თსუ-ს კურსდამთავრებული  გიორგი შალამბერიძე სწავლას ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის  სამართლის სკოლაში აგრძელებს

თარიღი: 2023-05-05 13:14:56

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კურსდამთავრებული  გიორგი შალამბერიძე სწავლას  ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის  ( აშშ, ვაშინგტონი) სამართლის სკოლაში აგრძელებს სრული დაფინანსებით.    500-ზე მეტ თანაკურსელთა შორის მას ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიპენდია დაუნიშნეს.  ჯორჯთაუნის გარდა,   გიორგი  პენსილვანიის, ჩიკაგოს, ბერკლის, ემორის, ტეხასის, ვირჯინიის, ნორთვესტერნის უნივერსიტეტებში და UCLA Office of Equity, Diversity and Inclusion-შიც მიიღეს, მაგრამ  საბოლოო არჩევანი,  საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტზე შეაჩერა.

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი – რატომ, მაგრამ სულ ვიცოდი, რომ სამართალმცოდნეობაზე  ჩავაბარებდი. გარკვეულწილად, ეს იყო „შინაგანი ძახილი“, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა ვიყავი იმისთვის,  რომ იურიდიული პროფესიის პლიუსები და მინუსები გამეანალიზებინა.  თუმცა დღესაც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი“, – ამბობს გიორგი შალამბერიძე, რადგან იცის, რომ ჯორჯთაუნის სამართლის სკოლა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე და  აშშ-ში ყველაზე დიდი სკოლაა.  როგორც თვითონ ამბობს – ჯორჯთაუნის სამართლის სკოლა მსოფლიო პოლიტიკის და, გარკვეულწილად, ბიზნესის ჰაბია. „ის ფაქტი, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამართლის სკოლაა, იძლევა ძალიან ბევრი კოლეგის,  მეგობრის, თანამოაზრის  შეძენის   საშუალებას, რაც, ვფიქრობ, უცხოეთში სწავლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლიუსია. ასევე, უნიკალური შესაძლებლობა მაქვს გავიცნო  სხვა ქვეყნების კულტურები. მხოლოდ ჩემს პროგრამაზე სწავლობს  600-ზე მეტი ადამიანი – წარმოდგენილია ყველა კონტინენტი და თითქმის ყველა კულტურა. აქ გავიცანი არაერთი ადამიანი, რომლებიც  წამყვან კერძო კომპანიასა  თუ საჯარო სექტორში მუშაობს  და მათგან ბევრი რამ ვისწავლე“, – აცხადებს გიორგი, რომელიც  ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლის დროს ახერხებდა დასწრებოდა ლექციებს თუ სხვადასხვა ღონისძიებებს ბიზნესისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში. 

„მოლოდინი დიდი მქონდა, რომ ვისწავლიდი ძალიან კონკურენტულ, მულტიკულტურულ და დინამიკურ გარემოში და ასეც მოხდა. გარდა ამისა, წვდომა მაქვს უნივერსიტეტის  კურსდამთავრებულებთან, რაც ბევრ კარს მიღებს…“ – ამბობს გიორგი, რომელიც საზღვარგარეთ   პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე თანატოლებს ურჩევს, რომ  წინასწარ  გააანალიზონ   – რა გამოწვევების წინაშე აყენებს მათ  საზღვარგარეთ  ცოდნის მიღება.

„საზღვარგარეთ სწავლის დაწყება მოითხოვს დიდი რესურსის ინვესტირებას.  არჩეული უნივერსიტეტის შეფასებისას, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მისი სახელი, ადგილმდებარეობა და პროგრამაზე სტუდენტების რაოდენობაა“, – გვირჩევს  გიორგი, რომელიც დიდ მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქ გატარებული წლებისათვის.

 „თსუ-ში გატარებულმა წლებმა საკუთარ თავზე მუშაობა და  დისციპლინა მასწავლა, განმივითარა ხედვა ჩემს პროფესიულ კარიერაზე და, ალბათ, რაც ყველაზე მთავარია, საშუალება მომცა გამეცნო ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანი.  უცხოეთში სწავლისას კიდევ უფრო დავაფასე თსუ, მისი პროფესორები და სტუდენტები.“

თსუ-ში  სწავლასთან ერთად  გიორგი მუშაობასაც ახერხებდა. კურსელებთან ერთად   იურიდიული კომპანია LBP Law Office დააარსა.  

„ჩვენი მიზანი იყო ისეთი კომპანიის შექმნა, რომელიც საზოგადოებისათვისაც იქნებოდა სარგებლის მომტანი და არ შემოიფარგლობოდა კერძო ინტერესით. ამ მოტივაციით, განვახორციელეთ არაერთი პრო ბონო (საზოგადოების საკეთილდღეო) პროექტი, გავაფორმეთ მემორანდუმები სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თუ სტუდენტურ ორგანიზაციებთან და ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას“, – ამბობს გიორგი შალამბერიძე,  რომელიც  იმ ახალგაზრდებზეც ფიქრობს, ვინც კარიერის აწყობას უცხოეთში ცდილობს და სამშობლოში არ ბრუნდება. 

„კარგად მესმის, რატომ სურს ბევრ ახალგაზრდას კარიერის საზღვარგარეთ აწყობა და გაგრძელება. საქართველომ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბევრ მოვლენას გაუძლო, რამაც დააზარალა ჩვენი ეკონომიკა. პირადად მე, საკუთარ თავს საქართველოში  ვხედავ და მინდა   საკუთარი წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის განვითარებაში. მინდა, მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო იმ გარემოს, სადაც ვიცხოვრებ,  ჯერჯერობით კი,  საკუთარ თავს  კერძო სექტორში ვხედავ“, – აცხადებს გიორგი შალამბერიძე, რომელიც დიდ მადლობას უხდის განათლების საერთაშორისო ცენტრს და  ყველა  იმ ადამიანს, ვინც თავისი რჩევით, რეკომენდაციით თუ მხარდაჭერით დაეხმარა მას პროფესიული ცოდნა  ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მიეღო.   

Facebook
Twitter
LinkedIn