველკურსელი –  ბევრ სიახლეს შეჭიდებული სტუდენტები – დღეს უკვე თავის მოსწავლეებთან ერთად აღმოჩნდნენ“.

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის მაგისტრი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის დოქტორანტი,  ისტორიის მასწავლებელი ლიკა ბედოშვილი ჩვენთან საუბარში იხსენებს, თუ რა მისცა უნივერსიტეტმა და რა პრინციპებით ზრდის ახლა უკვე ახალ თაობას.

,,ვარ ისტორიის მასწავლებელი კერძო სკოლა „ლილეში.“ შესაბამისად, ყოველდღიურად ვიყენებ იმ თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას და უნარებს, რაც უნივერსიტეტმა მომცა. როგორც ჯონ კოტონ დანა იტყოდა: „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“. ეს ფრაზა, ჩემი, როგორც მასწავლებლის, დევიზია. მასწავლებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან შენს ხელშია მოსწავლის დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბება. ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი, რომ უყვარდეთ საკუთარი სამშობლო, იყვნენ შინაგანად თავისუფალნი, ყველა საკითხს უყურონ კრიტიკული თვალით, იფიქრონ შემოქმედებითად, არ შეუშინდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და ყოველთვის იამაყონ საკუთარი მიღწევებით“, – ამბობს ლიკა.

,,ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის რეალიზებისთვის არის თავდაჯერებულობა,  რაც ნამდვილად გამომიმუშავდა თსუში გატარებული დროის მანძილზე. იყო ბევრი პროექტი, ექსკურსია, ექსპედიცია, შიდა და გარე გასვლითი ღონისძიება, საჯარო ლექცია, ინტელექტუალური თამაში… ყველა ეს ჩამოთვლილი აქტივობა აუმჯობესებს უნარს, რომელიც განვითარებაში, წინსვლაში ეხმარება მოზარდს. დღეს კი ვცდილობ – მიღებული გამოცდილება გავუზიარო ჩემს მოსწავლეებს, რომ მათაც დავეხმარო რეალიზებაში. შესაბამისად, თსუ-ში  ვისწავლე ის, რასაც დღეს ვასწავლი მოზარდებს.

თსუ-ს საიუბილეო გამოშვებაზე, როდესაც მთელი ერთი საუკუნე შესრულდა ცოდნის ტაძრის არსებობიდან,  ჩემს  მაისურზე აღმოჩნდა წარწერა: ,,გოგა, შენში ვხედავ პოტენციალს, დროს გაძლევ,  10 წლის შემდეგ ვისაუბროთ’’… ეს წარწერა ისტორიის ერთ-ერთი ლექტორის შთამაგონებელი სიტყვები აღმოჩნდა ჩემთვის, რომელიც არ დამავიწყდება და არც იმ 10 წლის მოლოდინს დამავიწყებს…“, – ასე მსჯელობს გოგა ჭანტურია, რომელიც თავისი პოტენციალის განვითარებას მასწავლებლის ამპლუაში ხედავს.

თსუ-ს კურსდამთავრებული, ისტორიის მაგისტრი, სკოლის მასწავლებელი ვიტალი მაჭავარიანი კი გვიხსნით, თუ რა არის მისთვის მთავარი, რასაც დღეს მოსწავლეებს ასწავლის: ,,მახსოვს, სტუდენტობის დროს, როდესაც უცხო ადამიანი გაიგებდა –  ისტორიულზე ვსწავლობდი, პირველი რეაქცია იყო  ,,რამდენი წელი გეცოდინება”… სამწუხაროდ, დღესაც კი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ისტორია მხოლოდ დიდი ბრძოლებისა თუ მეფეების მმართველობის წლებთან ასოცირდება, რაც არასწორია. მეტად მნიშვნელოვანია ისტორიულ მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის განვითარება, წყაროების გარჩევა… ვფიქრობ, ასე დანახული ისტორია უფრო მეტს აძლევს მოსწავლეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია – მოსწავლემ დაინახოს, თუ რამდენად გასაფრთხილებელია თავისუფლება, გაიაზროს  – რას ნიშნავს პატრიოტიზმი, ტოლერანტობა, სხვისი აზრის პატივისცემა და იცოდეს, რომ ,,განათლება საგანძურია, შრომა კი მისი გასაღები”.

Facebook
Twitter
LinkedIn